08:12:09     31-05-2012
გოკა გაბაშვილი: ბრალდებები, „ყალბ ატესტატებთან“ დაკავშირებით, აბსურდულია...

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე, მაია მიმინოშვილი ჩაანაცვლა. დეკანოიძე უწყებაში საქმიანობას თავის გუნდთან ერთად შეუდგება. საპარლამენტო უმრავლესობა დეკანოიძის კანდიდატურას მიესალმება. მათი შეფასებით, ის საქმეს თავს წარმატებით გაართმევს, რადგან ორგანიზაციის მართვის საერთაშორისო გამოცდილება აქვს. განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გოკა გაბაშვილს ესაუბრა:
– ვინაიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი თვე არის დარჩენილი, ხატია დეკანოიძე, საქმეს თავს წარმატებით გაართმევს?
– ასეთი სისტემის ხელმძღვანელი გამოცდილი მენეჯერი უნდა იყოს, რომელსაც თავისი უწყების ეფექტური მართვა შეუძლია. ვინაიდან, საგამოცდო პერიოდია, მას მეტი საქმე ექნება გასაკეთებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დეკანოიძე საქმეს თავს წარმატებით გაართმევს, რადგან მას ორგანიზაციის მართვის საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
– თანამდებობიდან მიმინოშვილის გათავისუფლება, მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ ორიენტაციას დაუკავშირდა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება, რის საფუძველზე მიიღო?
– ვიღაცას უნდა, რომ მომინოშვილის პოსტიდან გათავისუფლება პოლიტიკას დაუკავშიროს, მაგრამ რეალურად, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის განათლების პოლიტიკაზე მუდიმივი კონფლიქტი არსებობდა, ისინი პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და ეს დაპირისპირება, მისი პოსტიდან გათავისუფლებით დასრულდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მიმინოშვილმა თანამდებობა დატოვა, მას ბევრი სხვა შეთავაზება ჰქონდა. ერთ–ერთი იყო ჯანდაცვის მინისტრის პოსტი, რაზეც მან უარი განაცხადა. არანაირი კავშირი არ არსებობს მის გათავისუფლებასა და ოჯახის წევრების პოლიტიკურ ორიენტაციას შორის.
– მიმინოშვილი აცხადებს, რომ დიმიტრი შაშკინის ნებართვით, 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა. მისი ეს ბრალდება თუ იქნება გამოძიებული?
– ბრალდებები აბსურდულია და არ მგონია, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ეს დოკუმენტები ყალბი ნამდვილად არ ყოფილა. მინისტრის ბრძანებულების მიხედვით, გამონაკლისი ეთნიკური უმცირესობებისთვის დაიშვა, რომ მათ სპეციალური დოკუმენტი მისცემოდათ, რომელიც იმას დაადასტურებდა, რომ მათ საქართველოში ისწავლეს, თუმცა, ისინი საქართველოს უმაღლესში ამ დოკუმენტით ვერ ჩააბარებდნენ. ეს იყო სპეციალური სერიის დოკუმენტები, რომლითაც მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები ისარგებლებენ. ეთნიკური უმცირესობებისთვის დაშვებული გამონაკლისისთვის, წინააღმდეგობის გაწევა არასწორია. არცერთი საბუთი არ გაცემულა, რომლითაც ადამიანს ატესტატის გარეშე სწავლის გაგრძელება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში შეეძლო. მხოლოდ გაიცა საბუთი, რომლითაც სასწავლებლად საზღვარგარეთ გახვიდოდი, რაც ბოლონიის პროცესთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
ყალბია ატესტატი, როდესაც ადამიანს იმ შემთხვევაში მისცემ, როცა მან საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა. ინიციატივა ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჰუმანური მიდგომა იყო და არა კრიმინალური. ამასთან, აღნიშნული სახის დოკუმენტი 300-მდე პირმა მიიღო. ამას გარდა, არის კიდევ გამონაკლისები. მაგალითად, ეროვნული უმცირესობები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებენ, მაგრამ მათ ერთი წელი ეძლევათ, რომ სახელმწიფო ენა შეისწავლონ და გამოცდები ისე ჩააბარონ. თუ ადრე, საქართველოს სასწავლებლებში ეროვნული უმცირესობის მხოლოდ 80 წარმომადგენელი სწავლობდა, ახლა ეს რაოდენობა ათასამდეა გაზრდილი.
– რაც შეეება თქვენს კომიტეტში დასაქმებულ ქეთევან ტომარაძეს, მან რამდენიმე დღის წინ, ერთ–ერთი ტელეკომპანიის ეთერში ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მას ამ ქმედების გამო, სამსახურიდან გათავისუფლება ხომ არ ემუქრება?
– სხვადასხვა უწყებაში მიმუშავია და ჩემს თანამშრომლებს პოლიტიკურ ორიენტაციას არასოდეს ვეკითხებოდი. ტომარაძის პოზიცია უკვე წლებია ცნობილია და მას არანაირი საფუძველი არ ჰქონია თანამდებობის დატოვების. მან საკუთარი აზრი გამოხატა და თქვა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა, მას შემდეგ რაც მას ვესაუბრე, მან ეს ინფორმაცია უარყო. ის არის სპეციალისტი და მუშაობას არავინ შეუზღუდავს.
0