07:47:36     08-06-2012
რუსეთის მორიგი სეპარატისტული ვნებანი: მოსკოვში „დონეცკის რესპუბლიკის“ საელჩო გაიხსნა

მორიგი რუსული პროვოკაცია უკრაინაში. მოსკოვში „დონეცკის რესპუბლიკის საელჩო“ გაიხსნა. ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემები ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაზე დაყრდნობით წერენ და იტყობინებიან, რომ საელჩო უკვე პასპორტებსაც კი გასცემს:
„პირველ რიგში, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ხერსონის მცხოვრებლებს აქვთ უპირატესობა, დონეცკის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის მისაღებად რუსეთის ფედერაციაში დონეცკის რესპუბლიკის საელჩოს მიმართონ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ მომენტისათვის, „საელჩოს“ აპარატი დროებით მოსკოვში, ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირის მოსკოვის განყოფილების ოფისში ყოფილა განთავსებული. „დონეცკის რესპუბლიკა“ რუსეთის შემადგენლობაში შემავალ 1918-1919 წლების დონეცკ-კრივოროჟსკის რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ მოიაზრებს თავს.
„სახალხო მოძრაობა დონეცკის რესპუბლიკამ თავისი პირველი საზღვარგარეთული წარმომადგენლობის გახსნა გადაწყვიტა და ოფიციალური აღიარება მიიღო რუსეთის ფედერაციის რიგი პატრიოტული ორგანიზაციების მხრიდან“ - ნათქვამია ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირის მოსკოვის ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია. იქვე აღნიშნულია, რომ „ეს ნაბიჯი წაადგება დონეცკის რესპუბლიკისა და დანარჩენი რუსეთის მცხოვრებლებს შორის კავშირების გამყარებას - 1991 წელს ისტორიული რუსეთის ხელოვნურად დაყოფილი მიწების გაერთიანების საქმეში“.
აღნიშნული „რესპუბლიკის“ შესახებ ინფორმაცია რუსულ ვიკიპედიაზეც საკმაოდ ვრცლად დევს.
თავდაპირველად 2004 წელს, მოძრაობა „დონეცკის რესპუბლიკა“ დაფუძნებულა. მათი დროშები კიევის მაიდანზე 2007 წელს გამოჩნდა, კოალიცია ნაციონალური ერთობის მიერ მიტინგზე გამოტანილი რუსული დროშების გვერდით.
პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მაშინ უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს იმის გარკვევა დაავალა, საიდან გაჩნდა აქციაზე „დონეცკის რესპუბლიკის“ დროშები.
მოძრაობის წევრების ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე მათგანს გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.
თუმცა, 2009 წელს მოძრაობის აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ დონბასისა და ხერსონის ტერიტორიები სუვერენული რუსული ფედერაციული სახელმწიფოა. იმავე 2010 წლის თებერვალში კი ინტერნეტსაიტები იუწყებოდნენ, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ყრილობა ჩაატარა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით „დონეცკის ფედერაციული რესპუბლიკის სუვერენიტეტი გამოაცხადა“. მისი ინიციატორები უკრაინაში შემავალი „რუსული მიწების“ რუსეთთან მიერთებას ემხრობიან და ნატო-ს წინააღმდეგნი არიან. დეკლარირებული აქვთ, რომ ამ „რესპუბლიკის სახელმწიფო ენა რუსულია“.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რუსი თანამემამულეების ყირიმის საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა ოლეგ სლუსარენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ყირიმი მალე გახდებიან „საკვანძო სეგმენტი“ ევრაზიული კავშირისა, რომელსაც რუსეთი ქმნის.
„დიდი რუსეთის აღდგენის თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებულ იქნება ევრაზიული კავშირის მშენებლობის რბილი, კონფედერაციული ფორმები. უახლოეს მომავალში, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ ამ კავშირის საკვანძო სეგმენტად განისაზღვრება სამხრეთ-დასავლეთი უკრაინა, მათ შორის ყირიმი და მისი მიმდებარე დე-ფაქტო რუსული გეოპოლიტიკური - დნესტრისპირეთი“ - დარწმუნებულია სლუსარენკო.
0