რუსეთის სომხური დიასპორა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მოხალისეთა რაზმების დაშვებას ითხოვს რუსეთის სომხური დიასპორა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მოხალისეთა რაზმების დაშვებას ითხოვს />


  14:13:38     09-06-2012

რუსეთის სომხური დიასპორა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მოხალისეთა რაზმების დაშვებას ითხოვს

a18919.jpg

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვაზე ისევ დაძაბულობაა. სომხური მხარე წუხანდელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მრავალჯერადი დარღვევის შესახებ იუწყება, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების ინტენსივობა უკვე „მნიშვნელოვნად შემცირდა“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „სომხური ჯარები საზღვრის მთელ პერიმეტრზე აკონტროლებენ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებენ“.

ოპოზიციური სომხური გაზეთის „აინკაკან ჟამანაკის“ ცნობით, წუხელ, შუაღამის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, იჯევანის რაიონში, ინტენსიური სროლები ისმოდა, რომლის დროსაც მსხვილკალიბრიანი იარაღი, მათ შორის ტყვიამფრქვევი იყო გამოყენებული. წუხანდელ სროლებს აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ 08:00 საათიდან დღეს დილის 08:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყველა მიმართულებით დაარღვიეს“ - იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არცერთი მხრიდან არ ვრცელდება.

დაძაბულ სიტუაციაზე მიუთითებს ოფიციალური ბაქოს განცხადებაც, რომლის თანახმადაც, „ამ დროისათვის, საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა არ დგას“. ამის შესახებ პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაციის პოლიტიკური ანალიზისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა ალნურ ასლანოვმა აღნიშნა, მოგვიანებით კი „მობილიზაციის“ თემა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც გააგრძელა. კერძოდ, სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ელდარ საბიროღლუმ განაცხადა, რომ „ვფიქრობ, მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არის“. მისივე თქმით, აზერბაიჯანის არმიის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, წარმატებით გაართვან თავი ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას.

„ამაზე მეტყველებს ბოლო ბრძოლები ფრონტზე. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მაღალი საბრძოლო მომზადების  შესახებ შესანიშნავად იცის მტერმაც. თუმცა, პერიოდულად, ის ხმის აწევას ცდილობს, მაგრამ ეს არ არის მისი ხმა, ის სხვა წყაროდან მოდის“ - განაცხადა საბიროღლუმ.

სიბიროღლუმ რუსეთი იგულისხმა, რომელიც ამ ეტაპზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საჯაროდ მხოლოდ „შეშფოთებას“ გამოხატავს, თუმცა საინფორმაციო ომში ღიადაა ჩართული. მაგალითად, რუსული სააგენტო „რეგნუმი“ წერს, რომ აზერბაიჯანის არმიის მოქმედებებს თურქეთისა და ისრაელის სპეციალისტები აკონტროლებენ.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან დიდი რაოდენობის სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით, ანტისაჰაერო თავდაცვის, მთიან, ტყიან რაიონებსა და ქუჩებში ბრძოლის წარმოების, კოსმოსური დაზვერვისა და აერო მონაცემების ანალიზისა და მართვის სპეციალისტები. უფრო მეტიც, ნახიჩევანში იმყოფება 100-ზე მეტი ადამიანი ისრაელის სპეცრაზმიდან, თუ არ ჩავთვლით ისრაელისა დაზვერვის თანამშრომლებს ბაქოსა და ირანის საზღვრის სიახლოვეს. აზერბაიჯანი ისრაელის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ახორციელებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების „ვერბოვკას“ - წერს სააგენტო.

ამ ანალიზის ავტორი რუსი ექსპერტი ანდრეი სიმონოვი აღშფოთებულია იმით, რომ „რუსეთისა და სომხეთის  ცხვირწინ, აშშ-ის კურატორობით შექმნილია სადაზვერვო ერთობა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ისრაელის მონაწილეობით. საქართველო, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სასარგებლოდ ახორციელებს სომეხი მოქალაქეებისა და ეთნიკური სომხების „ვერბოვკას“. თურქეთში აზერბაიჯანისთვის შექმნილია ყველა პირობა თურქეთში მცხოვრები სომხებისა და სომხეთის  საწინააღმდეგოდ. ისრაელი ცალკე ურთიერთქმედებს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან კონტრდაზვერვის ხაზით. გასაგებია, რომ ისრაელი  ირანთან შესაძლო ომისთვის ემზადება, მაგრამ პარალელურად, აზერბაიჯანს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებს. გაეროს უშიშროებიოს საბჭომ, დროა, შეაჩეროს ისრაელი და მოუწოდოს მას, ნუ ძაბავს სიტუაციას ამიერკავკასიაში“.

ამ ფონზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც, რომლებმაც მიმართვა გამოაქვეყნეს და აცხადებენ, რომ „რუსეთის სხვადასხვა რაიონებიდან მოდის წერილები, რომლებშიც ისინი გამოხატავენ მზადყოფნას სომხეთის რესპუბლიკის დასაცავად. ჩვენ თხოვნით მივმართავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს , უფლება მისცეს მოხალისეთა რაზმებს, აზერბაიჯანის მხრიდან პროვოკაციების გამწვავების დროს, ჩვენი ისტორიული სამშობლოს საზღვრების დაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, დავდგეთ ჩვენი ისტორიული სამშობლოს საზღვრების დაცვის სადარაჯოზე“ - წერია მიმართვაში.

0

ავტორი: