14:45:29     11-06-2012
მოსკოვისკენ შინაგანი ჯარები მიემართებიან

შინაგანი ჯარების კოლონა უკვე მიემართება მოსკოვისკენ, სადაც ხვალ ოპოზიცის მორიგი „მილიონების მარშია“ დაგეგმილი.
მოსკოვის შემოგარენში უკვე დააფიქსირეს სამხედრო „ურალები“ და „კამაზები“, ასევე ორი მანქანა წარწერით „ომონი“. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ლუნევო-სოლნეჩნოგორსკის რაიონში განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების №7576 სამხედრო ნაწილია. „ნოვაია გაზეტა„ წერს, რომ პირველ - მთავარ მანქანას ხშირად უწევს შეჩერება, რამდენადაც სამხედრო კოლონა თითქმის კილომეტრის სიგრძეზეა გაჭიმული.
№7576 სამხედრო ნაწილი რუსეთის შინაგან ჯარებში საკმაოდ შელახული რეპუტაციით სარგებლობს. თავად სამხედროებმა ასეთი გამოთქმაც მოიგონეს: „Если хочешь жить х.., поезжай служить в Лунево!“
გარდა ამისა, აღნიშნული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები ხშირად არიან კრიმინალური ისტორიების „გმირები“. მაგალითად:
1999 წელს სამხედრო ნაწილიდან „აკაესითა“ და დანით გაიქცა რიგოთი ჟულანოვი; 2001 წელს სერჟანტმა მელნიკოვმა, რომელიც შვებულებაში იყო, სცემა ლუნევოს მკვიდრი; 2002 წელს დააკავეს სერჟანტები - პეტუხოვი და კულეშოვი, მათ პენსიონერი სცემეს, რომელიც მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა; 2008 წელს გააუპატიურეს და მოკლეს თავისივე ჯარისკაცი ხარიტონოვი. ინტერნეტში ბლომად მოიპოვება ჩანაწერები ამ სამხედრო ნაწილში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით:
ერთ-ერთი დედა პერმიდან წერს: „ლუნევოში, სერჟანტთა სკოლაში, თავად ჯარისკაცები სჩადიან განუკითხაობას, ურტყამენ ერთმანეთს თავში, ისე, რომ ჩალურჯებები არ წარმოიქმნას. საშინელება ხდება!“
ვინმე ბოგომოლი: „საშინელი ნაწილია! იქ მხოლოდ ორი ადექვატური ადამიანია - პოლკის მეთაური რეპა და ვიცე-პოლკოვნიკი პოპკოვი. ამ სამხედრო ნაწილში ბევრი შოვინიზმია. მეთაურებმა ხელქვეითების გვარებიც კი არ იციან“.
„ასეთი ღირსეული ბიჭები დაიცავენ 12 ივნისს მოსკოველებს“ - წერს „ნოვაია გაზეტა“.
ამასთან, ხვალ დაგეგმილი აქციის „საპრევენციო“ ზომები უკვე მიღებულია. დღეს დილიდან რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერთა ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ალექსეი ნავალნიმ Twitter-ით გაავრცელა შეტყობინება, რომ მის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ ქსენია სობჩაკის, ილია იაშინის, სერგეი უდალცოვისა და ბორის ნემცოვის სახლებში.
ამასთან, უდალცოვი და ნავალნი 12 ივნისის დილით დაკითხვაზე არიან გამოძახებულები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩხრეკაცა და დაკითხვებიც ხვალინდელი მიტინგის ჩაშლას ისახავს მიზნად.
ამასთან, ხვლინდელი „მილიონების მარში“ მოსკოვის მერიასთან შეთანხმებულია. მსვლელობა სახაროვის პროსპექტზე მიტინგით უნდა დამთავრდეს.
0