09:24:49     09-06-2012
აკაკი - ქვასთან, ხესთან, ყვავილებთან მოსაბრე, როგორც მინდია
1840 წლის 9 ივნისს დაიბადა აკაკი...
ქართველები ვიტყვით აკაკის და უკვე ყველაფერი გასაგებია...დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი... და ა. შ. და ა. შ.
არ ვიცი, როგორ შეიძლება გამოიხატოს რას ნიშნავს ჩვენთვის აკაკი წერეთელი.
ახალი სტილით აკაკის დაბადების დღეს 21 ივნისს აღნიშნავენ. ასე უწევს, მაგრამ, ჩვენ ახლაც აღვნიშნოთ და 21 ივნისსაც. რაც ხშირად იქნება მისი ნათელი სახება ჩვენთან, რაც მეტად მივუგდებთ ყურს, განა უკეთესი არ არის?
რაღაცნაირად დაემთხვა, დღეს საუბარი მქონდა ქართული მითოსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონაჟზე - მინდიაზე.
მინდია ბუნებასთან ჰარმონიული დამოკიდებულების, ნამდვილი ღვთისნიერი, ღვთის წიაღში მყოფის სიბრძნის მატარებელი ადამიანია, განღმრთობილი კაცი.
მინდიას სრული წონასწორობა აქვს სამყაროსთან. არაფერს ზედმეტს არ იღებს, არ აზიანებს არაფერს...
ქართული მსოფლგაგება მინდიას მსოფლაღქმიდანაა.
ასეთები კი ბუნების, ბუნებრიობის ნამდვილი შვილები არიან. ასეთების აღზრდას მიესწრაფვოდა ქართველი ხალხი, დაწყებული მეფიდან, გლეხით დამთავრებული. აღზრდის სისტემები, თამაშები და სათამაშოები, გამზრდელ-გაზრდილისა და ძუძუმტის ინსტიტუტი, ემსახურებოდა ნამდვილი ადამიანის აღზრდას, რომელიც მუდმივად წონასწორობაშია ყველასთან და ყველაფერთან. მაგრამ თუ წონასწორობა დაირღვა, ის აღდგენას ცდილობს. ვინმემ შემოუტია სამშობლოს? ის ავანგარდშია! ვინმე ჩაგრავს სუსტს? ის დამცველია! ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ის თავის სიცოცხლეს ანაცვალებს სხვას! ჭეშმარიტების სამსახურისთვის რა ბედენაა ტანჯვა, თუნდაც სიკვდილი!
როგორც ვთქვით, ასეთი ადამიანების აღზრდისათვის მთელი სისტემები არსებობდა. ჩვენს ლიტერატურაში ადამიანი არა ერთგზის შეხვდება მოზარდის ხასიათში თანაგრძნობის, ადამიანურობის ჩამოყალიბებისათვის არსებულ ტრადიციებს და პედაგოგიურ მეთოდებს თუ ტრადიციებს.
აკაკი წერეთელიც სწორედ ამგვარი წესების, ამგვარი ტრადიციების, ამგვარი დამოკიდებულების შესახებ გვიამბობს თავის შესანიშნავ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“.
ადამიანის აღზრდას, კეთილშობილებას და ა. შ. თავი რომ დავანებოთ, ბუნებაში, უბრალო სოფლურ გარემოში იზრდება ჭეშმარიტი პოეტიც. პოეტი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს ბუნების უთვალავ ფერს, გრძნობს სიცოცხლის ყოველგვარ გამოვლინებას, ყურს უგდებს ყოველ არსებას და მერე თავისი შემოქმედებით ახარებს ბუნების მეფეთა, ადამიანთა გულებს, აბრუნებს მათ ბუნებაში. იმათაც კი, ვისაც დაკლებია ბუნებაში ყოფნა. თუკი ასეთებს გულისყური აქვთ.
