ანჟეი ტიშკევიჩი : გალის შეხვედრები უნდა განახლდეს ანჟეი ტიშკევიჩი : გალის შეხვედრები უნდა განახლდეს />


  08:02:36     28-05-2012

ანჟეი ტიშკევიჩი : გალის შეხვედრები უნდა განახლდეს

a18554.jpg

უკვე ერთი თვე გავიდა მას  შემდეგ, რაც საქართველოში ევროპელ მეთალყურეთა თავკაცი, ანჟეი ტიშკევიჩი სოხუმელმა მარიონეტებმა „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს და გალის შეხვედრებიც შეწყდა. მას მერე ტიშკევიჩი ამის თაობაზე კომენტარს არ აკეთებდა. თუმცა, მარიონეტთა „განრისხების მიზეზად“ ტიშკევიჩთან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ, ვიაჩესლავ ჩიკირბასთან კონფლიქტი სახელდებოდა. ამ უკანასკნელის ღრმა რწმენით, ტიშკევიჩი აფხაზური მხარის პოზიციას უგულვებელყოფდა მათთვის მიუღებელი ფორმით. ცნობილია, რომ მარიონეტებისთვის ურთიერთობათა მისაღები ფორმა მხოლოდ ისაა, რასაც რუსები იტყვიან. ტიშკევიჩი კი რუსი არ არის და, ცხადია, არც რუსულად აზროვნებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ თემას ამ ხნის მანძილზე ტიშკევიჩი არ გამოხმაურებია და ალბათ, ამას არც 25 მაისს  ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებათა ერგნეთის შეხვედრაზე გეგმავდა. ამიტომ, ინტერნეტ–პორტალ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით,  იგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირდაპირ მანქანისკენ გაემართა, მაგრამ გარს სასწრაფოდ ჟურნალისტები შემოეხვივნენ და ისიც იძლებული გახდა დუმილი დაერღვია.

ანჟეი ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ გალის შეხვედრები უნდა განახლდეს. მისი თქმით, „მხარეებს  ბრწყინვალედ ესმით ერთმანეთის“ რამაც მისიის ხელმძღვანელი ოპტიმისტურად განაწყო. თუმცა, როცა სოხუმის პრეტენზიებზე დაუსვეს შეკითხვა, მაინც და მაინც არ ესიამოვნა, მაგრამ პასუხისგან თავი არ შეუკავებია: „რა უნდა ვთქვა გალის შეხვედრების შესახებ? ჩვენ აქ ერგნეთში შევხვდით ერთმანეთს და, მოდით, ამაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება გალის შეხვედრებს, ვნახოთ, – მოკლედ მოჭრა მან და მანქანის კარის სახელურს მოჰკიდა ხელი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ წასვლას აპირებდა.

„გაგრძელდება შეხვედრები?“ – არ მოეშვა ერთ–ერთი ჟურნალისტი.

„ვფიქრობ, ის უნდა განახლდეს, რადგანაც სხვა გამოსავალი, გარდა საუბრებისა, დისკუსიებისა და შეხვედრებისა, არ არსებობს.მხოლოდ ერთმანეთს თუ შევხვდებით და  ვილაპარაკებთ, შევძლებთ ადამიანების დახმარებასა და გადავწყვეტთ პრობლემებს“, –  განმარტა მან.

ახლა ორ კვირაზე ცოტათი ნაკლებ დროში, ტიშკევიჩს სოხუმის წარმომადგენლებთან ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე მოუწევს შეხვედრა. ასე რომ, ვნახოთ, რა გადაწყდება იქ. სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, განახლდება თუ არა გალის შეხვედრები.

0

ავტორი: