ვახტანგ ღლონტი - ”მე ჩემს ბათუმში ვარ“ ვახტანგ ღლონტი - ”მე ჩემს ბათუმში ვარ“ />


  08:41:05     11-06-2012

ვახტანგ ღლონტი - ”მე ჩემს ბათუმში ვარ“

a18952.jpg

პოეტ ვახტანგ ღლონტს მთელ საქართველოში იცნობენ, მით უმეტეს პოეზიის, ლიტერატურის  მოყვარულები და ძველი წარმომადგენლები ეროვნული მოძრაობისა.

მის საყვარელ ქალაქში, ბათუმში ყველა იცნობს, დიდი და პატარა. ის ნამდვილი ბათუმელია, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი ოჯახის შვილია და ცნობილი პოეტია, არამედ იმიტომაც, რომ „ბათუმის ცრემლი ზრდიდა, მისი ქუჩა და ზღვა“.

ვახტანგ ღლონტს მთელი მისტერია „გეთსიმანიის ბაღიდან ბათუმის ბაღამდე” ესახება. მისთვის ბათუმია პატარა, ნამდვილი, „ელდორადო“, ნამდვილი საოცნებო ქალაქი - „ბათუმი მონატრებაა, ბათუმი მოლანდებაა“.

თავისი პოეზიით ემსახურება მთელ საქართველოს და თავის ბათუმს...

პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ვახტანგ ღლონტის რამდენიმე ლექსს, აღბეჭდილს ბათუმისადმი და ბათუმელებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით.

***

როცა თბილისში წვიმს
მე ჩემს ბათუმში ვარ...
ბათუმი არის წვიმა,
და არაფერი სხვა.

მე მისი ცრემლი მზრდიდა,
მისი ქუჩა და ზღვა.
ბათუმი არის ძიძა,
და არაფერი სხვა.

აქ მამაჩემის სახელი
პირზე ეკერა ხალხს,
ბათუმი არის ნაღველი
და არაფერი სხვა.

აქ შეუყენეს ჩემი ძმა
ბევრჯერ გოლგოთის გზას,
ბათუმი არის შერისხვა,
და არაფერი სხვა.

ხან გულისგულში მიკრავდა,
ხან მიღერებდა ქვას,
ის იყო ჩემი კორიდა,
და არაფერი სხვა.

აქ წინაპართა სხეულებს
მიწა ხურავს და ხრავს,
ბათუმი არის სიკვდილი
და არაფერი სხვა.

მე ჩემს ბათუმში წავალ,
მე ჩემს სიკვდილში წავალ,
ოღონდ გათენდეს „ხვალ“...
ბათუმი მონატრებაა,
ბათუმი მოლანდებაა,
და არაფერი სხვა.

მე აქ მიყვარდა პირველად,
და უკანაკნელ ხანს,
ბათუმი სიყვარულია
და არაფერი სხვა.

აქ არის ჩემი ცხოვრება,
ჩემი ჯვარცმა და ხსნა,
ბათუმი არის ბათუმი,
და არაფერი სხვა.

მოვკვდები, ჩუმად მიტირებს
მისი წვიმების ხმა...
ბათუმი მაინც წვიმაა,
და არაფერი სხვა.

1993


***

სხივი ბეთლემის ქვაბიდან
აღწევს ბათუმის ბაგამდეც,
მე ისე შეგითამამდი,
ვგრძნობ, მალე უნდა დაღამდეს!

დეკემბრის ოცდახუთიდან
რაა დეკემბრის ოთხამდე,
დეკემბრის თვეში დედები
ახალ სამოსში მოგვრთავენ.

შავი ზღვის სანაპიროდან
გეძებდი იორდანემდე,
ვიცი, ეშმაკის პირობას
რადაც არ უნდა დანებდე.

ვნახე დევნაც და პატივიც,
ვარ განწირულთა სახლიდან,
ვერც მე ვგუობდი ტაძრისპირ
ფარისეველს და დახლიდარს.

მებრალებოდნენ მეძავნი,
ვამქრობდი ავაზაკებთან,
ათასი კაცი მლანძღავდა,
ათჯერ ათასი მაქებდა.

ვცნობდი კანონისმცოდნეთ და
კაცობის უვიც მწიგნობართ,
სუყველგან იუდაური
ხვევნა-კოცნა და ციგნობა.

ცრემლიც და სისხლიც მადინეს
ბრმათა სიგლახით მომძღარი,
ბრბოს მიმხედრებდა რამდენი
ერის მამა და მოძღვარი.

გაყიდულ-გამოყიდულის
ქვეყნად პატრონი არი ვინ?!
ვარ ასე, გამოკიდული,
ჯვარზე გაკრული ჯვარივით...

გეთსიმანიის ბაღიდან
მოვლენ ბათუმის ბაღამდეც,
მე ისე გიახლოვდები
ვგრძნობ, მალე უნდა დაღამდეს!

1994

***

(ელგუჯა მაღულარიას)

ჩემი თანამოსაქმე, თანამეინახე,
უპატრონო ბიჭია, ღმერთო, შეინახე!

ათი წლისა დაობლდა, „ძნელადაღსაზრდელი“
ციხე-ციხე ათრიეს ოცდაორი წელი.

ოცდასამი წელია, რაც არ მინახია,
ისევ მიცქერს ცრემლიდან ორი მორცხვი ია.

შენ რის გესირცხვილება, უფლის ავაზაკო,
ყველას თავზე დაექცა, ვინც რა კოშკი აგო.

აქ ვის განურჩევია მართალი და ბრუნდი
ჯოჯოხეთის კუპრიდან სუფთად დამიბრუნდი.

ტირის შენი გიტარა, უღმერთობას ტირის:
„Кто-то свистнул кошелек, милая не ты ли?!“

ჩვიდმეტ-თვრამეტისანი დაგვაშორა გზებმა,
მე სხვა ტანჯვა ვირჩიე, შენ სხვა ჯვარმა გძებნა.

ქუჩა, ვისთვის - სეირი, ვისთვის - გლოვის ზარი.
ძმობა, იმ ბიჭობაში, ვერცკი მოვასწარით.

კაცნი, ძველბათუმური ვისაც ჰქონდა დვრიტა,
ზოგი დაახეიბრეს, ზოგიც დაიხვრიტა.

გვიცდის პაჭოს საფლავი...მარფაც...ოთარიკაც...
ჩვენ (ერთ ხელში - სანთლები, მეორეში - ჭიქა).

გვისტვენს ქარი აშარი წვიმებდაწყვეტილი:
„Кто-то свистнул кошелек, милая не ты ли?!“

დარჩი მარტოდმარტოკა, სხვებზე გადამყოლი,
არც შვილი მოსწრებული, არც ერთგული ცოლი.

არავინ გეკითხება - გწყურია თუ გშია,
ვნებას ამაღლება სდევს, ბიჭო, ელგუჯია!

ნაბორკილარ მარჯვენით შენს ჯვარს თლი და ხარობ,
უფალს ნუმც დაეშრიტოს მოთმინების წყარო,

გხედავს შენი იესო, ძელზე დაჭედილი...
„Кто-то свистнул кошелек, милая не ты ли?!“

1996


***

გარბიან დიდი ბიჭები
პატარა სახლებიდან,
პატარა ქალაქებიდან,
პატარა ამბებიდან.

ეძებენ დიდ ჯოჯოხეთში
პატარა ელდორადოს,
საით გარბიხართ, ბიჭებო,
რატომ გარბიხართ, რატომ?!

და დიდი ქალაქებიდან
პატარა კუბოებით
უბრუნდებიან სამშობლოს
ცნობილი კოვბოები.

რა კარგი იყვნენ ბიჭები,
რა სასოებით ზრდიდნენ,
მათ კვალზე დაიზრდებიან
სხვები - კიდევ და კიდევ.

ჩუმად იზრდება ბალახი,
განა რაიმე დაობს...
რა პატარაა ქალაქი,
რა დიდი - სასაფლაო.

1996

0

ავტორი: