11:36:07     29-05-2012
მაია მიმინოშვილს დაპატიმრება არ ემუქრება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის მოვალეობას კოკა სეფერთელაძე შეასრულებს. ამ პოსტზე, დიმიტრი შაშკინის მოადგილე სეფერთელაძემ, მაია მიმინოშვილი შეცვალა.
მაია მიმონოშვილის გათავისუფლების მიზეზად რამდენიმე ვერსია ვრცელდება, თუმცა განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის, რაც მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება უკვე გახდა ოპოზიციის ნაწილისთვის სპეკულირების საგანი. მათი შეფასებით მიმინოშვილის გათავისუფლება მისი შვილისა და ოჯახის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. ამ პოზიციას ამტკიცებს და იცავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ჯგუფი. დღეს კი, კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მაია მიმინოშვილის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.
ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალის ცნობით, განათლების სამინისტროში მობილიზებული იყო ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლები. მობილიზაციის მიზეზი თითქოს გახდა განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ივლისში, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე აპირებდა მასწავლებლების მასობრივად ჩაჭრას, რითაც გამოიწვევდა მათ უკმაყოფილებას სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ.
აღნიშნული ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს არ დაუდასტურეს არც გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში და არც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. როგორც „პრესა.ჯი“-ს განათლების სამინისტროს პრესმდივანმა ნინო პოტრჟებსკაიამ განუცხადა, ეს ინფორმაცია ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს.
„დილიდან სამსახურში ვარ და აქ არც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ყოფილან და არც არავის მიერ დადებული დასკვნა წამიკითხავს. მეცოდინებოდა აუცილებლად. სრული სიცრუეა ეს ინფორმაცია“ - განაცხადა პოტრჟებსკაიამ. მაია გაბუნია წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის უფროსი იყო. გუშინ მან თავის ნებით დატოვა თანამდებობა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრესა.ჯი“ მასაც დაუკავშირდა. გაბუნიამ ეს ინფორმაცია უარყო. „ძალიან სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს დაწერო და შემდეგ დაიჯერო. მსგავსი ინფორმაცია არ გამიგია და საერთოდ სისულელედ მიმაჩნია ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი. მესმის რომ თქვენი მოვალეობაა გადაამოწმოთ ინფორმაცია, მაგრამ მე გეუბნებით რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“-განაცხადა მაია გაბუნიამ.
მათ კი ვინც მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, შევახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის კონსულტანტი თამაზ ჯოლოგუა ამ დრომდე მუშაობს თავის თანამდებობაზე და ის არავის გაუთავისუფლებია სამსახურიდან, იმის მიუხედავად, რომ ღიად აღუთქვა მხარდაჭერა ივანიშვილს და ოლიგარქთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა.
0