ბალტიისპირეთს კალინინგრადის მილიტარიზაცია აშფოთებს ბალტიისპირეთს კალინინგრადის მილიტარიზაცია აშფოთებს />


  10:11:57     05-06-2012

ბალტიისპირეთს კალინინგრადის მილიტარიზაცია აშფოთებს

a18756.jpg

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტებმა მიუღებელი და მათთვის საფრთხის მატარებელი უწოდეს რუსეთის კალინინგრადის ოლქის მილიტარიზაციის პროცესს. შესაბამისი განცხადება იმ კონსულტაციების მიმდინარეობისას გაკეთდა, რომელიც სამი ქვეყნის დელეგაციებმა ლიტვის კურორტ ნიდაზე გამართეს.

ბალტიისპირელი დეპუტატების აზრით, კალინინგრადში რუსული შეიარაღების განთავსება გაართულებს ურთიერთობებს არა მარტო ლიტვა-ლატვია-ესტონეთთან, არამედ ევროკავშირთან და ნატოსთანაც.

პარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია მზარდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელება ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად აკეთებს განცხადებებს და ხაზს უსვამს რუსეთის რუსეთის სამხედრო სიძლიერეს. კონსულტაციების მონაწილეები ნატო-რუსეთის თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტების დაგეგმვისას სწორედ ამ პოზიციების გათვალისწინებას ითხოვენ.

31 მაისს ლიტვის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უმოქმედოდ არ უნდა იყოს, როცა კალინინგრადის ოლქში რუსეთის ასეთ სამხედრო აქტივობას ხედავენ.

„მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმჩნევდეთ ამას, ვსაუბრობდეთ ამაზე და მკაფიო პასუხებსაც ვიღებდეთ“ - განაცხადა მან.

ბალტიისპირელი პოლიტიკოსების შეშფოთებას იწვევს რუსეთის გეგმა, - განათავსოს კალინინგრადის ოქლში სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერები“, რომელსაც 500 კილომეტრზე მოქმედება შეუძლია. მოსკოვმა „ისკანდერების“ კალინინგრადში განთავსების პირობა მუქარის სახით დადო, როცა განაცხადა, რომ ამას ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განთავსების საპირწონედ - ამერიკისა და ნატოს საპასუხოდ გააკეთებს.

გარდა ამისა, წლის დასაწყისში რუსეთმა სწორედ კალინინგრადის ოლქში მწყობრში შეიყვანა რადიოლოკაციური სადგური „ვორონეჟ-დმ“. აპრილში კი გაზეთი „იზვესტია“ წერდა, რომ  ბალტიის ფლოტმა შეიარაღებაში სტრატეგიული ანტისარაკეტო სისტემები ც-400-ები მიიღო.

0

ავტორი: