08:29:19     15-06-2012
პუტინმა „გამალებული შეიარაღება“ ბრძანა
ვლადიმერ პუტინი ქვეყნის გარეთ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ მან სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების შესრულების საკითხზე გამართულ თათბირზე განაცხადა.
„უნდა გადავწყვიტოთ ამოცანები, მათ შორის, რუსეთის საზღვრებს გარეთ“ - განაცხადა პუტინმა და სასწრაფოდ შორეული ავიაციის განვითარება ბრძანა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 100 წლის იუბილესთვის კი სამხედროებს 1000 ახალ ვერტმფრენსა და 600 თვითმფრინავს დაპირდა.
პუტინმა ახალ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე მუშაობის დაწყებაც დააანონსა.
თუმცა ახალი პირველი ახალი ასეთი ბომბდამშენი რუსეთის არმიას 2025 წლამდე ვერ ეყოლება. ამის შესახებ შორეული ავიაციის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა ანატოლი ჟიხარევმა განაცხადა.
ამ დროისთვის რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაში 32 ბომბდამშენი Ту-95МС6, 31 Ту-95МС16 და 13 Ту-160 ჰყავთ, რომლებსაც 850 ფრთოსან რაკეტაზე მეტის ზიდვა შეუძლიათ. თუმცა პუტინმა ისიც განაცხადა, რომ უკვე არსებული ტექნიკის ექსპლუატაციის ვადების უსასრულოდ გაჭიანურება უკვე შეუძლებელია, თუმცა სტრატეგიული რაკეტმზიდების Ту-160 და Ту-95МС მოდერნიზება, მისი თქმით, დასაშვებია.
ამ რამოდენიმე დღის წინ კი თავდაცვის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებსა და ავიამშენებელ კომპანიას ახალი სტრატეგიული თვითმფრინავის სერიული წარმოება დიმიტრი მედვედევმა დაავალა. სტრატეგიული ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის არმიამ შეიარაღებაში უნდა მიიღოს ახალი ტექნიკა. ჯერჯერობით, ტექნიკა 30%-ით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში კი 70% უნდა განახლდეს.
„საჭიროა ახალი „სტრატეგი“, სამხედროები უნდა ჩამოყალიბდნენ შორეული ავიაციის ბომბდამშენის ტიპზე, რაოდენობაზე… უნდა გადაწყდეს სერიული წარმოების საკითხი“ - განაცხადა მედვედევმა.
ეს განცხადებები ყაზანის ავიამშენებელი გაერთიანების თანამშრომლებთან თათბირისას გაკეთდა. მანამდე კი მედვედევმა ქარხნის ანგრები დაათვალიერა. აქ ამჟამად სტრატეგიული ბომბდამშენების - Ту-160-ისა და რაკეტმზიდი Ту -22 М3-ის მოდერნიზაცია მიმდინარეობს. როგორც „ლაიფ-ნიუსი“ წერს, ასეთი მანქანები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 393-ე საავიაციო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა დღეს ჯარისკაცები „გამალებული შეიარაღების“ დაწყებითაც გაამხნევა, დასავლეთს კი ამ ტერმინოლოგიის გამოყენებით მუქარა შეუთვალა.
„გამალებული შეიარაღება“ რუსეთის პასუხი იქნება ევროპულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებზე.
„ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება ადექვატური რეაქციისთვის“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ და დროულად მოვახდინოთ რეაგირება… რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი პარტნიორები ამას არ გააკეთებენ, რადგან ეს ჩვენს საპასუხო რეაქციას გამოიწვევს… რა ტერმინებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპერირება, ეს ყველა შემთხვევაში გამალებული შეიარაღების ელემენტებია“ - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს მისი არჩევანი არ არის.
ერთი თვის წინ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმაც განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას, შექმნას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელსაc რაგოზინის თქმით „სტრატეგიული ბალანსის დარღვევა შეუძლია“. 0