13:11:17     31-05-2012
რუსეთში კავკასიელი სტუდენტების დევნა, უცხოელ სტუდენტებზე „ნადირობაში“ გადაიზარდა

23 ქვეყნის სტუდენტები, რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში წარმოქმნილი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ, რომელმაც, შეიძლება, საერთაშორისო მასშტაბები მიიღოს.
ორენბურგის მერიამ ორენბურგის მენეჯმენტის სახელმწიფო ინსტიტუტს საერთო საცხოვრებლიდან, რომელიც საბავშვო ბანაკის სიახლოვეს მდებარეობს, უცხოელი სტუდენტების გასახლება მოსთხოვა.
სასწავლებლის რექტორის თქმით, პირად საუბრებში ჩინოივნიკები ერთ მიზეზს ასახელებენ - უცხოელი სტუდენტები არასრულწოვანი მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, ამ მოთხოვნის გამო, სახელმწიფო მოხელეებს პროკურატურაში უჩივლა.
„კომერსანტის“ ხელთ კი აღმოჩნდა წერილი, რომლის ადრესატიც, რუსეთის სახელმწიფო დუმაა. მასში სასწავლებლის რექტორი, ოლეგ სვირიდოვი წერს, რომ ორენბურგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 1 ივნისიდან საერთო საცხოვრებლიდან უცხოელი სტუდენტების გასახლება მოითხოვა, ასევე:
„მე მითხრეს, რომ არ იყო საჭირო სატელევიზიო და საგაზეთო რეპორტაჟები შავებზე, რომლებიც დასასვენებელ ზონაში დადიან და თქვეს, რომ აფრიკელმა სტუდენტებმა შეიძლება ბავშვები გააუპატიურონ“.
რექტორის თქმით, ადმინისტრაციაში შეხვედრის დროს შსს-ს წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ უცხოელები საერთოდ არ სჭირდება ორენბურგს. „და ეს მაშინ, როცა მხარე პოზიციონირებს, როგორც ტოლერანტული და მრავალეროვანი რაიონი“ - ამბობს სვირიდოვი.
მენეჯმენტის ინსტიტიტის საერთო საცხოვრებელში 23 ქვეყნის სტუდენტები სწავლობენ. საცხოვრებელი დასასვენებელ ზონაშია განთავსებული და ამ ტერიტორიაზე საბავშვო ბანაკებიც მდებარეობს.
რექტორის თქმით, ყველა უცხოელი სტუდენტი იქ კანონიერად ცხოვრობს, სხვაგან ცხოვრების უფლება კი მათ არ აქვთ, „ხოლო საუბარი იმაზე, რომ აფრიკელმა შეიძლება ბავშვები გააუპატიუროს, შეურაცხმყოფელია“ - ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, ჩინოვნიკები დაჟინებით ითხოვენ რექტორისგან მოთხოვნის შესრულებას, საერთო საცხოვრებელშიკი, მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა ორჯერ ჩაატარა რეიდი. ისინი, შეიარაღებული სამართალდამცველების თანხლებით გაფრთხილების გარეშე შეცვივდნენ სტუდენტების ოთახებში:
„ჩვენი ავტობუსი (რომლითაც საერთო საცხოვრებლიდან სასაწავლებელში დადიან) ვიღაც ავტომატიანებმა გააჩერეს და გვიბრძანეს, ტელეფონები გამოგვერთო. მე გამოვრთეს, მაგრამ მაინც დამარტყეს. თუმცა ჩემი დოკუმენტები წესრიგშია და არ მესმის, რატომ დამარტყეს“ - ამბობს სტუდენტი იემენიდან.
ეს სტუდენტები, სხვათა შორის, სამთავრობათაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სწავლობენ, ისინი დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენელთა შვილები არიან და შესაბამისად, მათ უკვე დაწერეს კიდეც წერილი ამ პროცესებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ კი, სტუდენტებმა აქციაც ჩაატარეს ლოზუნგით „ჩვენ მიგრაციის სამსახურის განუკითხაობის წინააღმდეგნი ვართ“.
ორენბურგის ადმინისტრაციაში კომენტარისგან თავს იკავებენ. როგორც „კომერსანტს“ არაოფიციალურად განუცხადეს, „საბავშვო ბანაკში მალე ჩავლენ 14 წლის გოგონები, ბანაკისა და სასწავლებლის საერთო საცხოვრებელს შორის გამომყოფი ღობე კი ბარიერი არ არის“.
სასწავლებლის ხელმძღვანელობა საკმაოდ პრინციპულ პოზიციას იჩენს და ამ ეტაპზე საერთო საცხოვრებლის დაცვა გააძლიერეს. მერიის მოთხოვნას კი ოლეგ სვირიდოვი „არაჯანსაღ აზრს უწოდებს“.
როგორც ცოტა ხნის წინ, „პრესა.ჯი“ წერდა, ანალოგიური ვითარებაა ჩელიაბინსკშიც, სადაც პოლიციამ ქალაქის ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმიდან „კავკასიური ნაციონალობის მოსწავლეთა“ სია მოითხოვა. მოთხოვნას პოლიციის მაიორი, არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილების ხელმძღვანელი აწერს ხელს. მოთხოვნა ასეთი შინაარსისაა: „გთხოვთ მოგვაწოდოთ კავკასიური ნაციონალობის მოსწავლეთა მონაცემები (დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, კლასი, მონაცემები მშობლებზე), რომლებიც თქვენს სასწავლებელში სწავლობენ და აქვთ, ან არ აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა“.
აღნიშნულმა მოთხოვნამაც სასწავლებლის რექტორის აღშფოთება გამოიწვია. მისი პასუხი ძალიან მოკლე იყო: „თქვენი მოთხოვნის პასუხად გაცნობებთ, რომ ჩვენს ლიცეუმში ნაციონალობა ერთია - მათემატიკა“.
0