14:07:37     30-05-2012
ოლიმპიური სოჭი ეთნიკური დაპირისპირების კერად იქცა

სოჭში წარმოქმნილ ეთნიკურ დაპირისპირებას 2014 წლის ოლიმპიადას უკავშირებენ.
რუსული გაზეთების ინფორმაციით, ორთაბრძოლა, ამჯერად, სომხებსა და დაღესტნელებს შორის მიმდინარეობს. დაპირისპირებამ უკვე სერიოზული მასშტაბები მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „სომეხი ახალგაზრდების მოთმინების ფიალა აივსო და ისინი პირდაპირ ხელჩართულ ჩხუბში ჩაებნენ დაღესტნელებთან, რომელთაგანაც სომეხი გოგონების პატივსა და ღირსებას იცავენ“ - წერენ გაზეთები.
„უკვე რამდენიმე დღეა, ქალაქში ძალზედ დაძაბული სიტუაციაა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაღესტნელებმა პირდაპირ სკოლაში გააუპატიურეს 5 სომეხი გოგონა. დღისითაც კი ისმის სროლები, როგორც ომში, მე და ჩემი შვილები ვცდილობთ ქუჩაში არ გავიდეთ. მხოლოდ მეუღლე დადის სამსახურში. საყიდლებზე გასვლაც კი გვეშინია“ - ყვება ადლერის ერთ-ერთი მცხოვრები და ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან სოჭის ხელისუფლება დგას.
„აქ ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ორგანიზებულია სოჭის ხელისუფლების მიერ. აქ ბევრი სომეხია, სარგებლობენ პატივისცემით, განსაკუთრებით ადლერში. წინ ოლიმპიური თამაშებია, ბევრი ტურისტი ჩამოვა და არავის აწყობს ქალაქში სომეხი ბიზნესმენების ყოფნა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სომხებმა დატოვონ თავისი კაფეები, რესტორნები და წავიდნენ ქალაქიდან“ - ამბობს ქალბატონი.
თუმცა ირკვევა, რომ გაძევებას სომხებს კი არა, თავად სომხები უპირებენ დაღესტნელებს. ეს კი უკვე რუსების უკმაყოფილებას უწვევს.
„ეს როგორ, სომხები „ძირძველი მოსახლეობა“ ყოფილან სოჭში, დაღესტნელები კი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არიან, სტუმრები?“ - ასეთია დამოკიდებულება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძირძველი სომხები ცდილობენ, სოჭიდან დაღესტნელები გაყარონ“. ისინი აპირებენ შეხვდნენ ქალაქის მერს და „ჩამოსული დაღესტნელების“ წინააღმდეგ ზომების მიღება მოსთხოვონ. ამის შესახებ, სოჭის სომეხთა კავშირი იუწყება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1 მაისს სომხებსა და დაღესტნელებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც 24 წლის იური გარანიანი დანით დაჭრეს. ის გარდაიცვალა.
სომხები ამბობენ, რომ დაღესტნელები მათ ქალებთან „ფლირტაობენ“. სწორედ ამ მიზეზით დაწყებულმა დაპირისპირებამ, 26 მაისს ხელჩართული ბრძოლის სახე მიიღო, რომელიც ომონმა არცთუ იოლად აღკვეთა. პოლიციისა და ომონის 500-კაციანმა შემადგენლობამ მოჩხუბართა დაშლა ძლივს მოახერხა. შედეგად, 300 ადამიანი დააკავეს.
ამჯერად, გამოსავალი ე.წ. ინტერბრიგადების შექმნაში იპოვეს. ასეთი ბრიგადები საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ხოლმე და სოჭელებს მიაჩნიათ, რომ ახლაც გამოიღებს შედეგს. ეს არის ინტერნაციონალური ბრიგადები, რომლებიც ქალაქში მორიგეობენ. აკონტროლებენ ოლიმპიურ მშენებლობებზე მომუშავეებს, დამსვენებლებს, ხოლო ვინც სოჭში დროებითაა ჩასული, მაგრამ არ მუშაობს, „სამშობლოში აბრუნებენ“.
0