08:29:34     12-06-2012
ბულატ ოკუჯავას „ლოცვა“
1997 წლის 12 ივნისს, საფრანგეთში, გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი, კომპოზიტორი, საავტორო სიმღერების შემსრულებელი - ბულატ ოკუჯავა.
ბულატ შალვას ძე ოკუჯავა წარმოშობით ქართველი გახლდათ. დედა სომეხი ჰყავდა. პოეტის დედა, აშხენ სტეფანეს ასული ნალბანდიანი, საქართველოში დაბადებული დიდი სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის ახლო ნათესავი ყოფილა (ვაჰან ტერიანის ლექსები ჩვენ შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს).
ბებია, მამის მხრიდან, რუსი გახლდათ, პავლე პერემუშევისა და სალომე მეძმარიაშვილის ასული, ელისაბედი. ელისაბედი ცოლად გაჰყვა სტეფანე ოკუჯავას. მათ შეეძინათ რვა შვილი.
ოკუჯავების ეს ოჯახი, უფრო სწორად შვილები, ძველი რევოლუციონერი-ბოლშევიკები იყვნენ. შალვა ოკუჯავა გალაკტიონის პირველი მეუღლის, ოლღას ძმა გახლდათ. რვა (8) დედმამიშვილიდან რევოლუციამ გაანადგურა შვიდი. მხოლოდ ერთი და, მარიამი გადარჩა, რომელიც რუსეთში გათხოვდა და მეუღლის გვარს, კოსტინას ატარებდა... უფროსი ძმა, მიხეილ ოკუჯავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო. ის და მისი ძმა, ნიკოლოზი ნაციონალ-უკლონისტობის ბრალდებით დააკავეს და დახვრიტეს. ამას მოჰყვა ოჯახის სხვა წევრთა დევნა.
მომავალი პოეტი დაიბადა 1924 წლის 9 მაისს, მოსკოვში. მისი ოჯახი ამ დროს რუსეთში იყო, მოსკოვში. მშობლები იქ სწავლობდნენ პარტიულ სკოლაში. 1930-იან წლებში პოეტის მამა თბილისში გადმოიყვანეს და ქართული დივიზიის კომისრად დანიშნეს. მერე თბილისის ქალაქკომის მდივნად დააწინაურეს. მომავალი ბარდი სწავლობდა რუსულ სკოლაში. მამამისს პრობლემები ჰქონია ლავრენტი ბერიასთან, ამიტომ, იგი სერგო ორჯონიკიძის დახმარებით ურალში გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე. მაგრამ ამანაც არ უშველა. 1937 წლის 4 აგვისტოს შალვა ოკუჯავა დახვრიტეს. დედა გადასახლებაში იყო 1955 წლამდე.
ბულატ ოკუჯავა 1940 წელს დაბრუნდა თბილისში, დეიდასთან, სილვია ნალბანდიანთან. დაიწყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი, ყმაწვილმა პოეტმა, კომუნისტური იდეების ერთგულმა, მოხალისედ გადაწყვიტა წასულიყო ფრონტზე. 18 წელი როგორც კი შეუსრულდა, მომავალი ბარდი, 1942 წელს, ომში წავიდა. ბრძოლაში დაჭრეს კიდეც. 1945 წელს დაბრუნდა და დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული განხრით. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას კალუგის ოლქში, იქვე მუშაობდა გაზეთში. 1956 წელს მოსკოვში გადავიდა. იმ წელს მოხდა მისი მშობლების რეაბილიტაცია. შევიდა კომუნისტურ პარტიაში. მუშაობდა გაზეთებში „ახალგაზრდა გვარდია“ ("Молодая гвардия") და „ლიტერატურულ გაზეთში“ ("Литературной газете"). 1962 წელს გახდა სსრკ მწერალთა კავშირის წევრი.
მისი სიმღერები დაწერილი საკუთარ ლექსებზე, მისივე შესრულებით, გიტარის თანხლებით, ძალიან პოპულარული იყო მთელ რუსულენოვან სივრცეში. მისი სიმღერები გამოყენებულია დაახლოებით 80 კინოფილმში. წერდა ისტორიულ და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებს, კინოსცენარებს. გამოდიოდა ბულატ ოკუჯავას ლექსების კრებულები, სიმღერების ფირფიტები, აუდიო კასეტები, მათ შორის საზღვარგარეთ. დაჯილდოებული იყო არა ერთი პრემიით, ოდენით და წოდებით.
მასაც უქმნიდნენ პრობლემებს. განსაკუთრებით ცენზურა. ზოგი კრიტიკოსი მისი ქართული წარმომავლობის გამო ვერ იტანდა. ამას აღნიშნავდა კიდეც დიდი პოეტი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
სიცოცხლის ბოლო წლებში გამოირჩეოდა საბჭოთა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით. მაგალითად, პროტესტს გამოთქვამდა ჩეჩენთა განადგურების გამო...
როგორც ვთქვით, ბულატ ოკუჯავა გარდაიცვალა 1997 წლის 12 ივნისს.
გავიხსენოთ მისი ლექსი „ლოცვა“, რომელიც მშვენივრად თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ.
ლოცვა
(თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ)
სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუქი გვფარავს,
ღმერთო, ყველას ის უბოძე,
რაც სურს, მაგრამ არ აქვს:
ბრძენს - სიბრძნე და შთაგონება,
შიშით დამფრთხალს - ცხენი,
ღარიბს - ფული...
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
ღმერთო, სანამ ამ ქვეყანას
მართავს შენი ნება,
ვინცა გთხოვოს, ის დაატკბოს
ხელმწიფობის სნებამ.
ძმისმკვლელ კაენს სინანულის
უწყალობე ცრემლი,
დაღლილს - სიმხნე...…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
შენის ყოვლისშემძლეობის
მწამს და ვწვდები არსსაც,
მწამს, როგორც სწამს მკვდარ მეომარს,
სამოთხეში შთასვლა.
მწამს, როგორც სწამს ყურს კაცისას
შენი ტკბილი სიტყვის,
მწამს, როგორც გვწამს იმ საქმისა,
რაც არა გვწამს თითქმის.
ჰე, უფალო, ღმერთო ჩემო,
მოწყალეო მარად,
სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუქი გვფარავს,
ყველას უძღვენ თუნდ მცირედი
ღვთაებრივი ძღვენი.
ყველას უძღვენ...
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.