09:03:40     28-05-2012
10 ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატი ხელოვნების ისტორიაში
როდესაც ვსაუბრობთ საუკეთესო ნახატებზე, ეს შეუძლებელი ხდება თითოული მათგანის შესაბამის კატეგორიაში განხილვის გარეშე, ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო ნახატებს, რომლებმაც ხელოვნების ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს.
No. 5, 1948 – ჯექსონ პოლოკი
ყველაზე ძვირადღირებული.
პოლოკის აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი და სტილი ადამიანებს ორ დიდ ჯგუფად ჰყოფს: ერთი, ვინც ფიქრობენ, რომ მან საღებავების წვეთების ხელოვნებად გამოცხადებით ისტორიაში დიდი როლი ითამაშა და მეორე, ვინც ფიქრობენ, რომ ამ ადამიანში არ არსებობდა არანაირი ნიჭი . თუმცა გარდა ამ ორი ჯგუფისა არსებობს კიდევ მესამე პატარა ჯგუფი, რომელიც აღმერთებს მხატვრის ნამუშევრებს და მზადაა გადაიხადოს მასში ისეთი თანხა, როგორიც არის 156,8 მილიონი დოლარი. ამ ფასად ეს ნახატი 2006 წელს აუქციონზე იყიდა ანონიმურმა მყიდველმა.
არნოლფინების ოჯახის პორტრეტი – იან ვან ეიკი
ყველაზე Easter Egg-ული.
ტერმინი Easter Egg ხელოვნებაში ხშირად გამოიყენება მხატვრების მიერ ფარული დეტალების გამოყენების აღსანიშნავად. იან ვან ეიკის ეს ნახატიც მათ რიცხვს განეკუთვნება. როდესაც თქვენ ამ ნამუშევარს შეხედავთ, დიდი შანსია, რომ ის ძველი ხელოვნების მორიგ ნამუშევრად მიიჩნიოთ და გამოგეპაროთ ყურადღებიდან ის ფაქტი, რომ ოთახში კედელზე ჩამოკიდებული სარკეში ირეკლება დამატებით ორი პერსონაჟი, აქედან ერთ-ერთი თვითონ მხატვარი. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ იან ვან ეიკმა სურათის ამ უმნიშვნელო ნაწილის დასახატად გამოიყენა გამადიდებელი შუშა, რადგან სარკეში თითოეული დეტალი მკაფიოდ ჩანს. ამ ხერხით მხატვარმა შექმნა ერთ-ერთი პირველი Easter Egg ნამუშევარი.
შავი კვადრატი – კაზმირ მალევიჩი
ყველაზე მარტივი
კაზმირ მალევიჩი აღიარეს როგორც სუპრემატიზმის ფუძემდებელი, რაც გულისხმობს მარტივი გეომეტრიული ფორმების შექმნას. ამ მხრივ შავი კვადრატი შეიძლება საუკეთესო მაგალითი იყოს, თუმცა ის უფრო გავს რეალური მხატვრობის პაროდიას. ამან თქვენ არ უნდა მოგატყუოთ, რადგან მალევიჩის თითოეული ნახატი ასევე მილიონები ღირს.
კომპოზიცია 8 – ვასილი კანდინსკი
ყველაზე ესთეტიური
კანდინსკიმ მთელი ცხოვრება გაატარა ფორმებისა და ფერების იდეალური კომბინაციის ძებნაში იმისათვის, რომ ეჩვენებინა ხალხისთვის, თუ როგორ ხედავდა ის სამყაროს. როდესაც თქვენ ამ ნახატს უყურებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ მხატვარი შიზოფრენიით იტანჯებოდა, მაგრამ რეალურად მას ჰქონდა სინესთეზია, რაც გულისხმობს რომ ადამიანს ესმის ფერი და ხედავს მუსიკას, ანუ ის სხვადასხვა გრძნობას აერთიანებს. ეს ფაქტი ხსნის მხატვრის ხელოვნებას და იმას, რომ ის ცხოვრობდა ფერად და მელოდიურ სამყაროში, რომლის აღქმაზეც ალბათ ბევრი ოცნებობს. კომპოზიცია 8 კი არის მინიმუმ ამ სამყაროს გადმოცემის მცდელობა, რაც მას ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად ხდის.
სამი მაისი 1808 – ფრანცისკო გოია
ყველაზე გაბედული
ნახატი გვიჩვენებს ნაპოლეონის რაზმის მიერ ბონაპარტის ესპანელი მოწინააღმდეგეების დახოცვას. ეს არც გმირულია, არც შთამაგონებელი და თქვენ ნათლად დაინახავთ შიშს მოხრილი კაცის თვალებში, რომელიც ელოდება მტკივნეულ სიკვდილს რამდენიმე წამში. გაბედულება გამოიხატება თვითონ მხატვრის ქცევაში, რადგან აქამდე ასეთი ნახატი არავის შეუქმნია, აქამდე იხატებოდა მებრძოლი ხალხის მხოლოდ პატივი და დიდება. გოიამ კი ამას ბოლო მოუღო.
გერნიკა – პაბლო პიკასო
ყველაზე უცნაური
პიკასოს გერნიკა ზომით არის ძალიან დიდი. მასში ადამიანები, ცხოველები და შენობები ასახულია პიკასოსთვის დამახასიათებელ სტილში. თუ ნახატს კარგად დააკვირდებით, შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ თავი, როდესაც შეამჩნევთ ადამიანების დამახინჯებულ სახეებს. სურათი საკმაოდ დამთრგუნველია, მაგრამ ის ასეთად იყო ჩაფიქრებული, რადგან მას უნდა აესახა ომის ყველაზე საშინელი მხარეები. გერნიკა საუკეთესო მაგალითია არა მარტო მხატვრის გამორჩეული და უცნაური სტილის, არამედ ის თან ატარებს ისეთ მესიჯს ომის წინააღმდეგ, როგორიც სხვა ხელოვნების ნიმუშებში არ შეგხვდებათ.
ამერიკული გოთიკა – გრანტ ვუდი
ყველაზე პაროდირებული
ამერიკული გოთიკა არის საუკეთესო მაგალითი სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნის. ეს ნახატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახა ხალხისთვის დიდი დეპრესიის დასაწყისში. ის გახდა უბედურებაში შეუდრეკელი სულის სიმბოლო, დროთა განმავლობაში კი ყველაზე სატირულ ნამუშევრად ამერიკის კულტურაში. დღესდღეისობით თითქმის ყველა სფეროში არსებობს ამერიკული გოთიკის პაროდია.
შვილისმჭამელი სატურნი – ფრანცისკო გოია
ყველაზე შემაძრწუნებელი
გოიას ეს ნახატი ყველა თავისი დეტალით, პერსონაჟებითა და მოქმედებით იწვევს ყველაზე საშინელ ემოციებს, მაგრამ ამ ნახატს თავისი ახსნა აქვს. გოიამ ასახა სატურნი, რომაელი ღმერთი, რომელიც ჭამს საკუთარ შვილს, რადგან წინასწარმეტყველების თანახმად ის შვილის ხელით იქნებოდა მოკლული. მიუხედვად იმისა, რომ ამ ნამუშევარში ყველაფერი ნათელია, რჩება მაინც რაღაც იდუმალი გოიას ნახატში, რომლის შექმნაც მან რატომღაც სასადილო ოთახში მოისურვა.
კემპბელის სუპის ქილები – ენდი უორჰოლი სუპი
ყველანაირი მხატვრული სტილის ყველაზე მეტად დამრღვევი
როდესაც ფიქრობთ არასიურეალისტურ და არააბსტრაქტულ მაგალითზე, რომელმაც იგნორირება გაუკეთა ხელოვნების სხვადასხვა კონცეფციებს, პირველ რიგში მოგაგონდებათ ენდი უორჰოლის ნამუშევრები, ხოლო როცა ფიქრობთ თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო მაგალითზე, გახსენდებათ კემპბელის სუპის ქილები, რომელიც ძალაინ ცოტა რამით ძალიან ბევრს გვეუბნება. უმთავრესად კი ეს არის მოსაწყენი ხილიანი თასის ერთგვარი კლიშეს პაროდია.
მონა ლიზა – ლეონარდო დავინჩი
ყველაზე ამოუცნობი
მონა ლიზაზე რაიმე ახლის თქმა შეუძლებელია. ის წლების განმავლობაში არის დავის საგანი. ამ ქალის ვინაობას ხან იმ დროის არისტოკრატ ქალებს მიაწერენ, ხან მოახლეებს, საბოლოოდ კი მისი სქესიც უარყვეს და მეცნიერების ნაწილი შეთანხმდა იმაზე, რომ ეს არის ლეონარდო და ვინჩის მეგობარი მამაკაცი, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ავტოპორტრეტია.
ეს პორტრეტი არის შეუფასებელი და ის ამიტომ არც დაზღვეულია. იმისათვის, რომ ნამუშევარი ყველანაირად იყოს დაცული, ლუვრში სპეციალურად მისთვის აიგო შუშის პატარა ტყვიაგაუმტარი ოთახი, რომელიც მუზეუმს 7 მილიონ დოლარად დაუჯდა.
0