ტომას მურის უარი ბრიტანეთის სამეფო კარისადმი ტომას მურის უარი ბრიტანეთის სამეფო კარისადმი />


  08:32:07     28-05-2012

ტომას მურის უარი ბრიტანეთის სამეფო კარისადმი

a18560.jpg

1779 წლის 28 მაისს დაიბადა დიდი ირლანდიელი პოეტი თომას მური. ირლანდიური რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

დაიბადა წვრილი ვაჭრის კათოლიკურ ოჯახში. პოეზიით გატაცებული იყო სიყმაწვილიდან. 14 წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი ლექსი ჟურნალში „ირლანდიური ანთოლოგია“. თანამშრომლობდა დუბლინში გამომავალ ჟურნალებთან.

მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ირლანდიურმა ფოლკლორმა.

19 წლის ასაკში დაამთავრა დუბლინის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში დაუახლოვდა „გაერთიანებული ირლანდიელების“ ( United Irismen)  წრეს და მისი ლიდერებს, რომლებიც შემდგომში ირლანდიის თავისუფლებისათვის ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში. მათ შორის იყვნენ ძმები ემეტები. 1798 წელს აჯანყება წამოიწყო ამ ორგანიზაციამ, მაგრამ ხელმძღვანელები წინასწარ დააპატიმრეს და ამიტომ აჯანყებამ წარმატებას ვერ მიაღწია. გარდა ამისა, ირლანდიის არისტოკრატია არ უჭერდა მხარს აჯანყებას, ვინაიდან „გაერთიანებული ირლანდიელების“ ლიდერებს უნდოდათ არისტოკრატიის პრივილეგიების გაუქმება, დემოკრატიული რეფორმების გატარება, ირლანდიის მომავალ რესპუბლიკაში.

ტომას მურის ამხანაგი, რობერტ ემეტი, შემდეგში კვლავ შეეცადა შეიარაღებული აჯანყების მოწყობას ინგლისელების წინააღმდეგ, მაგრამ 1803 წელს იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. რობერტ ემეტის სიკვდილით დასჯამ ძალიან იმოქმედა პოეტზე.

1799 წელს ტომას მურს მიანიჭეს ბაკალავრის ხარისხი. გადასახლდა ლონდონში.

1800 წელს გამოსცა „ანაკრეონის ოდები“, ერთი წლის მერე კი პოემების კრებული (Poems by the late Thomas Little). მალე მოიპოვა პოპულარობა. შესთავაზეს სამეფო კარის პოეტობა, რაზეც უარი თქვა. საადმირალოს რეგისტრატორად მუშაობდა ბერმუდის კუნძულებზე. შემდეგ ამერიკაში ჩავიდა. ამერიკა მაშინ ლიბერალებისთვის საოცნებო ქვეყნად ითვლებოდა. 1806 წელს გამოსცა კრებული, სადაც უარყოფითად მოიხსენიებდა შეერთებულ შტატებს და მის ინსტიტუციებს.

1807 წელს გამოსცა კრებული, „ირლანდიური მელოდიების“ პირველი ნაწილი, შემდეგ „ეროვნული მოტივები“ და „რელიგიური სიმღერები“. მისი ლექსებისთვის იქმნებოდა მელოდიები კომპოზიტორების მიერ. 1815 წელს გამოქვეყნდა მისი „ლალა რუხი“ (Lalla Rookh), ერთ სიუჟეტზე აგებული ოთხი პოემით გადმოცემული რომანი. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები აღმოსავლურ თემებზეა აგებული, მასში ხედავენ ირლანდიურ მოტივებს, ირლანდიის თავისუფლებისათვის მებრძოლთა პროტოტიპებს.

გამოცემული აქვს სხვა წიგნებიც. წერდა ბიოგრაფიებს, მან დაწერა ბაირონის ბიოგრაფიაც, რომელიც შედევრად ითვლება. ბაირონსაც აქვს მიძღვნილი ლექსი ტომას მურისადმი. ისინი მეგობრობდნენ.

1811 წელს იქორწინა ირლანდიელ მსახიობზე, ელიზაბეთ დაიკზე. სამწუხაროდ შვილები გარდაეცვალათ.

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1852 წლის 25 თებერვალს.

დამსხვრეული იმედები

(თარგმნა ხათუნა ბოლქვაძემ)

ვგრძნობდი, ვიცოდი
 მშვენიერი მქონდა წარსული
 და გზა განვლილი
 ნათელია, აწ დაკარგული.

 ყრმობის ჟამიდან მოყოლებული,
 ვიხილე ჩემი ოცნების მსხვრევა,
 როგორც ყვავილი მოღერებული,
 სულ მთლად დაჭკნება და დაილევა...

0

ავტორი: