08:10:18     04-06-2012
მენიუ პუტინისთვის: „ფრიკასე“ ფეხქვეშ გათელილი თავისუფლებით და ჩეჩნური დესერტი მოკლულთა სიროფით

ვლადიმერ პუტინს გერმანიასა და საფრანგეთში საპროტესტო აქციებით დახვდნენ. პროტესტანტებს შორის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის წარმომადგენლები, ასევე თავად რუსები და სირიელები იყვნენ.
„ძირს პუტინი“, „პუტინო წადი“ - ასეთი ლოზუნგებითა და სკანდირებით შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტს ბერლინში, სადაც მცირე პერფორმანსიც გაითამაშეს, სახელწოდებით „მეფის სვლა“. აქცია პირდაპირ ფედერალური კანცლერის სასახლეთან ჩატარდა და მასში მინიმუმ 100 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი მოსკოვის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმისათვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პუტინის კორტეჟს პომიდვრებიც დაუშინა, რისთვისაც ის პოლიციამ დააკავა.
პუტინის ორიგინალურად დახვედრაში არც პარიზი ჩამორჩა. პირდაპირ ელისეს მინდვრებზე, - იმ სასახლის სიახლოვეს, სადაც პუტინსა და ოლანდს უნდა ევახშმათ, 100-მდე პროტესტანტი შეიკრიბა. აქაც იყვნენ სირიელები, რომლებსაც ფართო პლაკატი ეკავათ: „პუტინი მკვლელია! ჩეჩნების გენოციდი, 250 ათასი მოკლული“, ასევე: „არა - რუსულ იარაღს“…
„საკმარისია კრემლში მატყუარები, პუტინი უნდა წავიდეს“ - ამ შინაარსის ლოზუნგი პარიზში ამერიკის მოქალაქე რუსმა ჩაიტანა, რომელიც აქციაზე სპეციალურად ჰოლანდიიდან ჩავიდა. რუსები პარიზში სპეციალურად პუტინის დასახვედრად ლონდონიდანაც გაემგზავრნენ - ძირითადად ისინი, ვინც რუსეთიდან მის რეჟიმს გაექცა.
პარიზში, ერთდროულად ორი აქცია ჩატარდა. Amnesty International-ის უფლებადამცველები ქალაქის ქუჩებში დილიდან გამოჩნდნენ. ისინი ე.წ. ელექტრო “სამოკატებით” მოძრაობდნენ, რომლებზეც პუტინის გამოსახულებიანი პლაკატები იყო მიმაგრებული. ოლანდისა და პუტინის დაგეგმილმა ოფიციალურმა ვახშამმა კი აქციის მონაწილეებს ორიგინალური იდეები შთააგონა. მათ ვახშმისთვის ალტერნატიული მენიუ შეადგინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს, შესაძლოა, უფრო მოსწონებოდა. პლაკატებზე სწორედ ეს მენიუ იყო წარმოდგენილი: „ფრიკასე“ ფეხქვეშ გათელილი თავისუფლებით, სუპ-პიურე იარაღის გაყიდვიდან - ბაშარ ასადის სოუსით და ჩეჩნური დესერტი მოკლულ მოქალაქეთა სიროფით.
საღამოს კი შარლ დე გოლის ძეგლთან ელისეს მინდვრებზე თეთრლენტიანები გამოჩნდნენ - ძირითადად რუსები და სირიელები. ისინი სკანდირებდნენ: „პუტინო, ვახშმად შენ ჩვენ არ გვჭირდები“ და „რუსეთი იქნება თავისუფალი“. აქცია სტვენით დასრულდა 21:00 საათისთვის, როცა პუტინი და ოლანდი ვახშამს უნდა შესდგომოდნენ.
0