ილარიონოვი პუტინზე: ის დადიოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მძღოლობას სთავაზობდა ილარიონოვი პუტინზე: ის დადიოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მძღოლობას სთავაზობდა />


  08:28:51     14-06-2012

ილარიონოვი პუტინზე: ის დადიოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მძღოლობას სთავაზობდა

a19072.jpg

ვლადიმერ პუტინმა თავისი კარიერა სანკტ-პეტერბურგის მერიაში იმით დაიწყო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი თავი მძღოლად შესთავაზა. ამის შესახებ თავის ბლოგზე ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი წერს, რომელიც თავის მხრივ, 1998 წელს მოკლული რუსი საზოგადო მოღვაწისა და უფლებადამცველის, გალინა სტაროვოიტოვას მონაყოლს ეყრდნობა.

ილარიონოვი წერს, რომ ერთხელ, 1990 წლის გაზაფხულზე, რომელიღაც საჯარო ღონისძიების დასრულების შემდეგ, რომელშიც სტაროვოიტოვა მონაწილეობდა (ის ადრე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი იყო), მასთან მივიდა არცთუ დასამახსოვრებელი სახის ახალგაზრდა მამაკაცი და უთხრა:

„პატივცემულო გალინა ვასილევნა! მე ძალიან მომწონს, რასაც თქვენ ამბობთ და რასაც აკეთებთ. ძალიან მინდა რამით დაგეხმაროთ! სამწუხაროდ, არანაირი განსაკუთრებული საშუალებები ამისთვის არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს მანქანა. მე შემიძლია თქვენთან მძღოლად ვიმუშაო - გატაროთ, სადაც საჭიროა, შეხვედრებზე, თქვენს საქმეებზე. და არ არის საჭირო, რომ გადამიხადოთ - ჩემთვის საკმარისი იქნება ისიც, რომ შევძლებ, უბრალოდ, დაგეხმაროთ თქვენ“.

ბრძენმა გალინამ ვასილევნამ ყურადღებით შეხედა ახალგაზრდა მამაკაცს თვალებში და მტკიცედ უპასუხა: „გმადლობთ, არ არის საჭირო. როგორღაც მეტროთი …“ - წერს ილარიონოვი.

სტაროვოიტოვას შემდეგ, როგორც ილარიონოვი წერს, ანალოგიური თხოვნით იმავე ახალგაზრდა მამაკაცმა ახლა საბჭოთა კავშირის დეპუტატს ანატოლი სობჩაკს მიაკითხა, ასევე საჯარო ღონისძიების შემდეგ და იგივე ტექსტით იგივე შესთავაზა:

„პატივცემულო ანატოლი ალექსანდროვიჩ! მე ძალიან მომწონს,  რასაც თქვენ ამბობთ და რასაც აკეთებთ. ძალიან მინდა რამით დაგეხმაროთ! სამწუხაროდ, არანაირი განსაკუთრებული საშუალებები ამისთვის არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს მანქანა. მე შემიძლია თქვენთან მძღოლად ვიმუშაო - გატაროთ, სადაც საჭიროა, შეხვედრებზე, თქვენს საქმეებზე. და არ არის საჭირო, რომ გადამიხადოთ - ჩემთვის საკმარისი იქნება ისიც, რომ შევძლებ, უბრალოდ, დაგეხმაროთ თქვენ“.

სობჩაკმაც შეხედა ახალგაზრდა კაცს და ჰკითხა: „თანაშემწედ წამოხვალთ?“ „კი“ - იყო პასუხი, თუმცა ახალგაზრდა უცნობმა იქვე გაუმხილა, რომ „ადრე „კგბ-ში ვმუშაობდი, მაგრამ ეხლა იქ აღარ ვმუშაობ“.

„მართლა?“ - ჩაფიქრდა სობჩაკი, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ  კი გადაჭრით განაცხადა - „მერე რა, ეშმაკსაც წაუღია!“

ასე გახდა ილარიონოვის თქმით, პუტინი, ანატოლი სობჩაკის თანაშემწე. ეს ვერსია რადიკალურად განსხვავდება ოფიციალური ვერსიისგან, რომლის თანახმადაც სობჩაკმა თავად მოითხოვა ახალგაზრდა პუტინის გაცნობა, როცა ეს უკანასკნელი ლინინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კავშირებს კურირებდა და თითქმოს, ის, სობჩაკმა თავის კაბინეტში მიიღო და მერიაში სამსახური შესთავაზა.

0

ავტორი: