13:56:56 30-05-2012
ფრანსუა ოლანდი სირიის სამხედრო ინტერვენციაზე ალაპარაკდა
სირიის კრიზისს, ალბათ, სამხედრო ინტერვენცია დაასრულებდა. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ამას გაეროს უშიშროების საბჭო დაუჭერს მხარს. ასეთი განცხადება 29 მაისს ტელეარხ France 2–ს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას გააკეთა საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა.
„დაუშვებელია ბაშარ ასადის რეჟიმს საშუალება მივცეთ ხოცოს საკუთარი ხალხი“, – ხაზი გაუსვა ოლანდმა.
„ჩვენ და სხვებსაც გვაწევს პასუხისმგებლობა: დავარწმუნოთ რუსეთი და ჩინეთი, ასევე ვიპოვოთ სხვა გამოსავალიც, რომელიც აუცილებელი არაა იყოს მაინც და მაინც სამხედრო ჩარევა“, განაცხადა ოლანდმა, რომელიც პარასკევს პარიზში პუტინს უნდა შეხვდეს. ივლისის დასაწყისში კი იგი „სირიის მეგობართა“ კონფერენციის მოწვევას აპირებს.
პრესა წერს, რომ ფრანსუა ოლანდმა თავის განცხადებაში მწერალი და ფილოსოფოსი, ბერნარ–ანრი ლევი დაიმოწმა, რომელიც სირიაში სამხედრო ოპერაციაზე საუბრობდა. ლევი იყო ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ერთ–ერთი ინიციატორი, რომელმაც საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ამის აუცილებლობაში დაარწმუნა.
ოლანდისგან დამოუკიდებლად, ბელგიის სამხედრო უწყების თავკაცი, პიტერ დე კრემიც ასევე 29 მაისს გაცხადებით გამოვიდა, რომ ბელგია მზადაა სირიის სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობა მიიღოს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელგიას ამას სთხოვენ. მაშინ იგი საერთაშორისო ოპერაციის ჩარჩოებში მასში მონაწილეობას მიიღებს.
„თუ ბელგიას მიმართავენ და მთავრობა ამას აუცილებლად ჩათვლის, ჩვენ შეგვიძლია ასეც მოვიქცეთ“, – თქვა დე კრემმა. თუმცა, მანვე დააზუსტა, რომ თავად ქვეყანა ასეთ ინიციატივას არ მიიღებს.
მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ საუბარი არ შეიძლება იქნეს ქვეყანათა მცირე ჯგუფის დამოუკიდებელ ოპერაციაზე. მისი მოსაზრებით, აუცილებელია გაეროს მხარდაჭერა. დე კრემმა მიანიშნა სირიაში შესაძლო ოპერაციის სირთულეზე, რომელიც „დენთით სავსე კასრს“ შეადარა და დასძინა, რომ ნებისმიერ გაუფრთხილებლობას შედეგი მთელი რეგიონისთვის ექნება.
ამიტომაც, ლიბიაში ნატოს მიერ ჩატარებული ოპერაციის მსგავსი რამ გამორიცხა. მისი მოსაზრებით, „ნატოს არ შეუძლია მთელი მსოფლიოსთვის ჟანდარმი იქნეს“. იმავდროულად, მისი გამონათქვამებიდან ძნელი გასარკვევია,ოპერაციის რომელ ფორმატზე საუბრობს იგი.
მანამდე ბელგიამ შეავსო იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც 29 მაისს ქვეყნიდან სირიელი დიპლომატები გააძევეს. იმავე დღის საღამოს ასევე ნიდერლანდების საგარეო უწყებამაც სირიის ელჩი პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა.
სირიის ელჩი, მოჰამედ აიმან ჯამილი ასე წარმოადგენს თავის სახელმწიფოს ბენილუქსის ქვეყნებში. მისი რეზიდენცია ბრიუსელშია. რადგანაც საელჩო სხვა ქვეყანის ტერიტორიაზეა, ნიდერლანდებმა მისი გაძვება ვერ შეძლეს. ნიდერლანდების ელჩი სირიაში კი დამასკოდან ჯერ კიდევ თებერვალში გაიწვიეს.
0