09:13:04     15-06-2012
ნუგზარ წიკლაური: ხიზრი ალდამოვს, როგორც საზოგადო მოღვაწეს, არავითარი ფასი აღარ აქვს …

პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „იჩქერიის პრეზიდენტის“ ჯოხარ დუდაევის წარმომადგენელის საქართველოში, ხიზრი ალდამოვის, როგორც პოლიტიკოსის ფასი – ნულის ტოლია, რადგან მან ჩეჩნეთში დაბრუნებით, ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობასა და თავის თანამებრძოლებს უღალატა და ბინა რუსეთის სპეცსამსახურებში დაიდო.
როგორც პრესა.ჯის წიკლაურმა განუცხადა, ალდამოვმა თავის 25 წლიან ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე პრაქტიკულად უარი თქვა.
მისი შეფასებით, ალდამოვის მიერ პოზიციების შეცვლა რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ჩეჩნური წარმომადგენლობის მიერ მოწყობილ პროპაგანდისტულ აქციას უკავშირდება.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში, ალდამოვი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად აღარ მონაწილეობდა. მას პირადად ვიცნობდი კიდეც, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის აღარც კი მინახავს. ფაქტია, რომ ალდამოვმა თავისი განცხადებით თავის 25 წლის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე უარი თქვა. თუმცა, როდესაც, ადამიანი თავის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით ამბობს უარს, რა თქმა უნდა, აქ ეჭვი ჩნდება, რომ ეს არ არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება და სხვა მოტივაცია არსებობს. ამ მოტივაციას კი ფარდა მისმა განცხადებამ ახადა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება. ამ განცხადების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურებისა და მათი ჩეჩნური წარმომადგენლობის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციაა“, – აცხადებს დეპუტატი.
კანონმდებელის მოსაზრებით, ალდამოვის გადაწყვეტილების უკან, რუსული სპეცსამსახურების გარდა, შეიძლება ფინანსური დაინტერესებაც იყოს.
„კადიროვი ისეთი სურათის დახატვას ცდილობს, თითქოს ჩეჩნეთში ყველაფერი ყვავის და ქვეყანა შენდება, მაგრამ რეალურად, იქ ადამიანის უფლებები ირღვევა და ცნობილი ფაქტია, რომ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, მის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე ზეწოლა ხორციელდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ალდამოვის შემთხვევაშიც ასე მოხდა, მაგრამ შეიძლება ადგილი ფინანსურ დაინტერესებასაც ჰქონდეს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
რაც შეეხება იმ საკითხს, მოსალოდნელია თუ არა, რომ რუსეთმა ალდამოვი გამოიყენოს და მას საქართველოს მისამართით პროვოკაციული განცხადებები გააკეთებინოს, წიკლაური ამბობს, რომ ალდამოვი რაიმე ისეთი ტიპის ინფორმაციას არ ფლობს, რომელიც შესაძლოა, მას რამეში გამოადგეს.
„ქართულ მხარეს არაერთხელ მოუსმენია საქართველოში საიდუმლო სამხედრო ბაზების არსებობისა და ტერორისტების მომზადების შესახებ განცხადებები, თუმცა ამის აღარც მათ სჯერათ, ვინც მსგავს ინფორმაციებს ავრცელებს, ამავდროულად კი, ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ როგორც პანკისის ხეობაში, ისე ნებისმიერ ადგილას მონიტორინგი განახორციელონ და ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. რაც შეეხება ალდამოვს, მას როგორც საზოგადო მოღვაწეს არავითარი ფასი აღარ აქვს, რადგან მან ჩეჩნურ წინააღმდეგობის მოძრაობასა და თავის თანამებრძოლებს უღალატა და რუსეთის სამსახურში ჩადგა. შეგვიძლია ამ ადამიანის მხოლოდ წარსულზე ვისაუბროთ, რადგან მისი ფასი ნულის ტოლია“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ალდამოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვსაც შეხვდა და აღიარა, რომ „სურს, დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გაატაროს და საკუთარი ხალხისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს“.
0