10:53:09     07-06-2012
„მეოცნებეებს“ ქუთაისელების ხმების ყიდვა ჩაეშალათ: ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი წუხელ, გვიან ღამით ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დაკითხეს. პოლიციის სამმართველოსთან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. გუბაზ სანიკიძე, ვიქტორ დოლიძე და მინდია უგრეხელიძე აქტივისტების დაკითხვის ფაქტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მიერ ბუკლეტების დარიგებას ამომრჩევილის მოსყიდვის მიზანი არ ჰქონია.
რამდენიმე სატელევიზიო არხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტთა მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.
საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ ბუკლეტების დარიგებას მოსახლეობისთვის, სადაც მოქალაქეებმა თავიანთი ოცნება უნდა ჩაწერონ. ბუკლეტების დარიგების კამპანიის ფარგლებში ქუთაისის აქტივისტები მოქალაქეებს სტუმრობდნენ და „ოცნების ბარათების“ დარიგებასთან ერთად, 1000 ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის შეძენასაც სთავაზობდნენ.
„ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით კონტროლის პალატამ მიმართა.
„ქართულ ოცნებაში“ ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ტელევიზიით გასულ სიუჟეტში მოქალაქეებისთვის 1000 ლარის ფარგლებში ტექნიკის შეძენაზე თავად „ქართული ოცნების“ აქტივისტები საუბრობდნენ.
ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, უბრალოდ ისინი ამ პარტიასთან ასოცირებული ახალგაზრდები არიან.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება, სადაც „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართავს.
განცხადება გაავრცელა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად კი, გამოძიებას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს. გამოძიება დადგენს ჰქონდა თუ არა კოალიციის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკურ ორგანიზაციას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცეს.
0