ალექსანდრე წულუკიძე - „პოეტს“ ალექსანდრე წულუკიძე - „პოეტს“ />


  09:22:12     09-06-2012

ალექსანდრე წულუკიძე - „პოეტს“

a18907.jpg

რევოლუციონერი ალექსანდრე (საშა) წულუკიძე ცნობილი პიროვნება გახლდათ რუსეთის იმპერიაში. სხვათა შორის, 8  (ახალი სტილით 21) ივნისს მისი გარდაცვალების დღეა. 1905 წელს საშა წულუკიძის დაკრძალვაზე, ხონში, სტალინს, რევოლუციურად მგზნებარე სიტყვაც წარმოუთქვამს.

ალექსანდრე (საშა) გრიგოლის ძე წულუკიძე დაიბადა 1875 წლის (ზოგგან მითითებულია 1876 წელი) 1 (ახალი სტილით 13) ნოემბერს ხონში, ქუთაისის მაზრაში.

წულუკიძეების საგვარეულო ცნობილია 1451 წლიდან. ისინი არისტოკრატები იყვნენ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არა ერთი აზნაურული თუ თავადური წარმოშობის ადამიანი, ისევე, როგორც არა ერთი გლეხთა წრიდან გამოსული პიროვნება მიემხრო რევოლუციურ მოძრაობას. ეს უცნაური არ უნდა გვეჩვენოს. ზოგი იმის გამო ემხრობოდა რევოლუციას, რომ სოციალური პრობლემა, მართლაც, მძიმე იყო იმპერიაში, ეროვნული საკითხიც მწვავედ იდგა. გამოსავალს ისინი ხედავდნენ სოციალურ სამართლიანობაში, რევოლუციურ მოძრაობაში.

ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით მათ, ისეთებს, ვისაც რევოლუციურ ტერორში, საქართველოს გასაბჭოებაში და ა. შ. მონაწილეობა არ მიუღიათ. რევოლუციონერობა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, მთელი რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების მასშტაბით. „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ გაცილებით მიმზიდველად ჩანდა ვიდრე სოციალური, ეროვნული ჩაგვრა და ჩამორჩენილი ქვეყნის არადემოკრატიული, ჟანდარმული რეჟიმის მწარე სინამდვილე.

საშა წულუკიძე იყო რუსეთის პირველი რევოლუციის აქტიური მონაწილე, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. 1896 წელს შევიდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში და გახდა "მესამე დასის" რევოლუციური ფრთის აქტიური წევრი. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ბათუმსა და ბაქოში. 1897-1899 წლებში გახლდათ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე შევიდა  სტუდენტების მარქსისტული წრეში.

1899 წელს დაბრუნდა საქართველოში და როგორც ვთქვით, აქტიური რევოლუციონერის ცხოვრებით ცხოვრობდა. წერდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. 1905 წლის იანვარში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც მკვეთრად გაუარესდა მისი ჯანმთელობის მდგომარეობა.

წერდა ლექსებსაც, ისევე როგორც სტალინი. გვინდა მკითხველს შევთავაზოთ მისი ლექსი „პოეტს“. ამ ლექსით კარგად იხსნება რევოლუციით გატაცებულთა ფსიქოლოგია თუ მიზანი, ისინი უსამართლობას ვერ ურიგდებოდნენ. მით უმეტეს, ჯერ კიდევ ძალიან მახინჯი და მასობრივი სახე არ ჰქონდა მიღებული მარქსისტების ყველაზე უკიდურესად რადიკალური ფრთის წარმომადგენელთა, ბოლშევიკთა მოქმედებებს. ბოლშევიზმი მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იყო.

წინამდებარე ლექსი, ავტორს თავისი და ზოგადად, რევოლუციონერი პოეტების მისამართით აქვს დაწერილი. ეს ლექსი ერთგვარად პოეზიის დანიშნულებაზეა. ლექსის ისტორია საინტერესოა. კაპიტონ გოგოლაძის მოგონებით, რომელიც დაცულია პროფესორ შალვა გოზალიშვილის არქივში (გადასცა კაპიტონ გოგოლაძის შვილმა), ალექსანდრე წულუკიძე ლექსებს წერდა. ეს ლექსი მას წაუკითხავს სპირიდონ ჭელიძის წიგნის მაღაზიაში, ბათუმში. ლექსი შემოუნახავს მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც უნდოდა ეს ლექსი შეეტანა კრებულში „ჩანგური“. მაგრამ წულუკიძის კატეგორიული მოთხოვნით ეს ლექსი მაშინ არ გამოქვეყნდა. შემდეგში აღნიშნული ლექსი გამოაქვეყნა გოზალიშვილმა წიგნში „ქართული რევოლუციური მხატვრული ლიტერატურის ისტორიისათვის“, I, 1963, გვ. 267.

პოეტს

რა გამღერებს? ხედავ ირგვლივ
ცრემლთ ნაკადულს აღქაფებულს?
ვერ უყურებთ ბორკილთ მსხვრევით
სახე ნაკაწრ-გამწარებულს?

რა გამღერებს, როს მსმენელნი
ოხვრით გმობენ შენს სიმღერას!
თვით მტირალნი დასწყევლიან
მხიარულთა ბედის წერას.

რა გამღერებს, ჩვენს ტანჯულ გულს
ნაზი ხმები შიგ ვერ სწვდება
და ოცნების განატყორცნი
ჰაერშივე ფუჭად კვდება.

რა მამღერებს? განა ტირილს
შეუძლიან ტანჯულთ შვება?
არა! ძალა, მხოლოდ ძალა
და ამ ძალთა შეერთება.

რა მამღერებს? მისთვის ვმღერი,
რომ გულს მივცე შვება, ლხენა;
ცხოვრებისა წყაროდ შევქმნა
დღევანდელი ცრემლთა დენა.

რა მამღერებს? მხოლოდ ცრემლი,
მწარე ტირილს ნაზი მღერით
მიმოვფანტავ დარბაზ-ქოხში,
ტანჯვას ვამცნევ სიმთა ჟღერით.

0

ავტორი: