14:09:40     07-06-2012
ნათელაშვილი „ლეიბორისტულ პარტიას“ ტოვებს, გუგავას ნერვიულობით სული ეხუთება

შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი დაიღალა „ფულზე გაყიდული“ ხალხისგან და პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ვრცელდება რამდენიმე ვერსია „ლეიბორისტების“ ლიდერის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ წყვეტს 17 წლიან პოლიტიკურ მოღვაწეობას ნათელაშვილი? პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, ჩვენთან საუბრისას, არც უარყოფს ამ ინფორმაციას და არც ადასტურებს.
- გავრცელდა ინფორმაცია შალვა ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
- კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ თემაზე.
- ან თქვით, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს, ან ...
- მე უკვე გითხარით, რომ ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ხომ მაქვს ამის უფლება?
- უახლოეს მომავალში, გაჟღერდება თუ არა პარტის მიერ განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით?
- არ ვიცი. ამ წუთს რაც მაწუხებს არის სიცხე, რომელმაც დამხუთა.
– ამ თემაზე ვამზადებთ მასალას და გვინდა ამ ინფორმაციის გადამოწმება თქვენთან, ვინაიდან შალვა ნათელაშვილს ვერ ვუკავშირდებით...
- დაწერეთ, რომ გიორგი გუგავა ძალიან შეაწუხა სიცხემ.
- შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში იმყოფება?
- არ ვიცი, მე არ გახლავართ პარტიის ოფისში.
- როდესაც დაგირეკეთ თქვენმა თანაშემწემ გვიპასუხა, რომ თათბირზე იყავით და მოგვიანებით დაგვერეკა, პარტიის ოფისის გარდა კიდევ გაქვთ სადმე თათბირები?
- ბევრ ადგილას შეიძლება თათბირის ჩატარება.
ინფორმაციას ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ მისი პარტიის სხვა წევრები.
„მშრომელების ლიდერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიდო განცხადება, რომ თუკი ვინმეს შალვა ნათელაშვილთან აქვს შეკითხვა, დაუსვან მას კითხვები. შეკითხვები დასმულია, თუმცა გვერდის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხები არ არის გაცემული. საინტერესოა ისიც, რომ „ლეიბორისტების“ ოფისში ტრადიციული ბრიფინგები, რომელიც რამდენიმე წელია 13:00 საათზე იმართება, აღარ ტარდება. გასულ ოთხშაბათს, დაანონსებული ბრიფინგიც არ შედგა.
პირად საუბრებში, „ლეიბორისტების“ აქტივისტები ამბობენ, რომ ნათელაშვილის ამ გადაწყვეტილებას პარტიის დანარჩენი ლიდერები და წევრები აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილი ჯერ კიდევ მემარცხენე ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარეა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება 2002 წელს, როდესაც მათ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს. საპრეზიდენტო არჩევნებში კი, შალვა ნათელაშვილი რამდენჯერმე იყო „ლეიბორისტების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილი დაუპირისპირდა პოლიტიკაში გამოჩენილ ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს. „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ 27 მაისის აქციას კი, ნათელაშვილმა „ფულზე დახარბებული ხალხის თავყრილობა“ უწოდა და მწუხარებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები ფულზე იყიდებიან.
0