„ქართული ოცნების“ მცხეთის ოფისი 15-მდე აქტივისტმა დატოვა „ქართული ოცნების“ მცხეთის ოფისი 15-მდე აქტივისტმა დატოვა />


  15:55:42     29-05-2012

„ქართული ოცნების“ მცხეთის ოფისი 15-მდე აქტივისტმა დატოვა

a18634.jpg

მცხეთის შტაბი, რომელსაც ამ დრომდე ვაჟა თათარაშვილი ხელმძღვანელობდა 15-მდე აქტვისტმა დატოვა. მიზეზი შტაბის ახალი ხელმძღვანელი მადონა ჯიქიაა. ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ აქტივისტთა რიგების დატოვების მიზეზად ჯიქიას მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ასახელებენ.

რა მოხდა „ქართული ოცნების“ მცხეთის შტაბში? ამის გარკვევას „პრესა.ჯი“ შეეცადა. მცხეთის შტაბი 2012 წლის 7 მარტს გაიხსნა. ოფისის გახსნაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა. მაშინ ივანიშვილს მცხეთაში ახლდნენ თინა ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები. 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის  მაშინ ვაჟა თათარაშვილის კანდიდატურა სავსებით მისაღები იყო. „კარგი დღეა დღეს მცხეთაში. ამ წმინდა მიწაზე იხსნება ოფისი, რომლიდანაც უნდა დაიწყოს ჩვენი გამარჯვებისკენ სვლა. ამ ოფისს ყავს ხელმძღვანელი, დაინიშნა ვაჟა თათარაშვილი. მცხეთას მისი წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ 40 წელია მე ამ კაცს ვიცნობ. დაუდექით მას გვერდში“- ასე წარადგინა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო შავიშილმა ვაჟა თათარაშვილი მცხეთელების წინაშე. 

თუმცა დღეს ვითარება შეცვლილა, თათარაშვილი გაათავისუფლეს. რა გახდა თათარაშვილის მოხსნის მიზეზი და რა არგუმენტები წარუდგინეს მას გათავისუფლების სანაცვლოდ? „პრესა.ჯი“ ვაჟა თათარაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან გასაუბრება ვერ შეძლო. 

თავდაპირველად, როდესაც ჩვენ ვაჟა თათარაშვილს დავუკავშირდით ტელეფონზე მისმა მეუღლემ გვიპასუხა, რომელმაც ვაჟა თათარაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გაშვება დაგვიდასტურა.

„ვიცით რომ გინდათ ბატონ ვაჟასთან გასაუბრება, მაგრამ მას ახლა ეს არ შეუძლია. გული აწუხებს. ეს წუთია დამაშვიდებელი დალია და იქნებ ერთ საათში დაურეკოთ?“ - განგვიცხადა ქალბატონმა. 

განმეორებითი ზარის შემდეგ კი მან გვითხრა, რომ ვაჟა თათარაშვილი კვლავ შეუძლოდ არის და ვერ მოახერხებს ჩვენთან საუბარს. როგორც ჩანს, ვაჟა თათარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ვინაიდან მას ტელეფონზე საუბარი არ შეუძლია და ეს მისმა მეუღლემაც დაგვიდასტურა. 

„პრესა.ჯი“ შეეცადა ვაჟა თათარაშვილის გათავისუფლების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერთან, მაია ფანჯიკიძესთან გაერკვია, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა ასევე „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს რეზო შავიშვილს.

- რატომ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ვაჟა თათარაშვილი, რომელიც მცხეთის ოფისის გახსნაზე თქვენ წარადგინეთ, როგორც თქვენი დიდი ხნის მეგობარი?

- ბატონ ვაჟას აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი გულზე. ეტყობა გადაიღალა და ამის გამო ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება.

- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ცნობილი თქვენთვის მაშინ, როდესაც ის ოფისის ხელმძღვანელად წარადგინეთ?

- არა  მას შემდეგ შეექმნა პრობლემები.

- თუ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაა მიზეზი და აცხადებთ, რომ მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, მისი გათავისუფლების გამო რატომ გაღიზიანდნენ აქტივისტები და რატომ დატოვეს „ქართული ოცნება“?

- მე პასუხი უკვე გაგეცით, მეტს ვეღარაფერს გეტყვით". 

აღსანიშნავია, რომ ვაჟა თათარაშვილს „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტი რამდენიმე კვირის წინ შეხვდა. ჩვენ მის სამუშაო ოთახში კომენტარის ჩასაწერად ვიმყოფებოდით. თათარაშვილი მაშინ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მეტიც, ვაჟა თათარაშვილს 2012 წლის  7 მარტის შემდეგ, როდესაც ის მცხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს, არ გაუკეთებია არცერთი ოპერაცია (არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია), რომელსაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ. 

0

ავტორი: