სომეხი დეპუტატი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რუსული ბაზის ჩარევას ითხოვს სომეხი დეპუტატი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რუსული ბაზის ჩარევას ითხოვს />


  21:28:29     08-06-2012

სომეხი დეპუტატი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რუსული ბაზის ჩარევას ითხოვს

a18896.jpg

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ 6-7 ივნისს აზერბაიჯანული მხარის პოზიციებიდან მათი მიმართულებით 1000 გასროლა მოხდა, რაზეც საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ორი ქვეყნის საზღვარზე შექმნილი სიტუაცია 1992 წლის შემდეგ პირველი სერიოზული დაძაბულობაა.

მხარეები დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა იმავდროულად, მიანიშნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „მოწინააღმდეგისთვს“ ადექვატური პასუხის გასაცემად მზად არიან. ვითარების ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის შანსს ექსპერტები არ გამორიცხავენ.

ორივე მხარეს თავისი მოსაზრებები აქვს: აზერბაიჯანელი ექსპერტი ასად ისაზადე ამბობს, რომ სიტუაციის გამწვავებით, შეიძლება რუსეთი იყოს დაინტერესებული. „ეს შეიძლება გზავნილი იყოს ამერიკისათვის, რომ რუსეთს არ სურს დათმოს შუამავლის როლი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დამატებითი გამაღიზიანებელი, რა თქმა უნდა, რუსეთისათვის, იყო ჰილარი კლინტონის განცხადება თბილისში - საქართველოს ნატოში შესვლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“ - ამბობს ისაზადე. მისი თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს ესკალაციას, ომის საფრთხე რეალურია.

სომეხი ექსპერტი ალექსანდრ ისკანდერიანი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სურს საომარი მოქმედებებით მსოფლიო საზოგადოებაზე მოახდინოს გავლენა. ერევანში დარწმუნებულები არიან, რომ ბაქო მსოფლიო საზოგადოებას „აშანტაჟებს“, რადგან შექმნილ სტატუს-ქვოს ვერ ეგუება.

სომეხმა დეპუტატმა გაიკ ბაბუხანიანმა დღეს მოითხოვა, რომ წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთონ სომხეთში რუსული ბაზებისა და  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ხელმძღვანელობამ. მისივე თქმით, რუსეთის ბაზამ, შეთანხმების შესაბამისად, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება.

საერთაშორისო Crisis Group-ის ანალიტიკოსი საბინა ფრეიზერი ამბობს, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში გაუარესებისკენაა მიმართული და თუ რომელიმე მხარე პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის გზას აირჩევს, „ეს არ იქნება ისეთი ომი, როგორიც საქართველოში იყო“ - განაცხადა მან. ფრეიზერის თქმით, ეს ომი მთიანი ყარაბაღის ზონიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიაზე, სომხეთში და საქართველოშიც კი გავრცელდება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია ორი ქვეყნის საზღვარზე მომხდარმა ინცინდენტმა განაპირობა, რომლის დროსაც 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა. მას შემდეგ შეტაკება საზღვარზე კიდევ დაფიქსირდა, როცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით სომეხი დივერსანტების ჯგუფი შეეცადა შეჭრილიყო აზერბაიჯანის ნაციონალური არმიის პოზიციებზე სოფელ აშაგის მიდამოებში, რასაც 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ „უპასუხოდ არ დავტოვებთ ჩვენი მოქალაქეების, სახელმწიფო საზღვრებისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ქმედებას“, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი პირდაპირ განაცხადა, რომ  „ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ უმოკლეს ვადებში გაათავისუფლონ სომხეთის მიერ ოკუპირებული მიწები“.

0

ავტორი: