11:19:01     14-06-2012
ჰილარი კლინტონმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა პიკს აღწევს. ექსპერტთა ვარაუდით, რომ არა ბაშარ ასადის რეჟიმისადმი კრემლის სამხედრო დახმარება, სირიაში სისხლისღვრა კარგა ხნის წინ იქნებოდა შეწყვეტილი. სამწუხაროდ, მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ახლა იქ საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის და რეჟიმისადმი მხარდაჭერასა და დახმარებას არ შეწყვეტს. ამიტომაც მსოფლიო თანამეგობრობა უკვე რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკაზე გადავიდა.
„ბი–ბი–სის“ ცნობით, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი სირიასთან მიმართებაში პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ მან, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა დაკარგოს.
სირიის კონფლიქტის გამო რუსეთზე ზეგავლენის მოხდენით, მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს მოსკოვი დაარწმუნოს, რომ მან პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია დაიკავოს.
კერძოდ, საფრანგეთი მზადაა გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართოს, რომ სირიაში სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით გაეროს სპეცწარმომადგენლის, კოფი ანანისა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ შეთავაზებული წინადდებების მიხედვით ერთიანი გეგმა შემუშავდეს, რომელიც დაპირისპირებულმა მხარეებმა აუცილებელად უნდა შეასრულონ.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი, რომელიც გაერო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს, სირიის წინააღმდეგ ძალისმიერი სანქციის გამოყენებას არ დაეთანხება. სავარაუდოდ ანალოგიურ პოზიციას დაიკავებს, ალბათ, ჩინეთიც.
სერგეი ლავროვმა სირიის წინააღმდეგ გაეროს წესდების მე–7 მუხლის გამოყენება გამორიცხა.
მისი თქმით, რუსეთმა არ შეიძლება მხედველობაში არ მიიღოს ის გარემოებანი, რაც ლიბიაში გაეროს ჩარევის შემდეგ მოხდა, როცა „ნატოს ქვეყნებმა“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იგნორირება მოახდინეს.
თავის მხრივ, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მოსკოვი დამასკოს რეჟიმის სამხედრო ვერტმფრენებით მომარაგებაში დაადანაშაულა. ცხადია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლავროვმა კლინტონის ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სირიისთვის იარაღის მიწოდება არ ეწინააღმდეგება „ჰაერსაწინააღნდეგო თავდაცვის სისტემათა შესახებ“ არსებულ საერთაშორისო კანონმდებლობას.
კლინტონმა განაცხადა, რომ სირიაში სიტუაცია სამოქალაქო ომისკენ იხრება. მისგან განსხვავებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა პირდაპირ აღნიშნა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი უკვე მიმდინარეობს.
უნდა ითქვას, რომ სირიის ოპოზიციის აქტივისტთა მონაცემებით, მხოლოდ 13 ივნისს იქ უკვე მოკლულიქნა 40–ზე მეტი კაცი, მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალების 27 თანამშრომელი დაიღუპა. საერთაშორისო სამართალდაცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International–მა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა სირიის კონფლიქტი განსახილველად ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცეს. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან, ანუ 2011 წლის მარტიდან სირიაში 9 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა.
0