აფხაზებსა და ოსებს ამერიკაში მოგზაურობისა და სწავლის შანსი ეძლევათ აფხაზებსა და ოსებს ამერიკაში მოგზაურობისა და სწავლის შანსი ეძლევათ />


  13:02:57     06-06-2012

აფხაზებსა და ოსებს ამერიკაში მოგზაურობისა და სწავლის შანსი ეძლევათ

a18805.jpg

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ამერიკის საელჩოები და საკონსულოები ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს მიიღებენ, რომლის საშუალებითაც აფხაზ და ოს ხალხს საშუალება ექნება ამერიკაში ისწავლონ ან იმოგზაურონ. ამერიკელი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს დოკუმენტი ნაწილი იქნება იმ შერიგების, რომელიც გათვალისწინებულია მშვიდობიანი და სამართლიანი რეზოლუციით. ქართული მხარე, ამერიკის ამ ინიციატივას წარმოუდგენელ დიპლომატიურ მხარდაჭერად აფასებს და პარტნიორი ქვეყნის მიერ, დოკუმენტის ლეგიტიმურად ცნობას მხოლოდ მიესალმება.

როგორც პრესა.ჯი-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, ხელისუფლება  მიესალმება, თუ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი იზოლაცია, უფლებების შელახვა და დისკრიმინაცია არ მოხდეს.

„ვფიქრობ, ეს განცხადება სწორედ ამ კუთხით იყო გაკეთებული. აშშ ჩვენს სტრატეგიას მხარს უჭერს, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ამ ადამიანებს განვითარების საშუალება მიეცეთ. რა თქმა უნდა, ეს უფრო თავისუფალ გადაადგილებასაც გულისხმობს. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ე.წ. ნეიტრალური პასპორტები მოამზადა და მათთვის თავისუფლად გადაადგილების გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლება მოხარული იქნება, თუ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ძალიან ბევრ პროცესში იქნებიან ჩართულები, მათ შორის უცხოეთში გამგზავრება შეეძლებათ. აქ საუბარი სეპარატისტებზე არ არის, არამედ იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის და მათი სამოქალაქო უფლებების განხორციელებისთვის დამატებითი ელემენტები არსებობდეს“, - აცხადებს კანონმდებელი.

ამერიკის ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი, პაატა დავითაია, თუმცა, კანონმდებელი განმარტავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ნეიტრალურ პასპორტს ვერ მიიღებს.

როგორც პრესა.ჯი-ს დავითაიამ განუცხადა, ის ადამიანები, ვისაც საქართველოს  სახელმწიფოების წინააღმდეგ, რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ნეიტრალურ პასპორტებს ვერ მიიღებენ.

„ამას ორი დატვირთვა აქვს. პირველი – ეს ღია მესიჯია, რომ აშშ ოკუპირებულ ტერიტორებს არასდროს შეეგუება და მეორე - ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ხსნა საქართველოდან მოდის, იმიტომ რომ ნეიტრალური პასპორტის გაცემა საქართველოს მიერ ხდება და ეს სახელმწიფო სტრატეგიის კონტექსტში შედის. აქედან გამომდინარე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა  მომავალზე  და თავის განვითარებაზე ფიქრობს,  ერთადერთი გზა საქართვლოსთან ინტეგრირება რჩება. ფაქტიურად, იმ ხალხის გამიჯვნა ხდება, ვინც  აფხაზეთის მომავალზე ფიქრობს და იმ ხალხის, ვინც აფხაზეთში პირად მომავალზეა ორიენტირებული და რუსეთთან არის ინტეგრირებული“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება ამ ტიპის დოკუმენტს, ზოგადად ორი სახის დოკუმენტი არსებობს - ეს არის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. ნეიტრალური პირადობის მოწმობა შიდა გამოყენებისაა და ის პირს საშუალებას აძლევს,  ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო თუ სხვა სოციალურ პროგრამებში ჩაერთოს, რაც ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ხოლო, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დამატებით საშუალებას იძლევა, რომ მისი მფლობელი პირი საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაადგილდეს. მართალია, კრემლის მარწუხების გამო, გაურკვეველია, ამერიკის ამ ინიციატივას რა პერსპექტივა აქვს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში 50 პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი და ექვსი სამგზავრო ნეიტრალური დოკუმენტის გაცემა არის დაფიქსირებული. ამასთან, როგორც პრესა.ჯი-ს ერთ-ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, შემთხვევა იყო, როდესაც, აფხაზეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა სამხედრო პირმა, აღნიშნული დოკუმენტი ქართულ მხარეს მოსთხოვა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ იდეას მხოლოდ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასებს.

0

ავტორი: