ბორენა დედოფლის იამბიკო ბორენა დედოფლის იამბიკო />


  09:40:41     29-05-2012

ბორენა დედოფლის იამბიკო

a18617.jpg

საქართველოს ისტორია იცნობს დედოფალ ბორენას, პოეტს, რომლის შესანიშნავი იამბიკოც გვაქვს შემორჩენილი.

სვანეთში მაცხოვრის ეკლესიის ღვთისმშობლის ოქროჭედილ ხატს წარწერილი აქვს იამბიკო. იამბიკოს ავტორად მიიჩნევენ ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეორე ცოლს, ბორენას, ოვსთა მეფის ასულს.

ეს იამბიკური რითმოვანი ლექსი არის ვედრება ღვთისმშობლისადმი. იამბიკო პირველად, პროზის სახით, გაბმულად, გამოაქვეყნა ალექსანდრე ხახანაშვილმა და მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ბორენა დედოფალი უნდა იყოს ბაგრატ IV-ის მეუღლე. ეს აზრი განავითარა კორნელი კეკელიძემ, მან სალექსო საზომის დაცვით აღადგინა ტექსტი და დასძინა, რომ ამ იამბიკოში შეჭრილი რითმა ხალხური პოეზიის გავლენა არისო.

მართლაც, ბაგრამ მეოთხეს პირველი ცოლი გახლდათ ბიზანტიელი პრინცესა ელენე, რომანოზ III-ის ძმის, ბასილის ასული. მათ უქორწინიათ ბანას დიდებულ ტაძარში. მაგრამ ქორწინებიდან მალე იგი გარდაცვლილა ქუთათისში.

„ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს:

„წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათჳს თჳსისა, ვითარცა არს ჩუეულება და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისათჳს მის ცოლისა.

ამის ჟამში იყო წმიდა გიორგი მთა-წმიდელი მთარგმნელი, თან ახლდა დედოფალს მარიამს, ქრისტეს აქათ ჩ~ჲჱ.

ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი.

მო-რა-იწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თჳსისასა, ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისა. აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გჳრგჳნი ბანას.

და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, დაჲ დორღოლელისა“.

ბაგრამ მეოთხეს შემდეგ მეფობდა მისი ვაჟი, გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა. ბაგრატ მეფესა და ბორენა დედოფალს ჰყავდათ არაჩვეულებრივი სილამაზის ქალიშვილიც, მართა. 

იგი 1065 წელს ცოლად შეირთო ბიზანტიის მომავალმა იმპერატორმა მიხეილ დუკამ. 1071 წელს მიხეილ VII  დუკა და მარიამ ბაგრატიონი ბიზანტიის იმპერატორად და დედოფლად აკურთხეს. კურთხევისას ქართველ უფლისწულს მარიამი უწოდეს. მალე სამეფო წყვილს შეეძინათ მემკვიდრე, კონსტანტინე დუკა.

1078 წელს იმპერატორი მიხეილ VII დუკა დაამხო ნიკიფორე III ბოტანეატესმა და თვითონ გამეფდა. მარიამ დედოფალი ძალიან პოპულარული იყო ხალხში და არისტოკრატიაში, ასევე ძალიან ლამაზიც, ამიტომ ახალმა იმპერატორმა მას ცოლობა სთხოვა. მარიამი დათანხმდა, რათა თავისი შვილისთვის, უფლისწულ კონსტანტინესათვის ტახტის მემკვიდრეობა შეენარჩუნებინა - ასეთი იყო ქორწინების პირობა. თუმცა, ნიკიფორემ კეისარმა პირობა დაარღვია. ამის გამო, დედოფალი მარიამი დაეხმარა ალექსი კომნენოსს ნიკიფორეს დამხობაში და ტახტზე ასვლაში. ალექსიმ კონსტანტინეს თავისი ასული მიათხოვა. კონსტანტინე დუკა ითვლებოდა თანამართველად და ტახტის მემკვიდრედ. მაგრამ, მერე ვითარება შეიცვალა... თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა.

მარიამ დედოფალი ზრუნვას არ აკლებდა ქართულ საქმეებს. ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს. აქტიური კავშირი ჰქონდა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველებთან, მათ შორის გროგოლ ბაკურიანის ძესთან. დედასთან, ბორენა დედოფალთან ერთად მარიამს დედოფალს იერუსალიმში აუშენებია კაპპათას მონასტერი. ეს საქმე წამოუწყია ბორენა დედოფალს, დაუსრულებია მარიამს.

ასეთი მორწმუნე დედოფლები იყვნენ ბორენა და მისი ქალიშვილი მარიამი. სავარაუდოდ, ბორენა დედოფალს სხვა ნაწარმოებიც უნდა ჰქონოდა დაწერილი.

იამბიკოს ავტორობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვა ვარაუდიც. პავლე ინგოროყვამ, იამბიკოს ავტორად ივარაუდა ცოტნე დადიანის (1200-1260) მეუღლე ბორენა. შესაბამისად, ტექსტის დაწერის ვადაც, ამ შემთხვევაში, მეცამეტე საუკუნე გამოდის.

ბორენა დედოფლის იამბიკო ძალიან დახვეწილია და მნიშვნელოვანია თავისი მხატვრული ფორმით. ადრეული ხანის იამბიკოებში რითმა მხოლოდ ჩანასახის ფორმით გვხვდებოდა. ბორენა დედოფლის ლექსში მას უკვე ჩამოყალიბებული და დახვეწილი სახე აქვს.

ბორენა დედოფალი

რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,
 ჰრქუი რაჲ გაბრიელს: „ვარ უფლისა მჴევალი“,
 მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი, -
 დაემჴო ძალი, პირველვე სისხლდამთრვალი;
 ქალწულო, მიჴსენ ბორენა ჭირმრავალი!..

0

ავტორი: