აკაკი ბობოხიძე: ქუთაისში გუბაზ სანიკიძე დამარცხდება აკაკი ბობოხიძე: ქუთაისში გუბაზ სანიკიძე დამარცხდება />


  11:22:58     12-06-2012

აკაკი ბობოხიძე: ქუთაისში გუბაზ სანიკიძე დამარცხდება

a19009.jpg

საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება, ქუთაისში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ქუთაისის ამჟამინდელი მერი, გიორგი თევდორაძე დაუპირისპირდებიან.  კონკურენციის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ  სანიკიძე ქუთაისში რაიმე წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან კოალიციის წევრები ქუთაისისთვის 21–ე საუკუნის მთავარი მონაპოვარის – მეორე დედაქალაქის სტატუსის წართმევას ცდილობენ. ბიძინა ივანიშვილის გეგმებთან და პერსპექტივებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი ქუთაისის ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

– როგორ შეაფასებთ თქვენი კონკურენტი კოალიციის – „ქართული ოცნების“ აქტიურობასა და  ქუთაისში გამართულ აქციას?

– ეს არ იყო მხოლოდ ქუთაისის აქცია, რადგან მას მთელი იმერეთის რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხი ესწრებოდა. მათ შორის  რაჭა–ლეჩხუმისა და სამეგრელოს მოსახლეობა იყო. აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობას  თუ გავითვალისწინებთ, გეტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ ქუთაისმა მხარი არ დაუჭირა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ქუთაისი მხარს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას უჭერს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ხალხმა პროტესტი გამოუცხადა, რადგან ისინი ქალაქისთვის იმის წართმევას ცდილობენ, რაც ქუთაისის 21–ე საუკუნის მთავარი მონაპოვარია – ეს არის მეორე დედაქალაქის სტატუსი.

– „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გუბაზ სანიკიძე წარადგინა. რა შანსები აქვს მას?

– ეჭვი მეპარება, რომ გუბაზ სანიკიძე ქუთაისში რაიმე წარმატებას მიაღწევს, რადგან მას მმართველი გუნდის ის წევრი დაუპირისპირდება, რომელიც გაიმარჯვებს.

– თქვენი კანდიდატი ქუთაისის ამჟამინდელი მერი – გიორგი თევდორაძე იქნება?

– „ნაციონალურ მოძრაობაში” ამჟამად საუბარია, რომ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი თევდორაძემ იყაროს კენჭი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.  მიმაჩნია, რომ ყველა პროცესი, რომელიც ქალაქში ხორციელდება, სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული და ამ პროცესებს უშუალოდ ის ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ქუთაისს „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ღირსეული კანდიდატი ეყოლება. რაც შეეხება სანიკიძეს, მან ქუთაისში არჩევნები ერთხელ უკვე წააგო და ვფიქრობ, რომ ის კიდევ დამარცხდება.    

– ქუთაისში აქციაზე, გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილი – გიორგი ბრწყინვალეს შეადარა. 2009 წელს კი, უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე წმინდა გიორგის შეადარეს.  მსგავსი შეფასებების გაკეთება მისაღებია?

- საგულისხმოა, რომ სანიკიძემ ამ შედარებას ის წარუმძღვარა, რომ თურმე, აფხაზები და ოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას მოუთმენლად ელიან. მინდა სანიკიძეს გავახსენო, რომ აფხაზებსა  და ოსებს დანარჩენ საქართველოსთან  კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილის დროს არ დაუწყიათ, არამედ ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დროსაც იყო და ედუარდ შევარდნაძის პროესენგისტურ დროსაც. ასე, რომ რა ნიშნით ელოდებიან ოსები და აფხაზები მმართველი გუნდის დამარცხებას, ვერ ვხვდები. თუმცა, სანიკიძემ ამ შედარებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ეჭვი, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია, რადგან სანიკიძემ უნდა იცოდეს, რომ გიორგი ბრწყინვალემ მტრის ხელით - მონღოლების საშუალებით, მაშინდელი საქართველო გააერთიანა და საინტერესოა, ივანიშვილი ქვეყნის გაერთიანებას რუსეთის ხელით აპირებს? როგორ, რა გზით? თუმცა,  სანიკიძეს ასევე უნდა ახსოვდეს, რომ გიორგი ბრწყინვალეს საქართველოში მონღოლები არ მოუწვევია, არამედ ისინი მაშინ აქ იყვნენ, განსხვავებით რუსებისგან,  რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს სხვა კუთხეში არ არიან. საქართველო ერთიანი და მთლიანი რუსების მეშვეობით,  ერთხელ უკვე იყო, თუმცა, ეს მხოლოდ რუსების იმპერიის შიგნით და დღეს, უკვე საქართველოს მოსახლეობის ასარჩევია - ისინი რუსულ იმპერიაში ყოფნას ივანიშვილთან და ე.წ „ქართული ოცნებასთან“ ერთად ისურვებენ, თუ  ქვეყანა დასავლური და ევროპული სტრუქტურებისკენ სვლას გააგრძელებს.

– ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, ქუთაისელებს დაპირდა, რომ ქალაქი   საგანმანათლებლო ცენტრი გახდება. . .

– ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ეს ყველაზე კარგი წინადადებაა, მაგრამ ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი დღესაც არის, რადგან ქალაქში განსაკუთრებულად სწავლის მაღალი დონეა, ამაზე ქუთაისელი ბავშვების წარმატებებიც მეტყველებს. მათი სწავლის დონე, განისაზღვრება არამარტო უმაღლესში ჩაბარების კუთხით, არამედ კონფერენციებზე მიღწეული წარმატებების თვალსაზრისით. მართალია, ყოველთვის უკეთესი სჯობს, მაგრამ ქუთაისი საგანმანათლებლო კუთხით, არც დღეს არის ბოლო ადგილზე.

– რაც შეეხება ახალი პარლამენტის შენობის გარშემო, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, თანანმდებობის პირის დაკავებაც მოხდა. . .

– ოპონენტები და მათ შორის მასმედიის წარმომადგენლები ნახევარ სიმართლეს უსირცხვილოდ ამბობენ. პარლამენტის შენობა არ ჩამონგრეულა, არამედ ბეტონის დასხმის მომენტში ის ხარაჩოები ჩამოინგრა, სადაც ეს ბეტონი უნდა დასხმულიყო. ანუ, ადგილი ბეტონის დასხმის პროცედურების დარღვევას ჰქონდა, მაგრამ ამას სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ. ჟურნალისტები გაგებით უნდა ხვდებოდნენ იმას – მათ  შემთხვევის ადგილზე  თუ რატომ არ უშვებდნენ. სპეციალურ სამსახურებს იმის საშუალება უნდა ჰქონოდათ, რომ დასკვნებისთვის  მასალები მოეძებნათ.  

0

ავტორი: