20:53:24     11-06-2012
რუსეთის არმიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოქმედებისთვის ამზადებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ნაწილების ინტენსიური მზადება დაიწყო, რათა ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოიყენოს - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის ინფორმაციით, ეს ვლადიმერ პუტინის დავალებაა.
ოფიციალურად ამბობენ, რომ ერთ-ერთი საზღვარგარეთული ქვეყანა, სადაც რუსული ჯარი შეიძლება იქნას გამოყენებული, სირიაა. ამავე წყაროების ცნობით, ამ გეგმის დეტალები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან (ОДКБ) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიტერორისტულ რეგიონალურ სტრუქტურასთან ერთად მუშავდება.
ასეთი ქმედებებისთვის რუსული ჯარის სამზადისზე მეტყველებს არაერთი პროგრამა, მათ შორის, საჰაერო-სადესანტო ჯარების, „გრუ“-ს სპეცრაზმისა და სახმელეთო ჯარების მსუბუქი შენაერთებისა და საზღვაო ფეხოსანთა მომზადების პროგრამები. რუსული შენაერთები უკვე ამუშავებენ სპეციფიუტ ტაქტიკურ ამოცანებს.
რისთვის ემზადება რუსეთის არმია?
ОДКБ-ს გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა ამბობს, რომ - პირველ რიგში, სირიისთვის, სადაც „მშვიდობისთვის იძულების“ ოპერაცია „ბოევიკების“ ანუ ამბოხებულთა წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს.
იმავდროულად, გასულ კვირას დაიწყო ფსკოვის 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ინსპექტირება. ასეთი ისნპექცია საჰაერო-სადესანტო ჯარებში პირველად ტარდება და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პოლკოვნიკ ალექსანდრ კუჩერენკოს განცხადებით, მიზნად ისახავს, შემოწმდეს დივიზიის საბრძოლო მზადყოფნა და საბრძოლო მომზადება.
ეს ის დივიზიაა, რომელიც „სახელგანთქმულია“ „მშვიდობის იძულების“ ოპერაციებში, მათ შორის საქართველოშიც.
ფსკოვის დივიზია მონაწილეობდა რუსეთის მიერ „სამშვიდობო ოპერაციებად“ წოდებულ სამხედრო აქციებში კოსოვოში, ჩეჩნეთში და 2008 წელს - საქართველოში.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო ნაწილის გარდა, რუსეთის საზღვრის გარეთ მოქმედებებისთვის ემზადება სამარის მე-15 ბრიგადაც. სამხრეთის სამხედრო ოლქის წყაროების მონაცემებით კი, ქვეყნის გარეთ საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებიან სპეციალური დანაყოფებიც, რომლებიც ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული. ისინი მანამდე სპეცბატალიონებში „ზაპად“-სა და „ვოსტოკ“-ში მსახურობდნენ. გაზეთი შენიშნავს, რომ ჩეჩენი ჯარისკაცები „გამოირჩეოდნენ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის მოგერიებისასაც“.
საზღვარგარეთ მოქმედებისათვის უკვე მოამზადეს შავი ზღის ფლოტის ცალკეული ბრიგადები.
0