პუტინის დავალებით, ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის კონტროლის პალატა „ჩაუჯდება“ პუტინის დავალებით, ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის კონტროლის პალატა „ჩაუჯდება“ />


  08:16:33     30-05-2012

პუტინის დავალებით, ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის კონტროლის პალატა „ჩაუჯდება“

a18649.jpg

რუსეთის პრეზიდენტის დავალებით, რუსეთის კონტროლის პალატა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შემოწმებებს ჩაატარებს. როგორც „ლაიფ-ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რუსეთის საკონტროლო-სარევიზიო უწყება იმ თანხების საკითხს შეისწავლის, რომელიც სეპარატისტულ რეჟიმებს მოსკოვიდან ერიცხებოდათ.

კონტროლის პალატის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი მისგან ელოდება ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავენ მარიონეტული რეჟიმები რუსეთის ბიუჯეტის ფულს.

რუსეთის კონტროლის პალატის წყარო იმის შესახებაც იუწყება, რომ სოხუმისა და ცხინვალის ბიუჯეტების შემოწმება გარდაუვალია. რის საფუძველზე ამოწმებს მოსკოვი მის მიერვე „დამოუკიდებლად“ აღიარებულ რესპუბლიკებს?

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ოქსანა დიმიტრიევა ამბობს, რომ როგორც წესი, რუსეთის კონტროლის პალატას „სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში“ შემოწმების ჩატარების უფლება მხოლოდ ფულის გადარიცხვის მომენტამდე აქვს, თუმცა ის ამბობს, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში „სიტუაცია სხვაგვარადაა.“

„ამ რესპუბლიკებში ხორციელდება კონტროლი იმ ფულადი სახსრების ხარჯვაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათ ბიუჯეტებში რიცხავს“ - განაცხადა დიმიტრიევამ.
თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის მრჩეველი ნიკიტა მასლენიკოვი ამბობს, რომ რუსეთს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოების დასრულება. თანაც, შეახსენებს ყველას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უკვე რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და ამდენად, მათი უფლებების შელახვას თუ ცხოვრების არასათანადო პირობების შექმნის უფლებას არავის მისცემენ - თვით ამ რესპუბლიკების მმართველ რეჟიმებსაც კი. განსაკუთრებით კი ცხინვალის რეჟიმმა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან 4 წლისთავზეც ვერ მოახერხა მინიმალურად მაინც გაეუმჯობესებინა ომით დაზარალებული ადამიანების ყოფა.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ღირსეულად ცხოვრობდნენ. ყველა მატერიალური პრობლემა, რომელიც 2008 წელმა გამოიწვია, უნდა ლიკვიდირებულ იქნას“ - განაცხადა მასლენიკოვმა.

ექსპერტი ასევე თვლის, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორია, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ეპიცენტრს ესაზღვრება, ანუ აფხაზეთი, და გარდა ამისა, არც იმას მალავს, რომ რუსეთს ორივე ოკუპირებლ რეგიონში თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვს. რა თქმა უნდა, ეს ინტერესები „კეთილშობილურად“ გამოიყურება:

„ჩვენი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნები განვითარდნენ, მოიკრიბონ პოლიტიკური წონა, რომ ისინი აღიაროს საერთაშორისო საზოგადოებამ. ამისთვის კი ისინი ჯუჯებად და მათხოვრებად არ უნდა გამოიყურებოდნენ, უნდა იქცნენ მყარი ეკონომიკის ქვეყნებად. დროთა განმავლობაში ისინი საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან - რაც აწყობს რუსეთს, რამდენადაც ამ ტერიტორიების განსავითარებლად დასავლეთის მოზიდვა გახდება შესაძლებელი“ - დასძინა რუსმა ექსპერტმა.

მასლენიკოვი იმაზეც საუბრობს, თუ რით არის აფხაზეთი რუსეთისათვის მნიშვნელოვანი. ეს არის: სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, მშრალი ღვინოები, ციტრუსები და რაც მთავარია, საზაგხულო კურორტი რუსებისათვის. ექსპერტი არც იმას მალავს, რომ აფხაზეთის რეკრეაციული საკურორტო ზონების ერთობლივად განვითარებამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი შედეგი უნდა გამოიღოს, რასაც „შავი ზღვის სანაპიროს ერთიანი კომპლექსი ერქმევა“.

0

ავტორი: