08:23:51     06-06-2012
პოლონეთი სპორტულ-პოლიტიკური აურზაურის მოლოდინშია

სამოქალაქო ორგანიზაცია Solidarni, რომელიც იმ პოლონელმ მოქალაქეებს აერთიანებს, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არა უბედური შემთხვევის არამედ რუსეთის მიერ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ევრო-2012-ისთვის სპეციალურად ემზადება.
ორგანიზაცია ამზადებს პლაკატებსა და ტრანსპარანტებს, რომლებიც ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის დღეებში საჯარო ადგილებში განთავსდება და უცხოელ ტურისტებს ამცნობს, რომ კაჩინსკი მოკლეს. პლაკატებზე წარწერები როგორც პოლონურ, ისე ინგლისურ ენაზეა.
მაგალითად:
„პოლონელები მოითხოვენ სმოლენსკთან თვითმფრინავის კატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას! დაგვეხმარეთ! არ დაუჯეროთ რუსულ პროპაგანდას“. „პოლონელი პრეზიდენტი მოკლეს რუსეთში 10. VI. 2010“. „შეაჩერეთ პუტინი“. „შეაჩერეთ პუტინი და „“კგბ“, „ევროპა! გაახილე თვალები!“.
არის პლაკატები სპეციალურად რუსებისთვის განკუთვნილი. მაგალითად: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლონეთში. პოლონელები სოლიდარულები არიან რუსების მიმართ „კგბ“-სა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
პოლონეთის ოპოზიციის აქტივისტები აქციით დახვდნენ ვარშავაში ჩასულ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებსაც. სასტუმროსთან, სადაც ფეხბურთელები დაბინავდნენ, სმოლენსკის კატასტროფაში დაღუპული პოლონელი პოლიტიკოსების ფოტოები გამოფინეს და პირობა დადეს, რომ იქ ყოველდღე მივლენ, რათა სპორტსმენებს თავისი ტკივილი გააგებინონ.
ევრო-2012-ზე დასასწრებად, სხვადასხვა მონაცემებით, ვარშავაში რუსეთიდან 30-დან 50 ათასამდე გულშემატკივრის ჩასვლა იგეგმება. ადგილობრივი მედია ახლა იმაზე მსჯელობს, რა შეიძლება მოყვეს რუსი გულშემატკივრების მიერ ვარშავის ქუჩებში 12 ივნისს დაგეგმილ მსვლელობას, რომლითაც „რუსეთის დღის“ აღნიშვნას აპირებენ. თანაც, სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი რუსეთ-პოლონეთის მატჩიც.
აღსანიშნავია, რომ ამ მსვლელობის შესახებ რუსებს პოლონეთის ხელისუფლებისგან უფლება არ აუღიათ, მათ ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს, როცა მარშის გამართვის სურვილი გამოთქვეს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ დაუშლიან. როგორც ზოგიერთი გამოცემა წერს, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს ამ ინიციატივის საწინააღმდეგო, პოლიცია კი „რუსეთის დღის“ აღსანიშნავი მსვლელობისთვის და პოლონელების სავარაუდო აგრესიისგან რუსების დასაცავად ემზადება.
პოლონელები რუსების თავხედობით აღშფოთებულები არიან. ამის შესახებ ისინი ინტერნეტ-ფორუმებზე წერენ. წერენ მაგალითად, იმას, რომ რუსებს 1920 წელი უნდა მოუწყონ (მაშინ პოლონელებმა ბოლშევიკები გაანადგურეს), მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ „პოლონელი ხალხი ის აღარ არის და ღირსების გრძნობა პოლონელ ხალხს პრაქტიკულად აღარ აქვს“. 0