13:52:44     12-06-2012
გია თორთლაძე: ივანიშვილი მშიშარა ადამიანია …

დეპუტატი გია თორთლაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობით ვერ მოვა და კოალიცია არჩევნებში მხოლოდ 15-18 მანდატს დაჯერდება. მისი ვარაუდით, მანდატების მოპოვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გაერთიანება დაიშლება, მაგრამ მანამდე, კოალიციის წევრები ერთმანეთს საარჩევნო სიების შედგენისას დახოცავენ. რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს - როგორც პოლიტიკოსს, თორთლაძე მის საქმიანობას მხოლოდ რუსულ ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ მილიარდერის მიზანი საქართველოს გაყიდვაა. პრესა.ჯი პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს, გია თორთლაძეს ესაუბრა:
- „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა, მათ აქციები თბილისსა და ქუთაისში გამართეს. როგორ შეაფასებთ კონკურენტების აქტივობას?
- სამწუხაროა, რომ ქართველი ამომრჩევლის ნაწილისთვის სულ ერთია პოლიტიკაში ვინ მოვა, მათთვის მთავარია ეს ხელისუფლება შეიცვალოს, თუმცა, ეს არასწორი და არაჯანსაღი მიდგომაა, რადგან შეიძლება მმართველობის სათავეში უარესი ხელისუფლება ვიხილოთ. კოალიციის მხარდამჭერებს რომ ჰკითხოთ, რომელ პარტიას უჭერენ მხარს, გეტყვიან, რომ არცერთს. ასეთი მიდგომა მისაღებია? როდესაც, პოლიტიკოსები ვიღაცის დიდ ფულზე არიან ჩასაფრებულები, ესეც არაჯანსაღი მიდგომაა. „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ, არანაირი სიმპატია არ გამაჩნია, მაგრამ კოალიციის წევრებმა, იმ ბიჭებს რა გაუკეთეს, რომლებმაც ქუთაისში ბუკლეტები ღიად დაარიგეს და ხალხს ტექნიკის შეძენას დაპირდნენ? - ბიჭები გამოიყენეს და ნაგავში გადააგდეს. შემდეგ კი, კოალიციის შიგნით, პოლიტიკოსებმა გამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ. ფაქტია, რომ ეს სერიოზული დარღვევა იყო, რომელიც სურთ, რომ პარტიას არ დაბრალდეს და ამიტომ, ბიჭები თურმე კოალიციიდან გარიცხეს. საინტერესოა, ეს ხალხი ბუკლეტებს თავიანთი სახსრებით ბეჭდავდნენ? რა თქმა უნდა, - არა. კომუნისტების დროს, როდესაც, ვინმეს ქრთამის აღებაში ამხელდნენ, მას პარტიიდან წინა დღეს რიცხავდნენ, ასე მოხდა „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც.
- ვინაიდან, კოალიციაში შემავალი პარტიები, სხვადასხვა პოლიტიკური კურსის გამტარებლები არიან, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, მათი გაერთიანება დაიშლება?
- კოალიციაში ერთმანეთს პარლამენტში შესვლამდე, სიების წარდგენისას დახოცავენ. ამის მიზეზი კი, ის არის, რომ ეს კოალიცია მაქსიმუმ 15-18 მანდატს მოიპოვებს. „რესპუბლიკელებს“ ყოველთვის პრეტეზიები აქვთ, მაგრამ ისინი არასოდეს, არსად არ გასულან, სულ ვიღაცაზე არიან წურბელებივით ჩამოკიდებულები. თან, ფულზე კარგი ყნოსვა აქვთ. ისე, ფულზე კარგი ყნოსვა, მარტო მაგათ არ აქვთ. . .
- კიდევ ვის აქვს?
- დავითაშვილს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს, მაგრამ ამას არც ძიძიგური უჩივის. მართალია, ალასანია პოლიტიკაში ახალი გამოჩენილია, თუმცა, ფულზე ისიც დახარბებულია. რაც შეეხება იმ საკითხს, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თუ რას გააკეთებენ? დავიწყოთ იმით, რომ კოალიციის წევრები ამომრჩეველთა განწყობის მოპოვებას ივანიშვილით ცდილობენ, ისინი ამბობენ, რომ მის გუნდს წარმოადგენენ და მას პრემიერ-მინისტრად მოიყვანენ, მაგრამ ივანიშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკა არ აინტერესებს, ანუ რა გამოდის? ამომრჩეველმა ხმა ისევ - „რესპუბლიკელებს“, კობა დავითაშვილს, ძიძიგურსა და ალასანიას უნდა მისცენ? - იგივე ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში, ყველა არჩევნებში მონაწილეობდა? ფაქტია, რომ ივანიშვილი საზოგადოებას ძალიან ცუდად მოექცა. რაში გამოიხატება ეს? როდესაც, ადამიანს ეუბნები, რომ უნდა გახდე - დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ და თან პოზიციას ცვლი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მომავლის ეშინია. ის ფიქრობს, რომ თუ თვითონ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თავად უნდა, მაშინ ის როგორც პოლიტიკოსი გაკოტრდება, ამიტომ ამბობს, რომ არაფერი უნდა და თუ მისი კოალიცია გაიმარჯვებს, მაშინ მას პრემიერად დაასახელებენ. ანუ, ივანიშვილი წაუგებელ თამაშს თამაშობს - ე.ი. თუ მოიგებენ ხომ კარგი, თუ არა და მე პროცესები არ წამიგიაო. ივანიშვილი საკუთარ შიშს ამ პარტიებსაც გადააყოლებს და საზოგადოების განწყობასაც.
- თუმცა, თუ პოლიტიკური ინტერესები არ აქვს, მაშინ, ამდენ ფინანსურ რესურს რატომ ხარჯავს?
- ხარჯავს, რადგან ეს ნებადართული მოსკოვიდან არის. ივანიშვილს ბრძანება აქვს მიღებული, რომ ეს ფული პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯოს. ხომ არ გავიწყდებათ, მან ეს ფული სად იშოვა? მოსკოვში, ფულს უშიშროების გარშე ვერავინ შოულობს. დარწმუნებული ვარ, მას პოლიტიკაში ყოფნა არც უხარია, მაგრამ დირექტივას თუ არ შეასრულებს, ქონებას დაკარგავს. ივანიშვილი საოკუპაციო რეჟიმს რომ არ ახსენებს, ეს რას ნიშნავს? ის პუტინის წინააღმდეგ ვერცერთ სიტყვას ვერ ამოღერღავს.
- ივანიშვილის გათვლა რა არის?
- მას არანაირი გათვლა არ აქვს, რადგან როცა ადამიანი პრემიერ-მინისტრობაზე აცხადებ პრეტენზიას და გამოსვლისას, ფსიქოანალიტიკაზე საუბრობ და არა ხალხის პრობლემებზე, რა უნდა იფიქრო მასზე? ივანიშვილი ამბობს, რომ პოეზიაში კარგად ერკვევა, მაგრამ მან ერთი სტროფი ლექსი ისე ვერ ისწავლა, რომ ციტატა შეცდომით არ თქვას, მაგრამ ის ხომ ნახეთ, ლამის გიორგი ბრწყინვალეს შეადარეს. მსგავსი შედარებების გაკეთება, ეს ქართველების სენია, თუმცა, როგორც ჩანს, სანიკიძე ამ შეფასების გაკეთებისას არ დაფიქრდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა. სანიკიძე რელიგიაში კარგად ერკვევა, თუმცა, წმინდანს – დიდ მეფეს, როდესაც რუს ოლიგარქს – სისხლით ნაშოვნი ფულის მფლობელს ადარებ, ეს ძალიან დიდი მკრეხელობაა. ეს არის რელიგიური და ისტორიული ფაქტების საშინელი დამახინჯება, რადგან მეფე საქართველოსთვის იღწვოდა, ეს კი, საქართველოს ყიდის.
- რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძის განცხადებას - ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე, ეს ვის აძლევს ხელს?
- ადამიანის ლიკვიდაციაზე საუბარი არ მინდა, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ აძლევს. ლიკვიდაცია მხოლოდ რუსეთსა და იმ პარტიებს აწყობთ, რომლებიც თავად არიან უკვე ლიკვიდირებულნი. ივანიშვილი როცა აცხადებს, რომ ემუქრებიან და ა.შ. ეს ადამიანი ან ძალიან მშიშარა არის, ან არ ვიცი. პრინციპში, მშიშარა ადამიანია, თორე ათი წელია ევროპაში არ წასულა, ეტყობა იმ ადამიანების ეშინია, ვისაც ქონება წაართვა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს არანაირი ლიკვიდაცია არ ემუქრება. თუმცა, თუ ამის მცდელობა იქნება, ეს თავში მხოლოდ რუსეთს მოუვა.
0