დავით ბაქრაძე: ნეიტრალურ დოკუმენტს, თანდათან, უფრო მეტი აფხაზი და ოსი გამოიყენებს დავით ბაქრაძე: ნეიტრალურ დოკუმენტს, თანდათან, უფრო მეტი აფხაზი და ოსი გამოიყენებს />


  21:25:18     06-06-2012

დავით ბაქრაძე: ნეიტრალურ დოკუმენტს, თანდათან, უფრო მეტი აფხაზი და ოსი გამოიყენებს

a18819.jpg

რუსეთი ამერიკის ინიციატივას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, უახლოეს მომავალში,  აშშ–ს საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომლის საშუალებითაც აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნება ამერიკაში ისწავლონ ან იმოგზაურონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, თბილისი დე–ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ატყუებს. მათი განცხადებით,  „ნეიტრალური პასპორტი“ სულაც არ არის ნეიტრალური, რადგან გრაფაში „სახელმწიფოს კოდი“ მითითებულია - საქართველო, პასპორტის გამცემ ორგანოდ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა დასახელებული, ხოლო პასპორტის ყდაზე ქართული სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის არარსებობა, ეს მხოლოდ ქართული მხარის  ჩანაფიქრია. კრემლის მწვავე რეაქციას - შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკის ამ ინიციატივაში ანტირუსული არაფერია.

როგორც პრესა.ჯი–ს ბაქრაძემ განუცხადა, ნამდვილად არაფერია ანტირუსული იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ – ნორმალურად მოგზაურობის, საზღვარგარეთ წასვლისა და  განათლების მიღების საშუალება, რათა მათ ნახონ, რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო.

„ეს არის ყველაფერი ის, რასაც რუსეთი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება და ამიტომ იყო მათი მხრიდან ასეთი გამწვავებული რეაქცია. რუსეთმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალადობრივი და უკანონო გზით საკუთარი პასპორტები დაარიგა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. თუმცა, რუსეთი საერთაშორისო აზრს, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს, ეს ქვეყანა მით უფრო ღრმა ჩიხში შედის. იმის გამო, რომ დიდი ქვეყანაა, მას შეუძლია რაღაც პერიოდი ჩიხში იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მასზე დიდი ქვეყნებიც კი ასეთ ჩიხში ყოფნას ვერ უძლებდნენ. ამის მაგალითია თუნდაც საბჭოთა კავშირი, რომელიც საერთაშორისო აზრს – აღმოსავლეთ ევროპასთან, აღმოსავლეთ გერმანიასთან, ბალტიისპირეთთან დაკავშირებით, ზუსტად ასე ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ეს ყველაფერი როგორც დასრულდა ყველამ ვნახეთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.  

რაც შეეხება იმ საკითხს, ამ დოკუმენტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აიღებს თუ არა, ბაქრაძე აცხადებს, რომ ის არ ელის, რომ ხვალიდან, ფართომასშტაბიანი გარღვევა მოხდება და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს აფხაზები და ოსები აიღებენ. თუმცა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღების შესაძლებლობას თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს.

„როდესაც, ყველაფერი კონტროლდება ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფებისა და რუსი ჯარისკაცების მიერ, ძალიან ძნელია, რომ ადამიანებს სურვილის შემთხვევაშიც კი, გმირობა და ასეთი დოკუმენტის აღება მოსთხოვო. ამ დოკუმენტის აღებამ, შესაძლოა საფრთხე მათ და მათი ოჯახის წევრებს შეუქმნას. არ ველოდები, რომ ხვალიდან უცებ ფართომასშტაბიანი გარღვევა მოხდება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობას თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს. იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ შეაჩერებ ადამიანების სურვილს, უკეთ იცხოვრონ და იყვნენ თავისუფლები“, – დასძინა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით განცხადება, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლიტონმა საქართველოში სტუმრობისას გააკეთა. ზოგადად კი, ორი სახის დოკუმენტი არსებობს - ეს არის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. ნეიტრალური პირადობის მოწმობა შიდა გამოყენებისაა და ის პირს საშუალებას აძლევს,  ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო თუ სხვა სოციალურ პროგრამებში ჩაერთოს, რაც ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ხოლო, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დამატებით საშუალებას იძლევა, რომ მისი მფლობელი პირი საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაადგილდეს. არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში 50 პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი და ექვსი სამგზავრო ნეიტრალური დოკუმენტის გაცემა არის დაფიქსირებული.  

0

ავტორი: