Slate.fr: მიშას მომხრეები დარწმუნებულები არიან თავის  სიმართლეში და ამაშია სწორედ მათი ძალაც Slate.fr: მიშას მომხრეები დარწმუნებულები არიან თავის სიმართლეში და ამაშია სწორედ მათი ძალაც />


  17:24:08     29-05-2012

Slate.fr: მიშას მომხრეები დარწმუნებულები არიან თავის სიმართლეში და ამაშია სწორედ მათი ძალაც

a18639.jpg

ქართული მოდელი ახალ მომხრეებს იზიდავს - წერს ფრანგული გამოცემა „Slate.fr“. სტატიის ავტორი ლუი ანტუან ლე მულეკი ქართული რეფორმების წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ტუნისმა, ეგვიპტემ და ყირგიზეთმა, სადაც გასულ წელს სახალხო რევოლუციები მოხდა, სათავე დაუდეს ორმხრივი კონტაქტების სერიას, რათა საქართველოს წარმატების ისტორიიდან გაკვეთილები მიიღონ - წერს ის და იხსენებს, რომ  2003 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველაზე დაბალ საფეხურებზე  იმყოფებოდა. მაგრამ დღეს ის სამაგალითო რეფორმებისა და რეფორმატორების ქვეყანა ხდება,  „რომელთა მუშაობაც მსოფლიო ბანკმა აღნიშნა“. 

„საქართველო, რომელიც 2008 წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში იზოლაციაში დარჩა, მაგალითი და განხილვის საგანი გახდა უკრაინაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში და თვით რუსეთშიც კი. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაამსხვრიეს მანკიერი კორუფციული წრე… მათ გაწყვიტეს კავშირი საბჭოთა მემკვიდრეობასთან და გადაწყვიტეს დასავლეთის ნაწილი გამხდარიყვნენ. ეს არცთუ დიდი გეგმა ჯერ ბოლომე არაა მიყვანილი, მაგრამ უკვე იწვევს აღფრთოვანებას… და კითხვებს“ - წერს ავტორი.

ის ხელისუფლებიდან შევარდნაძის წასვლის შემდგომ პირველ ნაბიჯებს იხსენებს: „ოპოზიციონერები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ: კორუფციის ამოძირკვა… აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკაცრი რეფორმების სერია გაეტარებინა, დაარტყეს კორუმპირებულ პოლიციელებს, ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს… გზავნილი ძალიან მკაფიო იყო: კორუფციასთან შერიგებას არავინ აპირებს, კანონი კი ყველასათვის ერთია“ - წერს ლუი ანტუან ლე მულეკი და მაგალითები მოჰყავს:

„ავტოინსპექციის რეფორმა (2004 წელს) ბევრისთვის მაგალითად იქცა. ის იყო სახელმწიფო აპარატის ყველაზე კორუმპირებული ორგანო. შედეგად, ის ნომერ პირველ სამიზნედ იქცა. „წინა საღამოს ჩვენ ვუფრთხოდით მასობრივ მღელვარებას. როცა ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლებ 16 000 პოლიციელს, უარესსაც უნდა ელოდე, - ამბობს. ან სულაც სამოქალაქო ომს - ჰყვება ელენე ხოშტარია, რომელმაც რეფორმა შეიმუშავა, - წერს ის. 

„თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ამნისტიამ და ორთვიანი ხელფასის გადახდამ პოლიციელები აიძულა შეგუებულიყვნენ. ახალგაზრდა ოფიცრების მომზადება, ხელფასების მომატება, პოლიციის ინსპექტორების გამოჩენა, ჯარიმების გადახდის ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა - ყველაფერი ეს რეფორმის წარმტებას უწყობდა ხელს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები,  რომელიც 2010 წელს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა, ამის ნათელი მაგალითია. ავტოინსპექტორების მუშაობის დადებითმა შეფასებამ 84%-ს მიაღწია მაშინ, როცა 2003 წელს ეს მაჩვენებელი 10% იყო. რეკორდულ ვადებში ეს ნამდვილი სასწაულია“ - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

ავტორის თქმით, სახელმწიფო და ეკონომიკური სისტემის რეფორმირებამ საქართველოში ფინანსური მდგრადობა უზრუნველყო, ხოლო დამნაშავეობა, ბანდიტიზმი, ქურდობა და კორუფცია „თავის უკანასკნელ საათებს ითვლის“, „ქვეყანას შეუძლია თავი დაიხსნას მისგან, თუკი აქვს ნამდვილი პოლიტიკური ნება“ - ასკვნის ფრანგი ავტორი.

ის იხსენებს 2007 წელსაც, როცა ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია და ყველაზე მეტად „პოლიციას დაატყდა თავს კრიტიკის ქარცეცხლი - ძალის გამოყენების გამო“. იხსენებს 2008 წელსაც, როცა რუსეთის აგრესიამ ქართული სამხედრო მანქანის განადგურება სცადა და ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა, თუმცა „მაინც, კონფლიქტის შემდეგ ხელისუფლებამ შეძლო მიეღო საერთაშორისო დახმარება, რომელიც მოწოდებული იყო რეფორმების პროცესის მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რეფორმატურულმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ კვლავ აღმასვლა დაიწყო“ - ამბობს ლე მულეკი.

ის აღნიშნავს, რომ აშშ, ევროკავშირი და ნატო ყურადღებით განიხილავენ კავკასიის რესპუბლიკების მიღწევებს. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი კი მიესალმებიან ქვეყნის რეფორმირების სფეროში მიღწეულ პროგრესს, მაგრამ კითხვებს სვამენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე, პოლიტიკურ არენაზე მრავალფეროვნების და მედიის გამჭვირვალობის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ამ სიტუაციას ასეთ კომენტარს უკეთებს: „საჭირო იყო რეფორმების პირველი ეტაპის მაქსიმალურად მკაცრად ჩატარება. საჭირო იყო სისტემის გაწმენდა. დღეს ჩვენი ციხეები სავსეა, მაგრამ დამნაშავეობის დონე მინიმალურია. ჩვენ ახლა მიმართული ვართ უფრო ლიბერალური რეჟიმისაკენ, თავისუფლების აღკვეთის გარეშე სხვადასხვა ზომების მიღებაზე, პირობით მსჯავრზე და ა.შ.“

„ბოლოს და ბოლოს, „მიშისტებს“  თავისი უნდა მიეგოთ. - წერს ავტორი. -საქართველოში რეფორმების წარმატება  უდაო ფაქტია. 10 წელზე ნაკლებ დროში რესპუბლიკა გარდაიქმნა. ბოლო თვეებში კი ქართული მოდელი  ზოგიერთი უცხოური მთავრობის მზარდ ინტერესს იწვევს… ტუნისმა, ეგვიპტემ და ყირგიზეთმა, სადაც გასულ წელს სახალხო რევოლუციები მოხდა, სათავე დაუდეს ორმხრივი კონტაქტების სერიას, რათა საქართველოს წარმატების ისტორიიდან გაკვეთილები მიიღონ. უკრაინელი და რუსი ჟურბნალისტები მასზე გაზეთების ფურცლებზე საუბრობენ. რუსეთში, სხვა პირობების ქვეყანაში, ასევე იწყებენ საქართველოზე საუბარს, რომელმაც შეძლო დაემთავრებინა კორუფცია (რუსული ტელეარხები ამის შესახებ არავითარ  შემთხვევაში არ მოყვებიან).

ზოგიერთები წარმოადგენენ ქართულ გზას, როგორც ალტერნატივას რუსული ნეოსოვეტიზმისას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტის სიძე (მისი ურთიერთობები რუსეთთან უღრუბლოდ გამოიყურება) თიმურ კულიბაევი რუსეთის მოდელთან მიმართებაში ქართული განვითარების გზის უპირატესობაზე ლაპარაკობდა“ - წერს ფრანგული გამოცემა და აღნიშნავს, რომ „მიშისტები“ „დარწმუნებულები არიან თავისი ჯვაროსნული ლაშქრობის სიმართლეში და ამაშია სწორედ მათი ძალაც“.

0

ავტორი: