სტრასბურგი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას იწყებს სტრასბურგი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას იწყებს />


  11:42:27     13-06-2012

სტრასბურგი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას იწყებს

a19049.jpg

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვას იწყებს.

საუბარია 2006 წელს ქართველების მასობრივ დეპორტაციაზე რუსეთიდან, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 2006 წლის 27 სექტემბერს, თბილისმა, 4 რუსი ოფიცერი საქართველოს წინააღმდეგ შპიონაჟში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ მოსკოვმა საქართველოზე ზეწოლის გზად ეთნიკური ქართველების დევნის მეთოდი აირჩია. ევროპის სასამართლოში საქართველომ სარჩელი ჯერ კიდევ 2007 წელს შეიტანა, რამდენადაც ეთნიკური ქართველების დევნას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ამ დევნის პროცესში უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. ეს იყო სისტემური და მიზანმიმართული დევნა, რაც რუსეთის მხრიდან განხორციელდა, როგორც საქართველოზე შურისძიების ფაქტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, ეს საქმე ნათლად ასახავს ქართველი ხალხის მიმართ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ წარმოებულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას და ამდენად, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანს, რამდენადაც ქართველთა უფლებები მაშინ ღიად და აშკარად დაირღვა.

ქართველებზე ნადირობა მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. რუსი სამართალდამცველები სტიქიურად შეესივნენ იმ ადგილებს, სადაც საქართველოდან ჩასული ადამიანები მუშაობდნენ და ისინი პირდაპირ პოლიციის განყოფილებებში წაიყვანეს, სადაც ყოველგვარი წესისა და კანონის დაცვის გარეშე ჰყავდათ დაკავებული, იქიდან კი მიმღებ-გამანაწილებლებში გადაჰყავდათ. მოგვიანებით განაცხადეს, რომ ყველა ქართველს სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია.

მოსკოვში ყველა ობიექტი, სადაც კი ქართველები მუშაობდნენ, დაკეტეს, მათ შორის, საქართველოს საკონსულოც, სადაც დახმარებისთვის მისულ ქართველებს რუსი პოლიციელები ხვდებოდნენ და აკავებდნენ.

სამართალდამცველები მოსწავლეთა სიებს ითხოვდნენ სკოლებიდან, სადაც შემდგომ იბარებდნენ ქართველი ბავშვების მშობლებს და შვილებთან ერთად აპატიმრებდნენ. ადამიანებმა საკუთარი ნივთების მოგროვებაც კი ვერ მოახერხეს, ისე მოხდა მათი დეპორტაცია - სატვირთო თვითმფრინავებითა და ავტობუსებით, სადაც ადამიანებს საბარგულებში „ტენიდნენ“.

გამოძევებამდე ქართველები ისეთ მდგომარეობაში ჰყავდათ, რომ იყო გარდაცვალების შემთხვევებიც. მაგალითად, მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა  51 წლის მანანა ჯაბელია, რომელიც შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. სანკტ-პეტერბურგში დაკავებული 48 წლის თენგიზ გოგიტიძე კი, რომელიც მოკლებული იყო სამედიცინო დახმარებასა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას, დომოდედოვოს აეროპორტში გახდა ცუდად და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. თუმცა რუსეთში ეს არც არავის უცდია.

ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორთა ყურადღების ცენტრში ქართული კულტურაც მოექცა. არბატზე, კულტურულ ცენტრ „მზიურში“ შემოწმებები დაიწყო. საგადასახადო ორგანოები დაინტერესდნენ ქართული წარმოშობის რუსი მწერლის ბორის აკუნინის (გიორგი ჩხარტიშვილის) შემოსავლებით, კონტროლის პალატამ კი ფინანსური დარღვევები „აღმოუჩინა“ რუსეთის სამხატვრო აკადემიას, რადგან მისი პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი იყო. რუსული ვიზების გაცემის შეწყვეტის გამო გადაიდო „სუხიშვილების“ გასტროლებიც. რუსეთის შსს-მ, ასევე, ქვეყანაში  არ შეუშვა ქართველი სამბისტები. რუსეთი დაატოვებინეს 15 წლის მოციგურავეს ელენე გედევანიშვილს, რომელსაც არ გაუგრძელეს ვიზა.

მოსკოვში მუშაობა შეწყვიტეს ქართულმა რესტორნებმა, კალინინგრადის პორტს კი ქართული დროშით მცურავი გემების მომსახურება აუკრძალეს. სწორედ იმ პერიოდში გამოცხადდა ათობით ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის დაჭერის შესახებაც, გახშირდა ეთნიკურ ნიადაგზე მკვლელობებიც.

მალე კრემლის ანტიქართულ კამპანიაში რუსული ბიზნესიც ჩაერთო. ისინი უარს ამბობდნენ ქართველების მომსახურებაზე და ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. „გაზპრომმა“ კი საქართველოსათვის გაზზე ფასს მოუმატა. ყოველივე ამის შემდეგ კი საქმეში ჩაერთო რუსეთის მთავარი სანიტარი ონიშენკო და 2006 წლის მარტში ქვეყანაში ქართული ღვინის შეტანა აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის არგუმენტად ვერ გამოდგება „უკანონო მიგრანტების“ თემა, რამდენადაც ქართველების უმრავლესობას, რომლებიც გამოაძევეს, საბუთები წესრიგში ჰქონდათ და სრულიად ლეგალურად იმყოფებოდნენ იქ.

მოსკოვისთვის, ადამიანების ეთნიკური ნიშნით დევნა , მაშინ როცა ამა თუ იმ ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა სურს, უცხო არ არის. ქართველების დიდი დეპორტაციის შემდეგ, გასულ წელს ანალოგიური დევნის მსხვერპლნი გახდნენ ტაჯიკები - მაშინ ტაჯიკეთს კონტრაბანდის ბრალდებით რუსი მფრინავები ჰყავდა დაკავებული, რომელთა გამოხსნაც მოსკოვმა ასევე შანტაჟით დააპირა და ნადირობა ტაჯიკ მიგრანტებზე გამოაცხადა.

0

ავტორი: