09:33:50     29-05-2012
ერნესის (დათო ქაქუთიას) „თეთრი ბოდვა“
თანამედროვე ქართული პოეზიის მოყვარულები კარგად იცნობენ დათო ქაქუთიას - პოეტს, ჟურნალისტს. დაიბადა 1974 წლის 11 სექტემბერს. სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ “ლეგია და კომპანიაში”, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში გამოირჩეოდა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით, იყო არა ერთი ლიტერატურული ღონისძიების ორგანიზატორი თუ მონაწილე. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში.
დათო ქაქუთია ლექსებს წერს ფსევდონიმით - ერნესი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული “ფიქრები ჩარჩოში”.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზოთ მის რამდენიმე ლექსს.
თოვლი
ისევ თოვს და
სული
ისევ წაშლილ
ცაში იძირება,
თოვლის ფიფქთა ნაფიქრალი
ლოცვასავით იკითხება.
სითეთრეში ჩემი გრძნობა
შეშლილ სახით იღიმება,
ისევ თოვს და
სული
ისევ წაშლილ
ცაში იძირება,
თქვენ მშვენიერი აღნაგობის ხართ
თქვენ მშვენიერი აღნაგობის ხართ,
მუზამ არ მომცა ნება მოთმენის,
მიუწვდომელი ოცნებები მკლავს,
იმედიც არ სჩანს მათი მორჩენის.
აგიხსნათ, გითხრათ, როგორ მომხიბლეთ,
რაღა აზრი აქვს, ან რას მომიტანს,
თქვენ, ქალიშვილო, გული მოსწყვიტეთ
იმ ბაღში, სადაც სევდა მომირწყავს.
მე თქვენ პოეტის ხვედრს ვერ დამიშლით,
თუნდაც დაარქვათ ამ ლექსსაც ბოდვა,
საქართველოში ლამაზ ქალისთვის
თავის მოკვლაც ხომ არ არის ცოდვა.
ოთახი
თავი ივსება ფიქრებით,
როგორც საფერფლე ფერფლით,
დანიშნულებას კარგავენ
საათის ციფრები.
გადამიარეს სულზე
ბინძური ტერფით,
ოთახი ვაქციე
სურვილის სინჯარად,
რატომღაც ახლა
ისიც კი მიყვარს
ვინც ჩემთან ერთ დროს
რაღაცა მიქარა.
ახალი ვერაფერი
ვერ მითხრა სიზმარმაც,
მე მაინც წინ მივალ,
ვით ზღაპრის წიქარა,
მოუწევს უბრალოდ
დუმილი იმასაც,
ვინც ჩემი დაცინვა
ძალიან იჩქარა.
ლექსი აბსურდი
არა, არ ვხუმრობ, ეს სერიოზული ლექსია,
ამ დროს ხუმრობა მართლა არ მჩვევია,
ვიღაცეები ფეისბუკზე წერენ გიჟობებს,
ვირტუალურად ამსხვრევენ გრძნობების გისოსებს.
ამტკივდა თავი, სტრიქონებს ვამუქებ,
საკუთარ პოეზიას დაცლილ სივრცეში ვაშუქებ,
მადლობა იმათ, ვინც სიცოცხლე მაჩუქეს,
იმათაც, ვინ ჩემს გზებს წითელი აუნთეს.
არა, არ ვხუმრობ, ეს ლექსი-შოკია,
აზრები მიდიან, აზრები მოდიან,
ვიღაცეები ფულებში ცურავენ,
ვიღაცეები წებოს სუნთქავენ,
ასი ათასი პოეტიდან ნამდვილს ვერ ვარჩევ.
წავედი იქ, სადაც მძიმე როკს უკრავენ,
ვის რაში უნდა ეს ჩემი სიმართლეც.…
სანამ გამოვრთავ კომპიუტერს
სანამ გამოვრთავ კომპიუტერს,
მარტივ მუსიკას მოვუსმენ,
დაღლილ თვალებით ავანთებ
სიტყვებს, ლექსად რომ დამთავრდეს.
არა, პოეტი არ ვარ,
ეს საბოლოოდ გადაწყდა,
უბრალოდ, მაგრად ვაჯაზებ,
ახლაც, ჰო, ახლაც, ამაღამ.
ცარიელ ჭიქას შევავსებ,
ფიქრებს ხმამაღლა ვიყვირებ,
ცხოვრების ფერებს შევაჩვევ
ცეცხლზე დახატულ ბილიკებს.
ქარს ვატან თითქოს ნაფიქრალს,
ვწერ იმას, რაც გულს აჩნია,
მივათრევ ბიოგრაფიას,
ქარმა რომ შემომახია.
სანამ გამოვრთავ კომპიუტერს,
მარტივ მუსიკას მოვუსმენ,
დაღლილ თვალებით ავანთებ
სიტყვებს, ლექსად რომ დამთავრდეს.
თეთრი ბოდვა
მაგიდიდან ჩამოვარდა
ცარიელი ლუდის ქილა,
აპათიაც ვეღარ იტანს
გრადაციას,
უხეშ წვიმას სტუმრად იწვევს
ჩუმი დილა,
შუაღამემ თეთრი ბოდვით
სტრიქონებიც გადარია.
შენ მოხვალ
შენ მოხვალ ჩემთან აპრილის ფეთქვად,
ვგრძნობ და არ ვიცი მე როგორ დაგხვდე,
მზე ჩამოდნება ყვავილთა ლექსად
და გარიჟრაჟი გულისთქმას დახევს.
დახევს და დაყრის კვირტების კრებად,
მე იმედი მაქვს, შენ მიმიხვდები,
და თუ სიტყვები სდუმდნენ სიზმრებად,
შემოგაგებებ მათ წვიმის ხმებით.
საოცარია, მე ისევ ლექსს ვწერ,
გრძნობა პირობის დაცვას არ მაცლის,
ამ გაზაფხულზეც ჩემს თავს დავეძებ,
უშენობისგან ძლიერ გადაღლილს.
შენ მოხვალ ჩემთან აპრილის ფეთქვად,
ვგრძნობ და არ ვიცი მე როგორ დაგხვდე,
მზე ჩამოდნება ყვავილთა ლექსად
და გარიჟრაჟი გულისთქმას დახევს.
როცა ამ ლექსს წაგიკითხავ
როცა ამ ლექსს წაგიკითხავ მე შენ,
ჩემი ხმა და შემოდგომა დაგიკოცნის სახეს,
გაშლილ თმებში სუნთქვის კვალს თუ დავეძებ,
უცნაურად არ გეჩვენოს, ვნებას ვუგებ მახეს.
როცა ამ ლექსს წაგიკითხავ მე შენ,
დაცლილ ჭიქებს მზერით შევეხებით,
თვალებიდან გადმოცვენილ ცრემლებს
ნუ დამალავ, სიყვარულით თვრები.
როცა ამ ლექსს წაგიკითხავ მე შენ,
დარჩი ჩუმად, ნუღარ მეტყვი ნურაფერს,
თუ მე ფილტრთან გადავტეხავ სიგარეტს,
არ დაიბნე, ვხევ წარსულის სურათებს.
ნაწვიმარზე გავუყვებით ქვაფენილს,
აღარაფერს აღარ ვიტყვით ჩვენზე,
ერთად ვნახავთ სიზმარს უხმოდ გაფრენილს,
როცა ამ ლექსს წაგიკითხავ მე შენ.