რუსეთი სომხეთში სადესანტო ჯარების მობილიზებას ახდენს რუსეთი სომხეთში სადესანტო ჯარების მობილიზებას ახდენს />


  08:19:23     09-06-2012

რუსეთი სომხეთში სადესანტო ჯარების მობილიზებას ახდენს

a18899.jpg

რუსეთი სომხეთში სადესანტო ჯარების დიდ კონტინგენტს გზავნის. ამის შესახებ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ შამანოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა. მან დასძინა, რომ ეს ნაბიჯი კავკასიაში რუსეთის სამხედრო ბაზების მობილურობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ასევე, რუსეთის ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას უზრუნველყოფს.

„ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ასეთი ნაბიჯის გადადგმას გვკარნახობს, არის  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში მონაწილეობიდან გამომდინარე საერთაშორისო ვალდებულება“ - დასძინა შამანოვმა.

რისთვის სჭირდება დამატებითი სადესანტო ჯარები რუსეთს სომხეთში, სადაც ისედაც აქვს სამხედრო ბაზა?

ამის შესახებ, როგორც „კავკაზ-ონლაინი“ იუწყება ექსპერტებმა განგაში ატეხეს. პოლიტოლოგ ვაფა გულუზადეს განცხადებით, სომხეთში რუსული დესანტის განთავსება კრემლსა და თეთრ სახლს შორის დაძაბულობას უკავშირდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა.

გულუზადე თვლის, რომ სომხეთში სადესანტო ჯარების განთავსებით რუსეთი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ რეგიონში აშშ-ის პარტნიორების, კერძოდ, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ მას სამხედრო ძალის გამოყენება შეუძლია.

ექსპერტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდა, რომ რუსეთი აზერბაიჯანში, შეიძლება, სომხეთის საშუალებით შეიჭრას. მისივე თქმით, ყარაბაღის პრობლემის 20-წლიანი დარეგულირების მიუხედავად, წინსვლა არ არსებობს, რაც იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს მყარი მშვიდობა არ აწყობს.

„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმიტომ არ გადადის მშვიდობაში, რომ რუსეთი არ კარგავს იმედს, შესაბამის მომენტში ვითარების პროვოცირება მოახდინოს, გაანადგუროს აზერბაიჯანი და მის ხელისუფლებაში მარიონეტული მთავრობა მოიყვანოს“. მისივე თქმით, რუსეთს „მაგიდაზე უდევს აზერბაიჯანსა და საქართველოზე თავდასხმის გეგმა“.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის არმიის სიძლიერეზე ბევრს საუბრობენ, ექსპერტი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ბაქო დამოუკიდებლად ვერ დაიცავს თავს რუსეთისაგან. „ამიტომ ბაქომ აშშ-სა და თურქეთისგან აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსება უნდა მოითხოვოს. ერთი თურქული პოლკი მაინც უნდა განთავსდეს ნახიჩევანში. ამერიკული ავიაბაზა კი თურქეთის აღმოსავლეთით, - ინჯირლიკში, გადაყვანილ უნდა იქნეს „ნასოსნის“ აეროდრომზე, რომელიც კასპიის სანაპიროზეა განთავსებული, ბაქოს ჩრდილოეთით -40 კილომეტრში“.

0

ავტორი: