84 წლის მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 84 წლის მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს />


  14:49:59     02-06-2012

84 წლის მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

a18743.jpg

ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს კაიროს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ანალოგიური სასჯელი მიიღო მუბარაქის შს მინისტრმა ჰაბიბ ალ-ადლიმაც, რომელიც ექს-პრეზიდენტთან ერთად 2011 წელს მასობრივი ანტისამათავრობო აქციის დროს 850-მდე დემონტრანტის მკვლელობაში იყო ბრალდებული. შს მინისტრი მუბარაქის მიერ გაცემული ბრძანების შესრულების გამო დაისაჯა.

სასამართლოს მიმდინარეობისას, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით კაიროს ქუჩებში ათასობით სამხედრო და პოლიციელი იყო გამოყვანილი, თუმცა არეულობა მაინც მოხდა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, შენობასთან შეკრებილებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ სასჯელს ასცდნენ მუბარაქის შვილები. მისი ორი ვაჟი კორუფციაში იყო ბრალდებული, თუმცა გამალი და ალაა, საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს.

თავად მუბარაქი სასჯელის გამოცხადებისთანავე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მანამდე ეგვიპტის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში მუკურნალობდა და ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი კომფორტით სარგებლობდა. ექს-პრეზიდენტი სასჯელს ციხე ტორეში მოიხდის.

84 წლის მუბარაქისთვის ბრალდება სასიკვდილო განაჩენს ითხოვდა. თუმცა ახლა, მუბარაქის დაცვა, სამუდამო პატიმრობის ვერდიქტის გასაჩივრებას შეეცდება. მათ სრულიად კონკრეტული იმედები აქვთ: აღმოჩნდა, რომ მუბარაქს მოწინააღმდეგეების გარდა მომხრეებიც ჰყავს, რომელთათვისაც, ის „ოქროს ხანის“ განსახიერებას წარმოადგენს. ამ მომხრეებმა ეგვიპტის არჩევნებში იჩინეს თავი.

„ის 30 წელი მართავდა ქვეყანას, დასცინოდა რწმენას, ციხეებში გზავნიდა ასობით ჩვენს ძმებ-მუსულმანებს. ის და მისი ოჯახი უკანონობას სჩადიოდა, ძარცვავდა ეგვიპტეს“ - ამბობს მოძრაობა „ძმები მუსულმანების“ აქტივისტი ნურ ფარხატი. თუმცა ყველასათვის მოულოდნელობად იქცა ეგვიპტეში მიმდინარე არჩევნები, რომლის მეორე ტურიც 16 ივნისსაა დაგეგმილი.

მეორე ტურში ისლამისტების ლიდერთან მოჰამედ მურსისთან ერთად გავიდა სწორედ ჰოსნი მუბარაქის თანამებრძოლი და მეგობარი, სამხედრო მფრინავი და მუბარაქის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი, 70 წლის ახმედ შაფიკი, რომელიც წარსულ რეჟიმთან ასოცირდება.

რამდენადაც ცნობილია მურსიმ ხმების 24,8% მოაგროვა, შაფიკმა კი 23,9%. იმის გამო, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, მეორე ტური დაინიშნა, რომელშიც მუბარაქის მინისტრის გამარჯვების შანსებზე ალაპარაკდნენ. „თუ გენერალი შაფიკი პრეზიდენტი გახდება, ის მუბარაქის სიკვდილით დასჯის უფლებას არავის მისცემს. მას მხოლოდ ცუდი არ უნდა მივაწეროთ - ის იბრძოდა თანამედროვე ეგვიპტისათვის, ავითარებდა ტურიზმს, ტრანსპორტს, გზებს, მშენებლობას, ეს მისი დამსახურებაა“ - ამბობდა პოლიტიკოსი ნაბილ რაედი განაჩენის გამოცხადებამდე.

ახლა კი ამოცანა გამარტივდა - მუბარაქი არა სასიკვდილო განაჩენისგან, არამედ სამუდამო პატიმრობიდანაა დასახსნელი.

ეგვიპტეში აღნიშნავენ, რომ რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ფულის შემოდინება შემცირდა: დაეცა ტურიზმიდან შემოსავლები, შემცირდა გაზის ექსპორტიდან ბიუჯეტში შენატანები. ხელისუფლებამ საწვავზე ფასების მომატების პერსპექტივა უკვე გამოაცხადა, დაგროვილი ოქროს მარაგი კი მესამედზეა დაყვანილი.ამ ვითარებაში 16 ივნისს დანიშნული არჩევნების მეორე ტურის მიმართ ინტერესი მართლაც დიდია.

0

ავტორი: