16:50:15     06-06-2012
ჯიოევა შურისძიებას იწყებს

ცხინვალელი ოპოზიციონერი, ამჟამად კი მარიონეტული რეჟიმის "ვიცე-პრემიერი" ალა ჯიოევა საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის თებერვლამდე ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის და მის შეფასებას მოახდენს. ამის შესახებ ჯიოევამ პირდაპირ ე.წ. მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საუბარია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ზამთრის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდა იმის გამო, რომ ედუარდ კოკოითის რეჟიმმა მოსკოვთან ერთად უარი თქვა გამარჯვებულად ეღიარებინა ალა ჯიოევა, რომელიც ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში და ცხინვალი უწყვეტმა აქციებმა მოიცვა. ჯიოევა მაშინ თავის მხარდამჭერებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულეს, მისი ზოგიერთი მომხრე კი ამ დრომდე პატიმრობაშია.
მაგრამ ახლა უკვე „ხელისუფლებაში“ გადანაცვლებული ჯიოევასგან მსგავსი განცხადების გაკეთება ყველასათვის მოულოდნელობად იქცა.
რობერტ ბიაზროვი, რომელიც აქციების დროს ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების მიერ დეპორტირებულ იქნა ვლადიკავკაზში, - რადგანაც მისი ცხინვალში ყოფნა კოკოითის რეჟიმს არ აწყობდა, ამბობს, რომ მაშინდელი მოვლენების გამოძიება აუცილებელია. ის თვლის, რომ მაშინ რეგიონში „სახელმწიფო გადატრიალება“ მოხდა, ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ კი დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს. რაც შეეხება რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომლებიც მისი თქმით რუსეთში იმალებიან, ისინი „სამხრეთ ოსეთში“ უნდა იყვნენ ექსტრადირებულები.
ცხინვალში საზოგადო მოღვაწედ ცნობილი სერგეი ძუცევი კი, რომელიც არ მოიაზრება ჯიოევას მხარდამჭერად, ამბობს, რომ კომისიის შექმნა არ არის საჭირო. ის ფიქრობს, რომ ჯიოევამ თავად მოახდინა სიტუაციის პროვოცირება და თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, გამოძიება კომპლექსურად უნდა დაიწყოს - 2008 წლიდან, როცა თავად ჯიოევაც ე.წ. განათლების მინისტრი იყო. ძუცევი ჯიოევას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იხსენებს და ამის გამოძიებასაც თვლის საჭიროდ, ისევე, როგორც ედუარდ კოკოითის საქმიანობის შესწავლას.
„რატომ საუბრობს ჯიოევა მხოლოდ ახლო წარსულზე? ის ისევ მოვიდა ხელისუფლებაში და სურს თავისი „მე“ აჩვენოს ისევ. პოლიტიკური ქულების მოპოვება სურს, მეტი არაფერი“ - ამბობს ძუცევი.
ცხინვალის ყოფილი ე.წ. გენპროკურორი ახსარ კოჩიევი, რომელმაც თავის დროზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიოევას დაუჭირა მხარი, იზიარებს იმ აზრს, რომ შემოდგომა-ზამთრის მოვლენებს პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. მისი აზრით, ჯიოევა სრულიად სამართლიანად ითხოვს გამოძიებას, რადგან ადამიანებს, რომლებმაც მას მისცეს ხმა, გამარჯვება წაართვეს. კოჩიევი ამბობს, რომ 27 ნოემბრის ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმება დანაშაულად უნდა იყოს აღიარებული.
შესაბამისად, რა სურს ჯიოევას? თუ ყოველივე ზემოაღნიშნულის გამოძიება-შეფასება მოხდება და 27 ნოემბრის „არჩევნების“ შედეგებიც გაუქმდება, გამოდის, რომ ის „მთავრობაც“ უნდა გაუქმდეს, რომლის ე.წ. ვიცე-პრემიერი დღეს თავად ჯიოევაა. ცხინვალელი ექსპერტების თქმით, ჯიოევას ინიციატივა მხოლოდ ახალი დაძაბულობის წარმოქმნას განაპირობებს.
0