08:54:33     12-06-2012
ოთხთა ეკლესია
ოთხთა ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე მეათე საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან, მაგალითად, ბოლნისის სიონი, ურბნისი.
ოთხთასთან მისული ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრამ თან გული ტკივილით გევსება - ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. იგი მცენარეებს დაუფარავს.
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთ სახელი იმიტომ დაურქმევიათ.
ოთხთაზე ასეთი ლეგენდაც არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.
თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.
თავდაპირველად ტაძარი დიდრონი, კვადრატული აგურითა და ნაგლეჯი ქვით ყოფილა აგებული ბერძნულ-ბიზანტიურ წესზე. შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდითი ნავებისაგან. ფასადები დეკორატიული თაღებითაა დამშვენებული.
ტაძარი მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ.
„ოთხთა, ისევე როგორც ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი ქართული მონუმენტური მხატვრული ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მხატვრობა გამოირჩევა საზეიმო ხასიათით, გამოკვეთილი ოსტატობით, ხაზისა და ფერის მეტყველებით“, - ამბობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, თუმცა დღეს ოთხთას ფრესკები ძალიან დაზიანებულია და ბევრი რამ აღარც ჩანს.
ტაძართან შემორჩენილია მცირე სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხები ყოფილა, აქვეა სემინარია-საოსტინგე.
საკურთხეველი საკმაოდ ღრმად არის მიწაში ჩაფლული. წლების განმავლობაში წყალს დიდი რაოდენობით მიწა შეუტანია ბაზილიკაში.
საკურთხეველთან მიწა გადათხრილია. თურქეთში არსებობს გადმოცემები, რომ ქართულ ტაძრებში დიდი სიმდიდრეა ჩამარხული, ამიტომ აქაურები დღესაც ცდილობენ განძის მიგნებას.
0