აფხაზ სეპარატისტებს ევროპელობა მოუნდათ აფხაზ სეპარატისტებს ევროპელობა მოუნდათ />


  08:55:01     30-05-2012

აფხაზ სეპარატისტებს ევროპელობა მოუნდათ

a18656.jpg

ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო. რუსების მარიონეტ აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლება, მოსკოვის შემწეობით უმადობას ნამდვილად რომ არ უჩივის, ესეც ფაქტია. მას შემდეგ, რაც კრემლმა პრორუსულად განწყობილ სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარება ურჩია და ამ უკანასნელმაც აღუთქვა, განვიხილავთ ამ წინადადებასო, სოხუმი მაშინვე ხბოს აღტკინებამ მოიცვა და ეს კიდევ უფრო მას შემდეგ გაუძლიერდათ, რაც იტალიის ქალაქ პეზაროს ბიზნესმენები, სეპარატისტთა დედაქალაქს ესტუმრნენ.  მეტიც მათ უკვე ევროპელობაც მოუნდათ.

როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, 28 მაისს, იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაცია მარიონეტული ხელისუფლების „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ვიაჩესლავ ჩიკირბამ მიიღო. აფხაზური სააგენტოს ინფორმაციითვე, იტალიურ დელეგაციას თან ახლდა ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი იტალიაში, მაურო მურჯია. იტალიის დელეგაცია, თურმე აგროსამრეწველო საზოგადოება LPR–ის თნამშრომლებისგან – ტექნიკურ–ფინანსურ კონსულტანტ, მაურო მანჩინის, ინჟინერ–მენეჯერ, ლეონარდო როსისა და იურიდიული წარმომადგენლის, ლამბერტო როსისგან (ეტყობა, ერთი ოჯახის წარმომადგენლები ჩავიდნენ) შედგებოდა.

 „აფსნიპრესის“ მტკიცებით, ჩიკირბამ აღნიშნა, თურმე, რომ „იტალიელებსა და აფხაზებს მრავალი რამ აქვთ საერთო – პირველ რიგში ესაა ხალხი, რომელთაც მსგავსი მენტალიტეტი და ტემპერამენტი გააჩნიათ“. ჩიკირბამ ასევე აღიარა თურმე, რომ მათთვის „ დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან აფხაზეთის პოლიტიკური აუღიარებლობა“ (აბა, მოსკოვში ამაყად რომ გაიძახოდნენ რუსეთმა გვაღიარა და ეს სრულებით საკმარისიაო?!).

 „ჩიკირბამ ხაზი გაუსვა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს მთავარი მიზანია „ ფართო საზოგადოებრიობას ამცნოს აფხაზეთის შესახებ მართალი ინფორმაცია, ყველას გააგებინოს, რომ აფხაზეთი ევროპის ნაწილია“.

„ჩვენ გვინდა აღვადგინოთ აფხაზეთსა და იტალიას შორის დაკარგული კავშირები (ეს რაღაც ახალია?!). ვიმედოვნებ, რომ სენატში, ქალაქებში –  რომში, ურბინოსა და პეზაროში შეხვედრებიდან და ასევე პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე, სიტუაცია უფრო გასაგები გახდება, – თქვა ჩიკირბამ,– ჩვენი მიზანია, რომ აფხაზეთი აღიარებულიქნას, როგორც ევროპული სახელმწიფო. სანამ ეს არ მოხდება გვსურს განათლების, კულტურისა და ბიზნესის სფერობში პირადი კონტაქტები განვავითაროთ. ჩვენ ხელს შევუწყობთ აფხაზურ და იტალიურ ბიზნესს შორის კონტაქტებს. ამიტომაც მოხარულები ვართ, გიხილოთ აქ და აფხაზეთის შესახებ თქვენი მოსაზრება გავიგოთ“.

 „აფსნი პრესის“ ინფორმაციითვე, დლეგაციის წევრები ერთობლივი იტალიურ–აფხაზური აგროსამრეწველო კომპლექსის შექმნით არიან დაინტერესებულნი. როგორც ცნობილი გახდა, აფხაზეთის უკეთ გასაცნობად იტალიელებს შეხვედრებს გაუმართავენ „ეკონომიკის სამინისტროში“, „სოფლის მეურნეობის სამინისტროსა“ და „ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში“, მოუწყობენ ექსკურსიებს და უჩვენებენ „აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებს“.

0

ავტორი: