Amnesty International რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ამხელს Amnesty International რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ამხელს />


  13:19:42     25-05-2012

Amnesty International რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ამხელს

a18492.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International–ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია,  რომ რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული სიტუაცია, წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა.

როგორც Amnesty International აღნიშნავს, რუსეთის სიტუაცია ხასიათდება კრებებისა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევით, ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობით. ადამიანის უფლებათა დამცველებს მრავალი კითხვა უჩნდებათ იმ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლო პროცესებსა და ასევე პუტინის პოლიციის მიერ დაკავებულთა წამების შემთხვევებს ეხება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი სერიოზულად შეიცვალა: „ის დემონსტრაციები, რომლებიც დუმის არჩევნებს მოჰყვა, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ყველაზე მასშტაბურია“.

ამასთან, ოპოზიციონერები მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ანგარიშის ტექსტში ნახსენებია „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი, სერგეი უდალცოვი, რომელიც პუტინის დამსჯელებმა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მსვლელობისას ათზე მეტჯერ დააკავეს.

გასულ კვირას კი Amnesty International–მა უდალცოვი და ნავალნი სინდისის პატიმრებად გამოაცხადეს. მაისში ისინი პუტინის პრეზიდენტად კურთხევის შემდეგ მოსკოვის ბულვარებში „ოპოზიციის სეირნობისას“ დააკავეს. მათი დაკავების ოფიციალური ფორმულირება კი ასე ჟღერდა: „სამართალდამცველი ორგანოების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“.

საერთაშორისო მასშტაბში ანგარიშის მთავარი დასკვნა გაეროს უშიშროების საბჭოს ეფექტურობასაც ეხება: „მან საკუთარი თავი ამოწურა და დროის მოთხოვნებსა და მის წინაშე მდგარ ამოცანებს არ პასუხობს“. Amnesty International ყურდაღებას აქცევს ასევე სირიაში – „სახელმწიფოში, რომელიც რუსული იარაღის ერთ–ერთ მთავარ შემსყიდველს წარმოადგენს“, არსებულ სიტუაციას.

Amnesty International–ის გენერალურ მდივანმა, სალილა შეტტიმ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სისხლის საერთაშორისო სამართლის განხილვის საგნად უნდა იქცეს.

„თუმცა, იმის გამო, რომ გაეროს ზოგიერთი წევრი სირიის ნებისმიერი ხერხით დაცვას ცდილობს, საეჭვოა, რომ კაცობრიობის წინაშე დამნაშავენი დაისჯებიან“, – დაასკვნა შეტტიმ.

ყოველივე ამას გარდა, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იარაღით ვაჭრობის თაობაზე მკაცრი საერთაშორისო შეთანხმების უმოკლეს დროში ხელმოწერის აუცილებლობაზე, რაც ადამიანის უფლებათა დამრღვევებს შესაძლებლობას არ მისცემდა იარაღი და ტყვია–წამალი შეეძინათ.

0

ავტორი: