მოსკოვური რევიზია სოხუმსა და ცხინვალში მოსკოვური რევიზია სოხუმსა და ცხინვალში />


  09:02:09     28-05-2012

მოსკოვური რევიზია სოხუმსა და ცხინვალში

a18567.jpg

რუსეთმა ცხინვალის რეგიონის შემოწმება უკვე დაიწყო, რაც მარიონეტული ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება. მსგავსი რამ სოხუმში ანქვაბის მოსვლის შემდეგაც მოხდა. აი, როგორ ჩაიარა იქ რუსულმა  „რევიზიამ“. მას შემდეგ, რაც სექტემბერში ანქვაბი „ხელისუფლებაში“ მოვიდა, მრავალი პროგრამა, რომელიც მანამდე რუსეთიდან ფინანსდებოდა, გადაიხედა.

ერთ–ერთი მათგანი რკინიგზა გახლდათ. ეს პროექტი ახლა ჰაერშია გამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის  აღსადგენად სოხუმმა, ბაღაფშის დროს, მოსკოვისგან ორ მილიარდ რუბლზე მეტი თანხის კრედიტი მიიღო, რომელიც თავის მხრივ მარიონეტულმა ხელისუფლებამ გზების გარემონტების მიზნით „რუსეთის რკინიგზას“ გადაულოცა. თუმცა, საბოლოოდ, თანხა ისე გაიხარჯა, რომ სად წავიდა და რას მოხმარდა, ღმერთმა უწყის.

ფაქტია, რკინიგზის რემონტი დაწყებითაც კი არ დაუწყიათ. თუმცა, „აფხაზეთის მთავრობას“  მოსკოვიდან შესრულებული სამუშაოს მიღების აქტზე ხელმოწერა მაინც მოსთხოვეს. ოღონდ, აფხაზებმა ამჯერად  დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს  და ახლა ამ საკითხზე მოსკოვსა და სოხუმს შორის „ დიდი გარჩევები“ მიმდინარეობს. რაც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში საქმე, მათი განმარტებით, საერთაშორისო დონის კონფლიქტს ეხება.

თუმცა მრავალი პროექტია ისეთი, რომლებზეც მოსკოვმა თანხები გასცა, მაგრამ ისინი ადგილობრივ, სოხუმურ მასშტაბებს უკავშირდება და ამიტომ დახარჯული ფულის მოძიებაზე თავს არავინ იწუხებს. არადა, ასეთ პროექტებშიც საკმაოდ შთამბეჭდავი თანხებია ჩადებული. ამის დასტურად მოვიყვანთ თუნდაც ერთ მაგალითს. კერძოდ, ქალაქ გაგრაში, წყალსადენის რემონტის პროექტი მთლიანად შეწყვეტილია. არადა მასზე 800 მილიონი რუბლი გამოიყო.

რამდენიმე ათეული მილიონი რუბლი მთლიანი თანხიდან მართლაც გაიხარჯა, მაგრამ შემდეგ, რაც ანქვაბი მოვიდა „ხელისუფლებაში“, პროექტიც დამუხრუჭდა. შესაბამისად, დაფინანსებაც შეწყდა. აფხაზეთის „გენპროკურატურამ“ და სხვა შემმოწმებელმა სტრუქტურებმა შეამოწმეს ის კანტორა, რომელსაც „აფხაზწყალკანალსერვისს“ ეძახიან და ამ აღდგენითი სარემონტო სამუშაოები შესრულება ევალებოდა.

საბოლოოდ, სამუშაოების გაგრძელებაზე ამ ფირმას უარი ეთქვა. ცოტა ხნის წინ ანქვაბმა ამ ფირმის საქმიანობა ფულის ჩაჯიბვის მიზნით ჩატარებულ კლასიკურ აფერად მოიხსენია. თუმცა, დასჯით მაინც არავინ დაუსჯიათ. პროექტის განხორციელება კი  სხვა ფირმას დაავალეს და ამით ყველაფერი მორჩა. მსგავსი მასშტაბის კიდევ რამდენიმე პროექტი დროებით დამუხრუჭებულია, მაგრამ მითვისებული ფულის ამოღებაზე არავინ ფიქრობს.

მართალია, იმ ხალხზე, ვინც ფული შეჭამა, სისხლის სამართლის საქმეები კი აღძრეს, მაგრამ დაკავებით არავინ დაუკავებიათ. გავრცელდა ხმა, თითქოს ისინი ამ თანხას ჩუმ–ჩუმად უკან აბრუნებენო და ამით ყველაფერს წერტილი დაესვა.

მით უმეტეს, რომ ახლა „მსგავსი წვრილი საქმეებისთის“ არავის სცხელა აფხაზეთის „გენპროკურატურაში“, რადგანაც ისინი „ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოძიებით“ არიან დაკავებულნი. ამიტომ ახლა მოსახლეობის ფიქრი გადართულია არა კორუფციასთან ბრძოლაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად შორსმიმავალი აღმოჩნდება “ანქვაბის საქმე“.

ვარაუდობენ, როცა ამ „საქმეს“ გამოიძიებს „გენპროკურატურა“, შემდეგ გადაერთვება კორუფციის  საკითხებზეო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამის ნამდვილად სჯერათ. რადგან იმასაც არ მალავენ, რომ დროთა განმავლობაში მსგავს საქმეებს ნელ–ნელა დახურავენო, „სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის“ გამო.

სავარაუდოდ, მოსკოველი „რევიზორები“ ცხინვალშიც მსგავსი სქემით იმოქმედებენ.  წინასწარ უკვე იმასაც კი ამბობენ, ვინც რუსული ფულები ჭამა, ხახვივით შერჩებათო და ნამდვილად რომ ასე იქნება, სოხური გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვსგარეშეა.

0

ავტორი: