16:38:01     14-06-2012
„ჯავახკ“ – ბიძინას დასაყრდენი სამცხე–ჯავახეთში
ორი დღის წინ, ოლიგარქის „მეოცნებეები“, სამცხე–ჯავახეთს ესტუმრნენ და შუშის სასახლის რეგიონალური ფილიალი გახსნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, როგორც ცნობილია, ივანიშვილს დიდი აღფრთოვანებით არავინ შეგებებია. მეტიც, მას რიგ შემთხვევებში მოსახლეობა უკმაყოფილო შეძახილებით დახვდა ან სრული იგნორი გაუკეთა. ოლიგარქის მეოცნებეთა პარტიამაც „ჭკუა ისწავლა“ და ახლა თბილისის გარეთ, სოლიდური დელეგაციით მიდიან, რათა ბიძინას ფეისბუქის ალბომებისათვის საჭირო, საკმარისი ვიზუალური მასალა ჰქონდეთ.
სამცხე–ჯავახეთსაც ოლიგარქის პარლამენტიორები მრავალრიცხოვანი შემადგენლობით ესტუმრნენ. მეოცნებეებს გოგლა ჟვანია და იური მეჩითოვი წინამძღოლობდნენ. თუმცა, საქართველოს სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ჯავახეთში მათ ოდიოზური საზოგადოების ერთი ნაწილი მოუთმენლად და დიდი ინტერესით ელოდა... სწორედ მათ უმასპინძლეს შუშის სასახლიდან წარგზავნილებს.
საქმე ეხება ადგილობრივ მოექსტრემისტო დაჯგუფებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ „ჯავახკის“ სახელით იცნობენ. ეს დაჯგუფება თავად რეგიონის ეთნიკურ ქართველ და სომეხ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. ადგილობრივი ქართველები და სომხები მათ პროვოკატორებად, სიტუაციის ამრევებად და საეჭვო მიზნების მქონე გაერთიანებებად თვლიან..
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები, რომ „ჯავახკს“ და მის ლიდერებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩრდილოეთში მოღვაწე გარკვეულ სუბიექტებთან და ძალებთან. მით უმეტეს, რომ რუსეთშიც არსებობს ანალოგიური ტიპის გაერთიანება, რომელიც მცირე ხნის წინ ყარაბაღის კონფლიქტში რუსული ჯარის ჩარევის მოთხოვნით გამოვიდა.
ალბათ, არაფერია უცნაური იმაში, რომ წარუმატებელი ტურნეს შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის ეთნიკურ ქართველ და სომეხ მოსახლეობაში, ივანიშვილმა დასაყრდენი სწორედ რუსეთთან კავშირში ეჭვმიტანილ მოექსტრემისტო გაერთიანებაზე გააკეთა, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ამ რეგიონში მისი მთავარი საყრდენი უნდა გახდეს... „ბიზნესის“ გაყიდვის“ მიუხედავად, ოლიგარქისათვის რუსული ვექტორი რომ ისევ მთავარია, ამაში დარწმუნებას დიდი ძიება და ლოგიკა არ სჭირდება... ივანიშვილი საყრდენს კვლავ ჩრდილოეთში და მისგან მართულ ადგილობრივ ძალებში ეძებს, რადგან მშვენივრად ხედავს, რომ სხვა კატეგორიასთან მას უბრალოდ არანაირი შანსი არ აქვს...
0