17:51:55     12-06-2012
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ივანიშვილის ქონებას დააყადაღებენ

ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 148 მილიონი ლარით დააჯარიმეს.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით თავისი კომპანიის შპს „ელიტა ბურჯის“ სახელზე რეგისტრირებული 28 ერთეული ავტოსანტრასპორტო საშუალებით, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობაში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სერვისის გასავრცელებლად საბაზრო ფასზე დაბალ ფასად გასწია მომსახურეობა.
2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო. ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ სასამართლოს მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონია იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის მხარე, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს, თუმცა, მანამდე ბიძინა ივანიშვილსა და მის იურისტებს შორის, კონსულტაციები უნდა გაიმართოს და იმსჯელონ საკითხზე, გადაიხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას.
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ჯარიმას შვიდი დღის განმავლობაში არ გადაიხდის, აღსრულების ღონისძიების სახით, აღსრულების ეროვნული ბიურო მის ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეს ინფორმაცია, „პრესა.ჯი“-ს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ კბილაშვილმაც დაუდასტურა.
„იძულების წესით აღსრულება მოიაზრებს საქართველოში არსებულ, ივანიშვილის ქონებას. რა ქონება აქვს მას საქართველოში ეს ჩემთვის უცნობია, რადგან ამ საქმეზე, რაიმე წარმოება არ ყოფილა და არც დავინტერესებულვარ“- ამბობს კბილაშვილი.
მისი თქმით, ქონებაში შედის ყველაფერი, რაც მფლობელს გააჩნია და ამ შემთხვევაში ყადაღა შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, ასევე საბანკო ანგარიშებს, თუმცა დასძენს, რომ მხოლოდ იმ კაპიტალს, რაც საქართველოს ტერიტორიაზეა“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ლელა ტალიურის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილი თუ არა, ჯარიმის გადახდა ნებაყოფლობითია. თუ არ ხდება გადახდება ნებაყოფლობით, მაშინ ხდება იძულება კანონით.
თუმცა ყადაღა ედება მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აქვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ბექა დოჭვირის განცხადებით, სხვა ქვეყანაში არსებულ ქონებას, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ დაადებს ყადაღას, ვინაიდან საქართველოს იქ არ აქვს იურისდიქცია.
„ერთადერთი გამოსავალი იმ შემთხვევაში, რომ სხვა ქვეყანაში არსებულ ქონებას დაედოს ყადაღა არის ის, რომ მიმართოს საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა იმ ქვეყნის უწყებებს, რათა მათ ცნონ საქართველოში გამოტანილი გადაწყვეტილება სამართლიანად და შემდეგ მოიქცნენ შესაბამისად. თუ კანონი, რომლიც მიხედვითაც საქართველოში მიიღეს გადაწყვეტილება, არ ეწინააღმდეგება მათი ქვეყნის კანონს, მაშინ ის ქვეყანა ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან, თუმცა იქ უკვე ბიძინა ივანიშვილის ქონებას ყადაღა დაედება, თუ აღსრულების სხვა პროცედურები იქნება, იმ ქვეყნის კანონმდებლობით რეგულირდება“.
- ჯერ ბიძინა ივანიშვილს და მის ადვოკატებს არ გაუჟღერებიათ გადაწყვეტილება, გადაიხდის თუ არა ივანიშვილი ჯარიმას. თუკი ივანიშვილის ქონებას ყადაღას დაადებენ, რა შემთხვევაში შეიძლება შემდეგ ქონებას მოეხსნას ყადაღა?
- ქონებას ყადაღა იძულებითი აღსრულების დამთავრების შემთხვევაში ეხსნება. ამის რამდენიმე ფორმა არსებობს. მაგალითად, გაიტანონ აუქციონზე და გაყიდონ, არის მეორე ვარიანტი - განახორციელონ სეკვესტრი. ამოიღონ რაც ვალი აქვს ივანიშვილს და შემდეგ გაათავისუფლონ ქონება ყადაღისაგან. აღსრულება გადაწყვეტს, რა ფორმას გადმოიყენებს.
- ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ქვეყნის მოქალაქე?
- ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილება მიღებულია, ძალაშია შესული და საქართველოს ტერიტორიაზე რა ქონებაც ექნება, დაადებენ ყადაღას. რისი გასხვისებაც არ შეიძლება იმას არავინ ეხება, დანარჩენის გატანა აუქციონზე შეუძლიათ. არის კიდევ ერთი მეთოდი, საარსებო მინიმუმის დატოვება ადამიანისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ეს მომენტი სასაცილო იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გუშინ, ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე 22 429 941 ლარით და 126 220 190 ლარით დააჯარიმა.
ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ადვოკატებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, გადაიხდის თუ არა ჯარიმას მილიარდერი.
“ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება იმას, გავრცელდება თუ არა განცხადება ამ საკითხზე, ალბათ გავრცელდება. სხვას ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით“- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მაია ფანჯიკიძემ.
0