გავიხსენოთ აკაკის „ჩემი თავგადასავალის“ ის მონაკვეთი, სადაც ბავშვის აღზრდაზე და სამყაროსთან მის ურთიერთობაზე გვიამბობს ჩვენი დიდებული პოეტი. აქ კარგად ჩანს, რომ ის „ჩვეულებრივი“ ბავშვი არ ყოფილა. ბუნებამ, განგებამ, დაბადებიდან, დიდი ტალანტის მინიჭებით, ბავშვობის ცხოვრების წესით, კარგი განათლებით - ყველაფრით შეუწყო ხელი, რომ ის დიდი მგოსანი გამხდარიყო... გამხდარიყო აკაკი!
ჩემი თავგადასავალი
თავი I
(ნაწყვეტი)
ჩიხურას პირად, მაღლობზე, დგას ორსართულიანი ქვიტკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე - ციხის, მაგრამ არცერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. ნათქვამია: ადამის შვილი, გაჩნდება თუ არა ქვეყნად, მისი ბედის ვარსკვლავიც მაშინვე ცაზე იჭედება, წინასწარი ზედწარწერითო! თუ ეს მართალია, ეჭვი არ არის, რომ ჩემს ვარსკვლავზედაც შემდეგი შაირი წერებულა:
ერთი რამ ცხოველი არის,
ხმას აწვდენს შორით-შორსაო,
თავისთვის ჩოჩორს აკეთებს,
სხვისთვის კი კაი ჯორსაო.
იმ თავითვე, დავბადებულვარ თუ არა, ვაჟის შეძენით გახარებულ მამაჩემს დიდი ხნის გარისხული და სასახლიდან გაგდებული შინაყმა შეურიგებია, და მე კი ბებიას მაშინვე გავულახივარ. აი, როგორ მოჰყვებოდა ხოლმე ამ ამბავს გაზეპირებული „მამაო ჩვენო“-სავით ცხონებული გადიაჩემი: „ვენაცვალე ჩემს კაკოს! (ბავშვობისას კაკოს მეძახდნენ) ამის დაბადებაც სულ სხვანაირი იყოო: დაიბადა ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა და ისე გაეკმიდა სული, რომ კრინტს არა სძრავდაო! ეს თურმე იმას ჰფიქრობდა: საიდან სად მოვედიო? და ბებიას კი გულშემოყრილი ეგონა და ჩქმეტა დაუწყო!.. ერთი-ორი კიდეც შემოუცაცუნა ხელი და ძლივს ხმა ამოაღებინაო! ვის უნახავს ამისი ტირილი? სულ იცინოდაო“.
ამას სხვებიც ამბობენ.
დიახ, სულ თურმე ვიცინოდი, და ამ სიცილს ერთი კარგი უსიამოვნებაც მოუხდენია: ერთხელ ჩამოსულა ჩვენსა მეზობლის გამდელი და, მომცინარი რომ ვუნახივარ, უთქვამს: „ვუიმე!.. ჩემი გაზრდილი ნუ მომიკვდება, ეს ბავშვი ისე იცინის, რომ სწორედ სულელი გამოვაო!..“ ჩემ გამდელს სწყენია ეს და უპასუხნია: „როგორ თუ სულელიო?! ანგელოზია და ანგელოზებს შესცინის!.. იმათ ეთამაშებაო!.. სულელები ზოგი თქვენკენ მოიკითხეო“ და სხვნი!.. წალაპარაკებულან და სცემიან ერთმანეთს. ჩემს გამდელს ჩვენი მოსამსახურეები მოჰხმარებიან, მეზობლისას - მათი; ბოლოს ქალბატონებიც ჩარეულან (რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვითა და მუქარით და არა საქმით). ამ ამბავს მიუწევია ვაჟბატონებამდისაც და ჩამოვარდნილა ორ ოჯახს შუა დიდი უსიამოვნება.
აღარც, თურმე, ეკარებოდნენ ერთმანეთს და აღარც ხმასა სცემდნენ!.. მხოლოდ თევდორობის კვირაში, ზიარების წინეთ, ოქროპირ მღვდლის რჩევით შერიგებულან და მაშინაც კიდევ მამაჩემს სოფელში კაცი გაუგზავნია და შაუთვლია ძიძისათვის: „აქ გამომგვარე ჩემი ხითხითა ბიჭუნა, რომ მეზობლებმა ნახონ, და მტრებს თვალები დავუყენოვო!“ გამოვუყვანივართ, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველას გაკვირვება, რომ „ხითხითა ბიჭს“, ჩვეულების წინააღმდეგ, ერთი ღიმილიც არ მომსვლია, ისე თურმე ვყოფილვარ გაბრუებულსავით.
აქ ცხადია, რომ სოფელში ნამყოფ ათი თვის ბავშვს სასახლეში ყველაფერი მეუცხოვებოდა და გაშტერებული ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ გაუგიათ და არ აუხსნიათ ჩვენებს!.. იმათ უფიქრიათ: ეს სწორედ შურისა და სიხარბის საქმეა, თვალი ჰკრეს, გაღალესო და ისევ საჩქაროდ დავუბრუნებივართ სოფელში. ძიძასაც გზაზე ერთ ვიღაც მკითხავთან გაუვლია, გამოულოცვინებია... შეუბამთ ჩემთვის ყელზე ღინჭილა, მწარე ბალი და მიუყვანივართ სოფელში - შინ. იქ, რასაკვირველია, მომბრუნებია გული და ისევ დამიწყია სიცილი. ჩემი ძიძა დარწმუნებულა, რომ სწორედ გასჭრა შელოცვამ, გამობრუნდა ყმაწვილი, ახლა აღარა უჭირს რაო და მახარობელიც უფრენია სასახლისაკენ.
ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ.
ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდეთ!.. აქ სულ სხვა მიზეზები და საფუძველი იყო: ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას. გარდა ნათელ-მირონობისა, თითქმის სისხლხორცობა არ მიაჩნდათ ისე მტკიცე კავშირად, როგორც გამზრდელ-გაზრდილობა. არათუ ძიძიშვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის, და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ კაცს, და მისი ბრალია, რომ ამ უკანასკნელ საუკუნემდე ჩვენს ქვეყანაში უფრო კაცური და კეთილი განწყობილება იყო მაღალ და დაბალ წოდებას შუა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, რომ ამ გონივრული ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარებაც.
და კურთხეულიმც იყოს ეს ჩვეულება!.. არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი.
საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი.
როგორც სათვალდათვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც. თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯ-უსარკმელო, მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხარ-თეძოზე წამოწოლილი, დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტლად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა. გლეხის ოჯახი დილიდან საღამომდე სულ მუშაობაშია, საქმე არ გამოელევათ და ამიტომ ბავშვების გრძნობა-გონება სუყოველთვის გართულია.
კაცები დილითვე ადრე მიდიან სამუშაოდ ყანებში, თუ ტყეში, სადილი და სამხარიც იქ მიუდისთ და დაღამებამდე ძვირად ბრუნდებიან სახლში. ქალები კი საოჯახო საქმეზე ტრიალებენ. მათ ხელშია საქონლის მოვლა, ფრინველების პატრონობა, სახლის დაგვა-დასუფთავება, სადილ-ვახშმის მზადება და მრავალი სხვა საწვრილმანო რამეები. ბავშვი რომ თვალყურს ადევნებს იმათ მუშაობას, თვითონაც ძალაუნებურად მონაწილე ხდება და სწავლობს. ხუთი-ექვსი წლისამ ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვის ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამანდის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი, ასე რომ ჩემი შესაფერი ხელსაწყო რომ მქონოდა, ყველაფერს მოვახერხებდი. არ ვიცოდი მხოლოდ წინდა-პაიჭის ქსოვა და კერვა და ისიც იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ქალის ხელსაქნარი კაცისათვის დიდი ცოდვა არისო“ და მეც მეჯერა.
მჯეროდა, მაგრამ ჩუმად მაინც გავტეხე ცოდვა და ვისწავლე მატყლის ჩეჩვა და ბამბის პენტვა. აი, როგორ მოხდა ეს: ჩემი ძიძიშვილი, რომელიც ჩემთან ძუძუშენაწოვარი და ჩემი კბილა იყო, არასოდეს არ მშორდებოდა, სულ ჩემთან იყო. ერთხელ ავდრიანი დღე იყო და, ქალებმა რომ ყანაში მუშებს სამხარი წაუღეს, ჩვენ შინ დაგვტოვეს, თან აღარ წაგვიყვანეს. გვეწყინა, მაგრამ რაღას ვიზამდით? დავრჩით მარტო, - მოგვეწყინა. ჯერ დანასობია ვითამაშეთ, მერე კენჭობია, მაგრამ მაინც ვერ გავერთეთ, რადგანაც ამგვარი სათამაშოები მოწყენილი და მობეზრებული გვქონდა. ძიძიშვილმა მითხრა: „მოდი, ერთი, ბაბუას წვერები დავუჩეჩოთო!“ ჩამოიღო საჩეჩელი, მოიტანა მატყლი და დაუწყო ჩეჩვა, თანაც ასე იძახოდა: „ასე დაეჩეჩოს ბაბუას წვერებიო“. ეს ძალიან მომეწონა და მეც მივბაძე.
დიდხანს ვერ ვახერხებდი ჩეჩვას; ორჯერ-სამჯერ საჩეჩლის ჩხირები მეჩხვლიტა, მაგრამ მაინც თავი არ დამინებებია. ვინ იყო ის ბაბუა, ან რას ვერჩოდით? ეს წარმოდგენილი არც ერთს არ გვქონდა, მაგრამ ძალიან აღტაცებაში მოვყავდით ამ ბაბუას წვერების ჩეჩვას, ასე რომ თითქმის დავიქანცეთ... ბოლოს ისევ ძიძიშვილმა სთქვა: „კმარა ამდენი ჩეჩვა, ახლა გავპენტოთ და ქარს გავატანოთ ბაბუას წვერებიო“, ჩამოიღო ლარი, მოიტანა ბამბა და დაუწყო პენტვა. თან პენტავდა და თანაც ლარის ბაგაბუგის ხმაზე ბუქნას უვლიდა. მეც, რასაკვირველია, გავიმეორე მისი ნამოძღვრალი და ისე შეგვიყვარდა ეს „ბაბუას წვერის“ თამაში, რომ შემდეგში, როგორც კი გავიგულებდით სადმე ქალებს, სულ ამას ვთამაშობდით და ისე კარგადაც კი შევისწავლეთ საჩეჩელის და ლარის ხელი, რომ ქალებიც ვეღარა გვჯობნიდნენ. ძალიან ვფრთხილობდით, რაც კი შეგვეძლო, მაგრამ ერთხელ მოგვასწრეს ქალებმა, და ჩემმა ძიძამაც ჩამოიკაწრა ლოყები: „ვუიმე! რა გიქნიათ ეგ, შვილებო? ეგ ხომ დიდი ცოდვა არის?.. ქალების ხელსაქნარი რა თქვენი საქმეაო?..
და მერე ბატონებმაც თუ გაიგეს სასახლეში, რას იტყვიანო?“ იმ დღიდან გვიმალავდნენ ლარსაც და საჩეჩელსაც, მაგრამ გვიანღა იყო. ყმაწვილის გონება-გრძნობა მოუსვენარია, ყოველ წუთს მოძრაობაშია, მაგრამ ფეხმოუკიდებელი კი არის, დიდხანს ერთსა და იმავე საგანს ვერ შერჩება. ერთგვარობა და ერთფეროვნება მალე ჰბეზრდება და საგნიდან საგანზე გადადის: ამიტომ ოთახში ყოფნა ეზარება, რადგანაც, რაც კი ოთახში რამ არის, ყველაფერი ნაცნობია მისი, თვალი შეჩვეული აქვს და ვეღარ ართობს მის გრძნობა-გონებას: ის გარბის მინდვრად ცა და მიწას შუა, სადაც სანახაობა მრავალფერი და უთვალავია მისთვის. შინ დარჩენა ჩემთვისაც, რასაკვირველია, დასჯა იყო. მიყვარდა ხოლმე ყანებში სიარული, სადაც მუშები იმღეროდნენ, მაგრამ დიდხნობით ვერც იქ ვჩერდებოდი, რადგანაც მე თითქმის ყურადღებას არავინ მაქცევდა, თავის საქმეზე იდგნენ. ვინ არ იცის, რომ ყმაწვილი ბუნებათანაზიარია, ყოველთვის ჰსურს, რომ თვისი გულისპასუხი სხვებსაც გადასცეს, შეატყობინოს ხოლმე, და ეს მხოლოდ შეუძლია თავის ტოლ-ამხანაგებთან. ხშირად, როდესაც ყმაწვილი ვეღარა ჰხედავს ტოლ-ამხანაგს, უსულო საგნებს ესაუბრება ხოლმე...
ქვას, ხეს, ყვავილს, ბალახს და სხვა, - პირუტყვებთან ხომ რაღა! ისე სიამოვნებით მუსაიფობს ხოლმე, რომ მეტი აღარ შეიძლება!.. მხოლოდ დიდებთან ვერ ახერხებდნენ ყმაწვილები სიტყვა-პასუხსა და გულს არ უხსნიან მათ!.. და ეს კი თვით უფროსების მედიდურობისა და აუყოლელობის ბრალია. ცხადია, რომ მეც ამიტომ ვერ ვრჩებოდი დიდხანს ყანაში მუშებთან. მაგიერად სამწყემსურში წასვლა, მინდვრად და ტყეში, და იქ დარჩენა ჩემთვის სამოთხეში შესვლა იყო. გათენდებოდა თუ არა, უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქა ვრჩებოდი. ყმაწვილი, რომელიც კი სოფელში არ გაზრდილა, ბუნებაზე სრულიად მოსხლეტილია.
ის არის მოკლებული უპირველესს ბედნიერებას. ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით. სოფლელს თვალწინ უდგას ყოველთვის ბუნება, მისის სხვადასხვაფერობით, გაცნობილი ჰყავს ყოველგვარი ოთხფეხი, ფრინველი, ქვემძრომი, მწერი, მცენარე და იცის მათი ზნე და ჩვეულება; ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება, აყვავდება, მოაქვს ნაყოფი და კვდება, - ყველა მათგანის ჭირისა და ლხინის თანამოზიარეა და ამიტომაც ეთვისიანება მათ.
რომელ მხატვრობას შეუძლია გადასცეს ბავშვს ის, რასაც სოფელში მყოფი თავის თვალით ჰხედავს? ავიღოთ, თუ გინდა, სულ უკანასკნელი: აი, მოდის, მოღრუჩუნებს დედა-ღორი და მას ცქრიალით უკან მოსდევენ პატარ-პატარა ჭყივილა გოჭები. ძუძუს ეხვეწებიან... დედა მიდის სადმე ჩრდილში და წამოგორდება მხარ-თეძოზე: მისცვივდებიან შვილები და მიეძაბრებიან ძუძუებს; სიამოვნების ნიშნად აქიცინებენ პატარა გადაპრეხილ კუდებს და დედაც თვალდახუჭული დაჰხარის, დაღრუჩუნებს მათ... აგერ, კრავები კუნტრუშობენ, თიკნები დახტიან...
გოჭები ჭიდაობენ, კვიცები კოტრიალობენ და სხვანი - სულ მრავალფერობა და სხვადასხვა სანახაობა... უყურებს ბავშვი და თვითონაც გულშექმნილი, ხტის და თამაშობს!.. ამაებს ყველას მოკლებულია ქალაქელი. „გიმნასტიკაო“ - მეტყვით!.. მაგრამ გიმნასტიკა მხოლოდ ტანჯვაა ბავშვისთვის და სხეულის ჯორჯვა. სხვადასხვა ნაწევრებს ადამიანის გვამისა განა ერთი და იგივე მოთხოვნილება აქვს? მე ეგება მარტო ფეხი მინდა ვავარჯიშო და იმ დროს ხელი შევასვენო. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ დროს თვითონ ბუნება უფრო უტყუვრად უჩვენებს.
„გიმნასტიკის“ დროს კი, წინააღმდეგ ჩემის მოთხოვნილებისა, უნდა მხოლოდ სხვისი ბრძანებით ვიმოძრაო. მაგალითად, მე როცა სირბილი მინდა, ის გამაჩერებს ერთ ადგილზე, მომცემს ხელში მძიმე რკინებს და, გინდა თუ არა, ხელები ავარჯიშეო... ხელოვნებას შეუძლია, რომ დაიმორჩილოს, ე.ი. დაამახინჯოს ბუნება, მაგრამ რომ შესცვალოს და თავისი სურვილით ვითომ გააუკეთესოს, არა მჯერა. აბა, წარმოიდგინეთ ერთი მხრით თავისუფალი, შველივით მონავარდე, სოფლელი ბავშვი და მეორე მხრით „დაჩანჩურებული“ ქალაქელი ყმაწვილი!.. ფეხსაცმელი უჭერს და მაზოლები სტანჯავს... გამოსუდრულა ტანთსაცმელში, საძრაობა აღარ აქვს, ეუბნებიან: ჭკვიანად იყავი, რაც ჩვენ გირჩიოთ, მხოლოდ ის იკისრე შენცო!..
იმ საბრალოს ერთი გაკოტრიალება ქვეყანას ურჩევნია, მაგრამ განა გაბედავს, რომ ტანისამოსი დასვაროს?.. იზრდება ბრძანებით მომავალი ჭლექი და მუმია.
ქართველების ოდენა სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწრთვნის, ავარჯიშებს. ყველას არ ჩამოგითვლით აქ, რადგანაც შემდეგ კიდევ მექნება მათზე მსჯელობა განსაკუთრებით, და დავასახელებ მხოლოდ „ბურთაობას“. აბა, რომელი „გიმნასტიკა“ შეედრება მას? ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს. ქართულ სათამაშოებს ბავშვები თავის ხელით აკეთებენ, მაგალითად, ტაფა-რიკს თვითონ გამოსჭრიან ხოლმე, შვილდ-კოდალს იკეთებენ ხოლმე, ბურთს თავის ხელით იმზადებენ, და ეს შრომა კიდევ უფრო აყვარებს პატარა პატრონს თავის საკუთრებას! ნაყიდი სათამაშოები და მუქთად ნაშოვნი ტიკინები ქალაქებში მუქთახორობას აჩვევენ ყმაწვილებს და უფრო უფუჭებენ ხასიათს. ეს მე ჩემ თავზე გამომიცდია! სხვისი გაკეთებული და ნაყიდი სათამაშოები არაფრად არ მიმაჩნდა და ჩემსას კი ვუფრთხილდებოდი ხოლმე. პატარებს უყვართ დიდების მიბაძვა და, მეც რომ ხუხულა სახლებსა და ბეღელ-სასიმინდე-წისქვილებს ვაშენებდი ხოლმე, ჩემს სიამოვნებას საზღვარი აღარ ჰქონდა.
