ამერიკულ-კავკასიურ-რუსული გამოძახილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამერიკულ-კავკასიურ-რუსული გამოძახილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს />


  16:46:16     26-05-2012

ამერიკულ-კავკასიურ-რუსული გამოძახილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

a18524.jpg

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი კავკასია“, რომელიც დანიაში 2008 წელს დაფუძნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართულ სახელმწიფოს გამძლეობას უსურვებს „რუსეთის იმპერიული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ყველა იდეოლოგიურ და შეიარაღებულ პროვოკაციას იყენებს, რათა ჩამოაგდონ კანონიერი ხელისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახით და ქართული სახელმწიფო თავისი გავლენის სფეროში დააბრუნონ“ - ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა, ასევე აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  მიერ გაჟღერებულ იდეას თავისუფალი კავკასიის შესახებ. წევრები ამ საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს საქართველოს, აზერბაიჯანის, ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის წარმომადგენლებს, სოლიდარულნი არიან საერთაშორისო არენაზე ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და დიპოლომატიური ნაბიჯების მიმართ, კერძოდ, „2008 წელს რუსი აგრესორების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების საკითხის მიმართ“ - აღნიშნულია განცხადებაში.

„თავისუფალი კავკასიის“ სახელით გამოქვეყნებული დღევანდელი დღის მილოცვის ავტორები წერენ, რომ საქართველოში რუსეთის მორიგი შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, ორგანიზაციის წევრები მზად არიან, საერთოკავკასიური სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა აღმოუჩინონ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი კავკასია“ 2008 წელს დანიაში დაფუძნდა. დამფუძნებელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩეჩნეთის წარმომადგენლები. მოძრაობის მიზანია მსოფლიოში მიმოფანტული კავკასიის დიასპორების გაერთიანება, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, რამაც შედეგად კავკასიის მრავალეროვანი კულტურის, ენების, ტრადიციებისა და წესების შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი, ისევე როგორც, ერთობლივ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ და საინფორმაციო მოღვაწეობას „კავკასიაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ“.

დამოუკიდებლობის დღის მისალოცი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიიდან მოკლე საინფორმაციო ცნობასაც შეიცავს: საქართველოს პირველი დემოკრატიულმა მთავრობამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება - 1921 წლის თებერვლამდე, როცა საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. 1922 1991 წლებში საქართველო სსრკ-ის შემადგენლობაში იყო. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წლის 31 მარტს აღდგა, როცა ჩატარდა საერთო-სახალხო რეფერენდუმი და მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. 9 აპრილს კი რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული.

ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე უკვე მიულოცეს უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსის პრეზიდენტებმა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელმაც მილოცვა ამერიკელი ხალხისა და ბარაკ ობამას სახელით გააკეთა. „მოხარული ვარ, პრეზიდენტ ობამასა და შეერთებული შტატების ხალხის სახელით, საქართველოს მოქალაქეებს გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენი დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“ - ნათქვამია კლინტონის საგანგებო განცხადებაში. „რამდენიმე დღეში საშუალება მექნება, ვესტუმრო ბათუმს და ვიგრძნო ქართველი ხალხის სითბო, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მომავალი განვითარებისადმი“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ის აღნიშნავს, რომ წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი შესრულდა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. შესაბამისად, „შეერთებული შტატები კვლავაც დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - აღნიშნავს კლინტონი და დასძენს - „ჩვენ მხარში ვედექით საქართველოს ხალხს 20 წლის წინაც, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, და თქვენთან ვართ დღესაც.“

მოლოცვა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მოსკოვიდან, თუმცა რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, ისევე, როგორც კრემლი, აქტიურად ადევნებენ თვალს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. განსაკუთრებით კი სამხედრო აღლუმს და პირველი, რაც მტკივნეულად აღიქვეს, ის არის, რომ „აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო ორკესტრები“ - წერენ რუსული გაზეთები და აზუსტებენ, რომ„სპეციალურად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ჩავიდა ნატოს 5 ქვეყნის სამხედრო ორკესტრი - პოლონეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და უნგრეთიდან“. მოსკოვის ყურადღების ცენტრშია, ასევე,  იქნება ქართული სამამულო სამხედრო ტექნიკა, რომელიც აღლუმზე იქნება დემონსტრირებული. „აღლუმის დროს, საქართველოს არმია პირველად მოახდენს ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებას, ესენია - „დიდგორი“, „ლაზიკა“, უპილოტო თვითმფრინავები,“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები“ - შენიშნავს რუსული მედია.

0

ავტორი: