ნაწყვეტი ჯონ ბარბორის პოემიდან „ბრიუსი“ ნაწყვეტი ჯონ ბარბორის პოემიდან „ბრიუსი“ />


  08:58:13     07-06-2012

ნაწყვეტი ჯონ ბარბორის პოემიდან „ბრიუსი“

a18832.jpg

1329 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა შოტლანდიის დიდი ხელმწიფე, ინგლისელთა უღლისგან ქვეყნის გამათავისუფლებელი რობერტ I  ბრიუსი (გელურად Roibert a Briuis, თანამედროვე შოტლანდიურად, Raibert Bruis, ინგლისურად Robert the Bruce).

რობერტ I  ბრიუსი შოტლანდიელებისათვის იგივეა, რაც ჩვენთვის, ვთქვათ, გიორგი ბრწყინვალე. ისინი ერთ ეპოქაში მოღვაწეობდნენ, თითქმის თანატოლები იყვნენ. რობერტ ბრიუსი 10-15 წლით უფროსი იყო ჩვენს დიდ ხელმწიფეზე.

შოტლანდია გმინავდა ინგლისელთა უღელქვეშ. შოტლანდიელებმა თავისუფლებისათვის ბრძოლა წამოიწყეს. 1314 წელს მათ თითქმის სასწაული მოახდინეს და ბანოკბერნის ბრძოლაში დაამარცხეს დამპყრობლები.

ბანოკბერნის ბრძოლა შოტლანდიელებისათვის იგივეა, რაც ჩვენთვის დიდგორი თუ შამქორი, ან ბასიანი. 1314 წელს, როცა ჩვენთან მონღოლებისაგან გამათავისუფლებელი გიორგი ბრწყინვალე ადიოდა ტახტზე, შოტლანდიელთა ლაშქარმა მდინარე ბანოკბერნთან სასტიკად დაამარცხა ინგლისელთა  გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი და შოტლანდიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
 
1314 წლის 23-24 ივნისს ერთ მუშტად შეკრულმა შოტლანდიელებმა იგრძნეს თავისი ერთიანობის ძალა. მთიელებმა და ბარის მცხოვრებლებმა, დიდებულებმა და გლეხებმა - თავდადებითა და გმირობით, სამშობლოსადმი და თავისუფლებისადმი უდიდესი სიყვარულით ანთებულებმა შეძლეს გამარჯვება ძლიერ დამპყრობელზე და მოიპოვეს დამოუკიდებლობა.

ბანოკბერნთან შოტლანდიელებს ჰყავდათ 5 000 ან 10 000 მეომარი, ინგლისის მეფემ ბრძოლაში 25 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანა (მეტი შეეძლო, მაგრამ ქვეშევდომების ერთი ნაწილი არ დაემორჩილა). შოტლანდიელებს ჰყავდათ 500 მშვილოდოსანი, მცირერიცხოვანი მძიმე კავალერია, მეფეს, რობერტ ბრიუსს 500 მხედარი ჰყავდა თავის გარშემო. ლაშქრის უმრავლესობას უბრალო შუბოსნები შეადგენდნენ.

სკოტებმა ისე სასტიკად დაამარცხეს მტერი, რომ ინგლისის მეფე, ედუარდ II ძლივს გადაურჩა ტყვეობას. ინგლისელები უწესრიგოდ გარბოდნენ ინგლისის საზღვრისკენ, რომელიც ბრძოლის ველიდან, მდინარე ბანოკბერნიდან 9 მილში იყო. მათ ხოცავდნენ მდევრები ან უბრალო მაცხოვრებლებიც კი. ინგლისელებმა ამ ბრძოლაში 10 000 მეომარი დაკარგეს, შოტლანდიელების დანაკარგი გაცილებით ნაკლები იყო.

ყველას გვინახავს  მელ გიბსონის ფილმი „გულადი“, და არა „მამაცი გული“, როგორც არასწორად თარგმნიან, ქართულ ენას უფრო პირველი ვარიანტი შეეფერება. ფილმის დასასრულს, შოტლანდიის მეფობის პრეტენდენტი რობერტ ბრიუსი, თავისი ლაშქით წინ შეგებება ინგლისელების ჯარს და უილიამ უოლესის გმირობით შთაგონებული, სამშობლოს თავისუფლებისათვის მეოცნებე შეუტევს დამპყრობლებს... ეს სწორედ ბანოკბერნის ველზე მოხდა, რომელიც ასე შესანიშნავად დაგვიხატა დიდმა რეჟისორმა.

ასეული წლების წინ ბანოკბერნის ბრძოლა ასევე შესანიშნავად აღწერა შოტლანდიური ლიტერატურის ფუძემდებლად აღიარებულმა პოეტმა ჯონ ბარბორმა (John Barour) თავის უკვდავ პოემაში „ბრიუსი“ („The Bruce“). ბანოკბერნის ბრძოლის ეპიზოდი არის პოემის ღერძი.

ფილში მხატვრულად და ნაკლებად ზუსტადაა გადმოცემული ისტორიული სინამდვილე.

რობერტ ბრიუსის პაპა, უფროსი რობერტ ბრიუსი იყო ქალის მხრიდან ჩამომავალი შოტლანდიელთა მეფეებისა და მათი დინასტიის შეწყვეტის მერე თავს ტახტის პრეტენდენტად აცხადებდა. ამ დროს კი შოტლანდიაში ინგლისის მეფე ედუარდ I ბატონობდა. შემდეგ შოტლანდიელებმა სხვა, ჯონ ბალიოლი აიყვანეს ტახტზე, რომელიც მერე, 1296 წელს ინგლისის მეფემ დაამხო. 1306 წლის 25 მარტს რობერტ ბრიუსმა (უმცროსმა), უკვე თავისი ოჯახის მეთაურმა, ერთ-ერთ ეკლესიაში შეტაკებისას, მოკლა სხვა პრეტენდენტი შოტლანდიის ტახტისა, ჯონ ქომინი და სკოტების მეფედ ეკურთხა. მაგრამ მისი ჯარი ორჯერ დაამარცხა ინგლისის მეფემ. ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდა ბრიუსის ოჯახი და ძმები.

ედუარდ I-მა სიკვდილით დასაჯა რობერტ ბრიუსის სამი ძმა, რობერტს კი დევნა დაუწყო. რობერტ ბრიუსის მეუღლე, დედოფალი ელისაბედი და მათი ქალიშვილი კი ტყვეობაში იყვნენ ბანოკბერნის გამარჯვებამდე, რის შემდეგაც გაცვალეს შოტლანდიელების მიერ დატყვევებულ დიდებულებზე.

რობერტ ბრიუსის იმდროინდელი თავგადასავალი თითქმის ზღაპრულ შარავანდედშია გახვეული. მალე, 1307 წლის ივლისში ედუარდ I მოკვდა და ინგლისის ტახტზე ედუარდ II ავიდა.

რობერტ ბრიუსმა ნელ-ნელა გამოსტაცა ინგლისელებს შოტლანდიური ციხეები. აიღებდა თუ არა ციხეს, ანგრევდა, რომ კვლავ ინგლისელები არ გამაგრებულიყვნენ მასში. ბოლოს ბანოკბერნის ბრძოლაში საბოლოო დარტყმა მიაყენა, როგორც ამბობენ ოთხჯერ მრავალრიცხოვან მტერს, რამაც საშუალება მისცა შოტლანია თავისუფალ ქვეყნად ექცია.

შეტევაზეც გადადიოდა... დაიკავა ინგლისის ჩრდილო საგრაფოები. ირლანდიაში უმაღლეს მეფედ გამოაცხადებინა თავისი ძმა, ედუარდი. არ შეეპუა რომის პაპის მიერ მისი ქმედების დაგმობას და ეკლესიიდან განკვეთას. მეფეს მხარში ამოუდგნენ ადგილობრივი სასულიერო პირები, ასევე დიდებულები და მთელი მოსახლეობა, რომლებაც პაპს 1320 წელს მიიღეს და პაპს გაუგზავნეს არბროთის დეკლარაციად წოდებული დოკუმენტი. ეს იყო შოტლანდიის თავისუფლების დეკლარაცია, შოტლანდიელი ხალხის სუვერენული უფლებების დეკლარაცია. იქვე აღნიშნული იყო, რობერტ ბრიუსის უფლებები შოტლანდიის ტახტზე.

1328 წელს მეფე რობერტ I ბრიუსისა და გმირი შოტლანდიელი ხალხის ბრძოლის შედეგად, ინგლისმა, ნორთგემპტონის ხელშეკრულებით, ცნო შოტლანდიის დამოუკიდებლობა.

როგორც ვთქვით, დიდი ხელმწიფე რობერტ I ბრიუსი გარდაიცვალა 1329 წლის 7 ივნისს. ანდერძისამებრ მეფის გული, მისმა ერთგულმა თანამებრძოლმა, შოტლანდიის გმირმა ჯეიმს დუგლასმა წმინდა მიწაზე დასაკრძალად წაიღო, ჯვაროსნულ ომში გამგზავრებულმა... ესპანეთში დიდი ხელმწიფის უშიშარმა გულმა ისევ უსარდლა შოტლანდიელებს, ამჯერად მავრების წინააღმდეგ მებრძოლთ... თუმცა, ამ ისტორიას სხვა დროს გიამბობთ. 

პოემა „ბრიუსის“ ავტორი, ითვლება შოტლანდიური ლიტერატურის ფუძემდებლად. ჯონ ბარბორი დაიბადა 1316-1330 წლებს შორის. ის იყო სასულიერო პირი, არქიდიაკონი. ერთ დროს ინგლისში ელჩადაც იყო მივლინებული. ბარბორმა თავის პოემაში მოგვითხრო შოტლანიის დიდი მეფის რობეტრ I ბრიუსის ცხოვრების, ბრძოლისა და გარდაცვალების შესახებ. პოემა დაწერილია ძველშოტლანდიურ დიალექტზე. მკვლევარები პოემას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წყაროდ მიიჩნევენ. ავტორი გადაიცვალა 1395 წელს აბერდინში.

მეფე რობერტ I ბრიუსზე, პოეტ ჯონ ბარბორზე და სარდალ ჯეიმს დუგლასზე საუბარს ჩვენ კიდევ განვაგრძობთ. შემდეგშიც მივუბრუნდებით ამ უკვდავ პოემას, გავიხსენებთ შეფასებებს, რომელსაც კრიტიკოსები უძღვნიან ბარბორის პოემას, შემოგთავაზებთ სხვა ნაწყვეტებსაც. მადლობა ღმერთს, გვაქვს ამის შესაძლებლობა, რადგან, თავის დროს, თამარ ერისთავმა ძველშოტლანდიურიდან თარგმნა და ამაღლებული პათოსი კარგად შეუნარჩუნა პოემას.

ბანოკბერნი

(ნაწყვეტი პოემიდან „ბრიუსი“)

(ძველშოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)

იყო ბრძოლა იგი მძიმე და ფიცხელი,
დიდი შეჯახება ხმალთა და მახვილთა,
დუშმანი აბჯარზე იარაღს გვახლიდა;
ტყდებოდა ხმალი და ცვთებოდა აბჯარი
და ყოვლგნით ისმოდა სმენისთვის საზარი
გმინვა და ყიჟინა, კვნესა და ხრიალი,
ფარ-შუბთა მსხვრევა და ჯავშანთა ჟღრიალი;
იყო შეძრწუნება, შიში და ფეთება,
მივარდნა, მისევა, სროლა და კვეთება,
უმძიმეს ტკივილით სახეთა დაღრეჯა,
დაჩეხვა, დაკუწვა და ქცევა ნაგლეჯად.
ყოველმხრივ გვიტევდნენ, ვუტევდით ერთ ფრონტად
და ოთხივ ლაშქარნი ძალ-ღონით ერთობდა.
ო, ღმერთო ძლიერო, რა რისხვით მიუშვი
მამაცი მხედრობა სერ ედვარდ ბრიუსის
მტარვალთა სამუსრად. ყოველი მხედარი
მტერს უტევს გულოვნად და ისევ მხნედ არი,
ისე ღირსეულად და ისე ლამაზად,
ვით დიდმა მიზანმა შეჰკრა და დარაზმა.
ეს ერთსულოვნება შეიძლებს რაოდენს,
აჰა, მეწინავე რაზმები აოტეს,
თავი შეაფარეს თვის ლაშქარს ოტებულთ,
სიკვდილის შიშისგან ძალღონემოკლებულთ,
რამეთუ მიჯრილი საბრძოლო რიგებად
სკოტლენდის მხედრობა კვალდაკვალ მისდევდათ.
ვინც კი ძირს დაეცა რბოლის და დევნის დროს,
აღარა მგონია, ადგომა შეიძლოს.
ყველას არ უმართლებს ბედი და განგება:
ერთი რომ ხელდახელ მტერს ხმალით აჰკეპავს
და საქმეს ჩაიდენს მართლაცდა საგმიროს,
მეორე იქნება ისარმა განგმიროს,
ან ფეხქვეშ მოიგდოს ჯარმა და გათელოს
ვიდრე ჩაიდენდეს საქმეს სასახელოს.
დღეს ბევრი დაეცა ბრძოლაში ამგვარად.
ბევრმა თავისი და მტრის სისხლი დაღვარა,
გმირად დაიღუპნენ ომში ბევრზე ბევრნი,
წითლად შეიღება ველი ბანოკბერნის,
სისხლმა ჯავშნები და ღერბებიც დანისლა,
ვეღარ სცნობ ვინ არის, ვინ ვისი გვარისა.
ო, ღმერთო ძლიერო, თუ ვისმეს უხილავს
რისხვა, დატეხილი მტრის თავზე ქუხილად
უოლტერ სტიუარტის რაზმთა რიგებიდან,
ან გმირი დუგლასის გოლიათ მკერდით და
მხრებით გატანილი ჯგროები მტრისანი,
იტყოდა, - ჰქონდათო დიადი მიზანი
და მას ღირსეულად იცავდნენ სისხლითო;
და ვითარ იქმნება, ფეხი არ ისხლიტოს
იქ მტერმა, სადაც მათ აწვდინეს მახვილი;
მათ მკლავი აროდეს ჰქონიათ დახრილი,
და მათ ნაკვალევზე დამფრთხალი ჭენებით
უკუღმა გარბოდნენ უმხედრო ცხენები.
უფალო, ვინ შესძლო უშიშარ იერით
რომ უკუაქცია შეტევა ძლიერი,
შეტევა უწყალო მარეის გრაფისა.
და მისთა მხედართა, - მის ხმალზე ნაფიცთა.
იბრძოდნენ შეკრულნი კაციდან კაცამდე,
უძლებდნენ ყოველგვარ ტკივილს და განსაცდელს
და სადაც ჩნდებოდნენ, აფრქვევდნენ ნაღვერდლებს,
ხმლებით და შუბებით მტრის რიგებს არღვევდნენ
უკან მიჰკიოდათ სკოტლენდის ლაშქარი:
„დამარცხდნენ! გაიქცნენ! მიჰყევი! დაჰკარი!“
და ამა სიტყვებით მისდევდნენ, მხნეობდნენ
და ჟლეტდნენ, ვისაც კი გზად წაეწეოდნენ.
თუ მტერთა რიგები თანდათან მოისრა,
აქ ღვაწლი დიდი აქვთ სკოტლანდელ მოისართ,
დუშმანს არ ეწერა ყოფნა დამშვიდებით,
სადაც იელვებდნენ ეს ისარ-მშვილდები.
იყო საოცარი მათი გარჯილობა, -
რა ღრმად მიდიოდა ნაისრი ჭრილობა!
კვდებოდა ცხენი და კვდებოდა მხედარი
და ყორედ დგებოდა ცხედარზე ცხედარი.
და მტერი იხევდა, უწყალოდ დამფრთხალი,
რამეთუ მძლეობდა სკოტლენდის ფარ-ხმალი;
იბრძოდა მრავალი ერთად და პირადად,
იბრძოდა, გმირობდა და თავსა სწირავდა,
რომ მტერი დაემხოთ და უკუექციათ,
რამეთუ მონობას სიკდილი ერჩიათ.

0

ავტორი: