10:50:22     30-05-2012
პოლიტიკური პარტიებისთვის სანქციები მცირდება

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უკვე ძალაშია, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის სანქციები შემცირდა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, პარტიის მიერ, ე.წ. „დაკავშირებული პირისგან“ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის მიღება, ან დამალვა ამ თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას გამოიწვევს. ამასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას - მიღებული შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით.
ამას გარდა, ფიზიკური ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ პარტიის ან ე.წ. დაკავშირებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განხორციელება, გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით.
ასევე, ჯარიმას ექვემდებარება ის ქმედება, როცა პირის მიერ პარტიის ან ე.წ. დაკავშირებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღების თაობაზე ინფორმაციის დამალვა მოხდება. ამ ქმედებისთვის კი, პირი შემოწირულობის/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდება.
გადაწყვეტილებით, პარტიის მიერ ან ე.წ. დაკავშირებული პირის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა დაჯარიმებას 5 000 ლარით გამოიწვევს. ასევე, 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოწივევს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა.
რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით სანქციებს, საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. ხოლო, თუ პარტიის ან დამოუკიდებელი მჟორიტარი კანდიდატის ხარჯების ოდენობა წინა წლის მშპ-ს 0,2 –ს გადააჭარბებს, პირი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდება. აუნდა ითქვას, რომ აღნიშნული ქმედებების განმეორებით და ერთი პირის მიერ სხვადასხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენა, შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, აღნიშნული კანონი გასულ წელს დაამტკიცა, თუმცა, საგაზაფხულო სესიაზე, არასამთავრობო სექტორის მოთხოვნით, კანონის გადახედვა მოხდა, რის შედეგადაც, კანონის ძირითადი არსი არ შეიცვალა, მაგრამ კანონში გარკვეული დაზუსტებები შევიდა.
0