თავი მომქონდა, რომ მე თვითონ ვაკეთებდი. აბა, წარმოიდგინეთ სოფლელი ბავშვი, რომელსაც თავის ხელით გაკეთებული ბურთი ხელში უჭირავს და თავისუფლად გაჰკრავ-გამოჰკრავს ხოლმე ხტუნვითა და სირბილით, და შეუდარეთ ქალაქელს! იმ საცოდავს უჭირავს ხელში ძაფზე გამობმული ბუშტის ბურთი შიშით ვეღარ ინძრევა, არ გამიფრინდესო... რომ სიტყვა აღარ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი, რომ სოფელში გაზრდილ და ქალაქში მყოფ ბავშვებს შუა ისეთი განსხვავებაა, როგორიც ნამდვილსა და მის აჩრდილს შუა. ეს უბედურება ბედმა თავიდან ამაცდინა მე და ექვსი-შვიდი წლის ნამდვილი ბუნების შვილი ვიყავი: ტანმრთელი, მალხაზი, კეთილი, ყველას მოსიყვარულე და თავისუფალი, როგორც სამოთხის შვილი. დიახ, სანამდი სოფელში ვიზრდებოდი, სრულიად ბედნიერიც ვიყავი, თუმცა ხანდახან, კვირაში ერთხელ თუ ორჯერ, ჩემს ბედნიერებას შეაფერხებდნენ ხოლმე სასახლიდან ჩემ სანახავად გამოსულები!
„დღეს ბატონები მობრძანდებიანო!“ - იტყოდა ხოლმე ჩემი ძიძა: გამწმენდდა, გამბანდა, მომრთავდა, თითქოს სადღესასწაულოდ, და აღარ გამიშვებდა გარეთ. მართლაც იმ დღეს გამოვიდოდნენ ჩემ სანახავად დედ-მამა დიდის ამბითა და ამალით, ისე, როგორც კი შეშვენოდა ბატონყმობის დროს, და მთელი სოფელი ცერად გადაიქცეოდა ხოლმე. იმათი გამოსვლა ჩემთვის მხოლოდ სასეირო და სათამაშო იყო.
ვიცოდი, რომ ისინი ბატონები იყვნენ და მე მათი შვილი ვიყავი. როგორც ისინი, ისე მათი მხლებლები მოწიწებითა და ალერსით მეპყრობოდნენ: მკოცნიდნენ და მანებივრებდნენ, მაგრამ მაინც მე მათი მობრძანება ბევრად არაფრად მეპიტნავებოდა, რადგანაც გული ტყე-მინდვრისა და სამწყემსურისაკენ მქონდა. კიდევ ჩემი ბედი, რომ ისინი დიდხანს არ იცდიდნენ სოფელში და მეც, გავიგულებდი თუ არა მათ ცოტა მოშორებით, ისევ გავრბოდი სამწყემსურში. იქ სოფლის ბიჭები, ჩემი ამხანაგები, გამომკითხავდნენ ხოლმე: „რა მოგიტანეს, რა გითხრეს ბატონებმა, როგორ იყვნენო?“ და სხვა. ამის გამოკითხვის შემდეგ, ჩვენც მაშინვე „ბატონობიას“ თამაშს დავიწყებდით ხოლმე: ზოგი ქალბატონს წარმოადგენდა, ზოგი ვითომ ვაჟბატონი იყო, ზოგიც მხლებლები!.. გადავჯდებოდით ჯორის ცხენებზე და ჩვენს მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა.
ზემოთაც მოვიხსენიე, რომ ქართველებს ურიცხვი და უთვალავი სათამაშოები გვაქვს-მეთქი. ერთი მათგანი სამუდამოდ ჩამრჩა გრძნობა-გონებაში, თუმც ის თამაშობა თავისთავად სახალისო არ არის.
ეს გახლავთ „ქორობია“. ერთი უფროსთაგანი კრუხობას იკისრებდა, სხვები წიწილები ვიყავით, გავაკეთებდით წრეს, ჩავაბამდით ფერხულს და ვტრიალებდით. ქორი მოდიოდა წიწილების მოსატაცებლად, კრუხი იგერიებდა, სანამ ძალ-ღონე ჰქონდა. ბოლოს ქორი ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორე კუთხიდან მოვარდებოდა, გაჰგლეჯდა წრეს და გაიტაცებდა წიწილს; მაშინ წიწილები გაიფანტებოდნენ, მიიმალებოდნენ აქეთ-იქით და გამწარებული კრუხი კი, შვილებს რომ აქეთ-იქით მიმალულსა და მიხიზნულს დაინახავდა, თვითონ გამოუდგებოდა ქორს, დააგდებინებდა და დაიბრუნებდა ხოლმე გატაცებულ წიწილას. მაშინ ხელახლად იწყებდა ქოთქოთს, შეიკრებდა წიწილებს და გააბამდა წრეს. მართალია, გამარჯვებული კი ყოველთვის კრუხი რჩებოდა, მაგრამ იმ საბრალოს მოსვენება არ ჰქონდა და იტანჯებოდა. ეს თამაში მე არ მიყვარდა, თუმცა ყოველდღე სხვადასხვა თამაშობას ამითი ვაბოლოვებდით ხოლმე.
მეცოდებოდა კრუხი და ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე ძიძას: „რა დაუშავა კრუხმა ქორს, რომ წიწილებს სტაცებს და არ ასვენებს-მეთქი?“ - „ჭამა უნდაო!“ - მიპასუხებდა ხოლმე ძიძა და დაიწყებდა სიცილს. არ ვიცი, ეს თამაშობა, რომელიც სავარჯიშოდ დიდი არა არის რა, განზრახ იყო გამოგონებული რაიმე სამნიშვნელოდ, თუ ისე შემთხვევით, უბრალოდ, მაგრამ დღეს რომ ვუკვირდები, ძალიან მაგონებს ჩვენი ქვეყნის ბედს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ისტორია სწორედ ქორობიას წარმოადგენდა: საქართველო კრუხი იყო სიცოცხლეგამწარებული, და სხვა მისი კუთხეები - წიწილები!.. მტრები ქორებივით ესეოდნენ... იტაცებდნენ ხან ერთს მხარესა და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოოდ კი საქართველო მაინც კიდევ იბრუნებდა ხოლმე დაკარგულ მხარეს და გაერთიანებული, ფერხულჩაბმული წრე ბოლოს იქნევდა ძლიერად. მაშინ მე ეს არ მესმოდა, რასაკვირველია, მაგრამ გულზე რაღაც კი უნებურად მკბენდა და მეჯავრებოდა „ქორობია“. თუმცა მისი თამაშობა ყველას კი უნდოდა, მაგრამ სიყვარულით კი არავის უყვარდა.
ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, მოწყენა შემნიშნა ძიძამ და მითხრა: „რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშნიათო“.
- ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცა-მეთქი! - ვუპასუხე სიცილით. ძიძამ ჩამიკრა გულში და დაიწყო ტირილი. მე გამიკვირდა და ვკითხე: „რა გატირებს-მეთქი?“ - „ის მატირებს, რომ ხვალ ჩემს წიწილასაც მოიტაცებენ და მომაშორებენო!.. წიწილას რა უჭირს, მაგრამ, როგორ აიტანოს და როგორღა გასძლოს კრუხმა უიმისობით?“ ეს რომ სთქვა, გული ამოუჯდა, მოუმატა ტირილს და უფრო ძალუმად მიმიკრა გულზე. მე თუმცა არა მესმოდა რა, მაგრამ მივხვდი, რომ აქ კარგი არა არის რა-მეთქი, და დავიწყე ტირილი... ვიტირე, ვიტირე და ჩამეძინა ძიძის კალთაში. მეორე დღეს კი ყოველივე გავიგე: სამუდამოდ გამომათხოვეს სოფელს და გამიყვანეს სასახლეში, სადაც სულ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო.
0