09:29:51     28-05-2012
კრემლი და მისი მოკავშირეები: საქართველო ნატოში, 2008 წლის ომს უდრის
საქართველოს ნატოში შესვლა ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს - განაცხადა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა რუბენ საფრასტიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ალიანსის პრინციპზე, რომლის თანახმადაც წევრ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარებული უნდა ჰქონდეს, თუმცაღა საქართველო ამ პრონციპს ვერ აკმაყოფილებს.
„ამის გამო ნატომ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მე არ ვფიქრობ, რომ მის ხელმძღვანელობას ეს კარგად აქვს გააზრებული. თუკი ამ პირობებში ნატო მაინც მიიღებს საქართველოს, დაიწყება რუსული ფაქტორის აქტივიზაცია. რუსეთი, რა თქმა უნდა, საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვა, თუკი პროცესი რეალურ კონტურებს შეიძენს“ - განაცხადა სომეხმა ექსპერტმა და დიმიტრი მედვედევის განცხადება გაიხსენა იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა 2008 წელს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მცდელობა აღკვეთა.
„ანუ რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ თუკი საქართველოს არ აქვს ტერიტორიული მთლიანობა, ის ვერ შევა ნატოში. ხოლო თუკი ნატო თვალს დახუჭავს ამაზე და შეცვლის თავის მიდგომებს, რუსეთის მიდგომაც უფრო აქტიური გახდება“ - აცხადებს საფრასტიანი.
ის ასევე დარწმუნებულია, რომ ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა, გარდა იმისა, რომ გარედან რუსეთის გაღიზიანებასა და მისგან შესაბამისი ზომების მიღებას განაპირობებს, თავად საქართველოშიც გააძლიერებს რუსულ ძალებს.
ასეთ შემთხვევაში „საქართველო დასუსტდება“ - ამბობს ექსპერტი და განმარტავს, რომ „საქართველოს საშინაო ცხოვრებაში უფრო მეტად გააქტიურდებიან პრორუსული ძალები. არ ვფიქრობ, რომ საქართველო აქედან გაძლიერებული გამოვა“.
და ბოლოს. რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, თურმე, არც სომხეთს აწყობს, რადგან საფრასტიანის თქმით, სომხეთისთვის ახლა რეგიონში სტაბილურობისა და სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა აუცილებელი, რათა ეუთოს მინსკის ჯგუფმა მშვიდად იმუშაოს და ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „მშვიდ გარემოში“ აწარმოოს.
ნატოს ჩიკაგოს სამიტისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის კიდევ უფრო რეალურად დანახვის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს მხოლოდ სომეხი ექსპერტი არ ახსენებს. მოსკოვმა მაშინვე განაცხადა, რომ „ნატომ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან პრინციპული დასკვნები ვერ გამოიტანა“, რასაც რუსი ექსპერტების ერთი ნაწილიც ეთანხმება, რომელთაც მიაჩნიათ, რომ „ნატოს ჩიკაგოს სამიტმა შეიძლება ისეთივე როლი ითამაშოს, როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტმა“, ანუ, გააღიზიანოს რუსეთი და ისევ სამხედრო აგრესია გამოიწვიოს.
მეხუთე თუ მეექსვე ხმაში იმავეს იმეორებენ კრემლის რუპორი ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმები, რომლებსაც ჯერ ჩიკაგოს სამიტის, მერე კი, როგორც ჩანს, 26 მაისის აღლუმის შემდეგაც, თავის „პატრონებთან“ ერთად ბევრი უნერვიულიათ: ალიანსის ხელმძღვანელობისა და აშშ-ის მხარდაჭერა, რომელიც სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა, მათი თქმით, შესაძლოა „კატალიზატორი აღმოჩნდეს“ 2008 წლის მსგავსი მოვლენებისა. 26 მაისის აღლუმზე კი, განსაკუთრებით ყურადღებით ცხინვალის რეჟიმი ყოფილა, რომელსაც სათითაოდ დაუთვლია ქუთაისში გამოყვანილი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა, რომლის აღლუმზე დემონსტრირებასაც ცხინვალის „ოფიციალური“ საინფორმაციო სააგენტო „რეს“, „იარაღის ჟღარუნს“ უწოდებს.
0