07:53:20     12-06-2012
დაღესტანში დარწმუნებულები არიან, რომ „თუ ასე გაგრძელდა, მალე ომი იქნება“

3 მაისს მახაჩკალაში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შემდეგ, რომლის დროსაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა, დაღესტნელმა ძალოვნებმა მოსკოვიდან მკაცრი მითითება მიიღეს: ბრძოლა იატაკქვეშეთთის წინააღმდეგ გაძლიერდეს, შეწყდეს ყველანაირი მოლაპარაკებები ბოევიკებთან, სოჭის ოლიმპიადამდე ტყის უკანასკნელ ბუჩქამდე ყველაფერი გადამოწმდეს. ამიტომ ზოგიერთ რაიონებში ტყეებს მართლაც წვავენ.
ადგილობრივი ძალოვნები, რომლებიც, რასაკვირველია, ცენტრიდან მიღებულ ინსტრუქციებს ასრულებენ, განუკითხავად მოქმედებენ - კლავენ ყველას, მტყუან-მართლის განურჩევლად.
აქ, ფაქტობრივად, ომია - აცხადებდნენ კიროვის რაიონის შსს-ს ადგილობრივ განყოფილებასთან შეკრებილი ქალები, რომელთა ახლობლებიც შენობაში დაკავებული ჰყავდათ და გარეთ მყოფებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მათ აწამებდნენ. წამების მეთოდი „ბოევიკებისგან“ ან მათთან გაიგივებული პირებისგან სიმართლის „ამოქაჩვის“ ტრადიციული მეთოდია. საბოლოოდ კი მათ კლავენ, ისევე როგორც, „მოწმეებსა“ და „თვითმხილველებს“, რომლებიც უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ წარმოებული სტატისტიკით, ვერასოდეს აღწევენ სასამართლომდე.
„ომის მიზეზი მოსკოვის მკაცრი და იდიოტური პოლიტიკაა “ - ამბობდნენ ქალები, რომლებსაც პოლიციის შენობა ალყაშემორტყმული ჰქონდათ და თავის აფეთქებითაც იმუქრებოდნენ. შენობაში ადვოკატს არ უშვებდნენ. მალე ასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც ერთხმად სკანდირებდნენ - „ალაჰი დიდია“.
დაღესტანი ნელ-ნელა გადადის ისეთი ომის მდგომარეობაში, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დასაწყისში ვლადიმერ პუტინი ჩეჩნეთში აწარმოებდა - ასე აფასებას ვითარებას Foreign Policy.
ყველაზე საშიში რესპუბლიკის სტატუსი ჩეჩნეთმა დაღესტანს უკვე დაუთმო. აქ გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს. 2012 წლის პირველ კვარტალში ე.წ. კონტრტერორისტულ ოპერაციას მინიმუმ 80 ადამიანი ემსხვერპლა. მოსკოვი ამბობს, რომ ბანდიტებს ხოცავს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ორმაგი წნეხის ქვეშაა, - ამ ე.წ. ბანდიტების და „სახელმწიფო ბანდიტების“, - მათი მოქმედების მეთოდები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.
თითქმის ყოველდღე ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ სახლში „ბოევიკები“ ჰყავთ ბლოკირებული, შემდეგ შტურმის, აფეთქების, თვითმკვლელი ქალების შესახებ… კონტრტერორისტული რეჟიმის შედეგები არ ჩანს, ჩანს მხოლოდ ის, რომ ძალოვნების მიმართ წინააღმდეგობა კიდევ უფრო იზრდება. სიტუაცია შეუმჩნევლად გადადის ჩვეულებრივი ომის ფაზაში: იატაკქვეშეთს სურს ძალით მოახვიოს მოსახლეობას თავს „ცხოვრების ისლამური სტილი“, ძალოვნები კი ერთად განიხილავენ ბოევიკებსა და მშვიდობიან მოსახლეობას - მათ, ვინც არ იბრძვის. ტერორს სახელმწიფო ტერორი უპირისპირდება.
დაღესტანში დარწმუნებულები არიან, რომ „თუ ასე გაგრძელდა, მალე ომი იქნება“.
0